გაიცანით Sora, OpenAI-ს ახალი მოდელი, რომელიც ვიდეოს ტექსტური აღწერის მიხედვით ქმნის
პოპულარული ჩატბოტის ChatGPT შემქმნელმა კომპანია OpenAI-მ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ახალი ვიდეოგენერატორი წარადგინა. ის Sora-ს სახელითაა ცნობილი და კადრების დასაგენერირებლად მხოლოდ მცირე ტექსტური აღწერა სჭირდება.
Google-ს იმავე სახის პროდუქტის, Lumiere-ს, მსგავსად, მისი ხელმისაწვდომობა შეზღუდულია და, მისგან განსხვავებით, 1-წუთიანი ვიდეოების შექმნა შეუძლია. როგორც ცნობილია, პირველ ჯერზე Sora-თი ის ადამიანები ისარგებლებენ, რომლებიც მისინფორმაციისა და ინტერნეტსივრცეში სიძულვილის ენის საკითხებში ექსპერტები არიან, რათა ახალი სისტემა გამოცადონ.
ასევე, Sora ხელმისაწვდომი იქნება ვიზუალური ხელოვანებისთვის, დიზაინერებისთვისა და რეჟისორებისთვის, რომლებიც ამ მოდელს სხვა კუთხით შეაფასებენ. ეს ტესტირება მნიშვნელოვანია, რადგან თანამედროვე მსოფლიოში ე.წ. დიფ ფეიქ ვიდეოების პრობლემა სულ უფრო აქტუალური ხდება, ამიტომ უსაფრთხოების გარანტია მნიშვნელოვანია.
ახალ ვიდეოგენერატორს ის გამოარჩევს, რომ მოკლე აღწერების გარდა საკმაოდ დიდ ტექსტებსაც მარტივად აანალიზებს. მაგალითად, მას შეუძლია, 135-სიტყვიანი აღწერა გამოიყენოს. ის, ასევე, საკმაოდ მრავალფეროვან ვიზუალურ მასალას აგენერირებს, იქნება ეს ცხოველები, ადამიანები, ბუნება, ურბანული გარემო თუ სხვა. ერთი მხრივ, ეს კომპანიის სხვა მოდელის, Dall-E 3-ის, ტექნოლოგიის დამსახურებაა.
შედეგად მიღებული ვიდეო ძალიან რეალისტურია და აღწერას კარგად აკმაყოფილებს.
"მოდელი არა მხოლოდ მომხმარებლის აღწერით ბრძანებას აღიქვამს, არამედ იმასაც ითვალისწინებს, თუ როგორ არსებობს ესა თუ ის ობიექტი ფიზიკურ სამყაროში", — წერია OpenAI-ს განცხადებაში.
Sora-ს ვიდეოების შექმნა სურათების მიხედვითაც შეუძლია. ასევე, უკვე არსებული ვიდეოების განვრცობა და ნაკლული კადრების შევსება.
OpenAI აღნიშნავს, რომ მის ახალ სისტემას გარკვეული სისუსტეებიც აქვს, როგორიცაა რთული სცენების ფიზიკის გამოსახვა და მიზეზ-შედეგობრიობის გაგება. მაგალითად, თუ ვიდეოში ადამიანი ნამცხვარს ჩაკბეჩს, შესაძლოა, მასზე მოკბეჩილი ნაწილი ისევ ადგილზე იყოს. Sora-ს მარჯვენისა და მარცხენის გარჩევაც უჭირს.
კომპანიაში ამბობენ, რომ სანამ Sora ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება, მისი უსაფრთხოებისთვის უზრუნველსაყოფად რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო.
კომენტარები