რა ხდება: ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა, მრჩევლად დანიშნა ქართული ოცნების მაღალჩინოსნებთან და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ოჯახთან დაკავშირებული ბიზნესმენი, ასევე, მმართველი პარტიის მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის დონორი, ვასილ ბაბლუანი.

  • მის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს.
  • ორგანიზაცია, ბაბლუანის შესახებ წერს, რომ მას სახელმწიფოსგან მილიონები აქვს მიღებული, უძრავი ქონება კი 1 ლარად გადაეცა;
  • ბაბლუანის ორი კომპანია კრიპტობიზნესშია ჩართული;
  • და მას შეაქვს თანხები მმართველი პარტიის სალაროში.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ანტიკორუფციული ბიურო განსაზღვრავს ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგად პოლიტიკას, ეროვნულ ანტიკორუფციულ სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას.

▪️ კანონის მიხედვით, ბიუროს საქმიანობის პრინციპებია: კანონიერება; ადამიანის ძირითადი უფლებების პატივისცემა; დამოუკიდებლობა; ობიექტურობა და მიუკერძოებლობა, მათ შორის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი; პროფესიონალიზმი და ეფექტიანობა; კანონით დადგენილ ფარგლებში გამჭვირვალობა; საიდუმლოებისა და კონფიდენციალურობის დაცვა.

"ვასილ ბაბლუანის შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე, მისი განათლებისა და გამოცდილების შესახებ, არც იმის თაობაზე, თუ რომელი დარგობრივი, ან სექტორული მიმართულებით გასცემს იგი რჩევებს ბიუროს მრჩევლის რანგში", — აცხადებს TI და მოუწოდებს ანტიკორუფციულ ბიუროს, გაასაჯაროოს ინფორმაცია ბიუროს მრჩევლების შესახებ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო: "ნაცვლად იმისა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მაკოორდინირებელი პასუხისმგებელი უწყება თავად გამოირჩეოდეს ღიაობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხით, ანტიკორუფციულმა ბიურომ საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში 22 დეკემბერს დახურულ ფორმატში წარადგინა. როგორც პრესრელიზიდან ირკვევა, ბიუროს უფროსმა ყურადღება არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობაზეც გაამახვილა, თუმცა ბიუროს არც ამ ანგარიშის პრეზენტაციაზე და არც სხვა ღონისძიებებზე ანტიკორუფციული საბჭოს წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები არ მიუწვევია. წარდგენილი ანგარიში ბიუროს ვებგვერდზე ამ დრომდე არ არის ხელმისაწვდომი."


სახელმწიფოსგან მიღებული მილიონები და უძრავი ქონება 1 ლარად

ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

ვასილ ბაბლუანი საპარტნიორო ფონდის და სახელმწიფო პროგრამის, აწარმოე საქართველოში ბენეფიციარიცაა, — აცხადებს TI. ორგანიზაციის თანახმად, ვასილ ბაბლუანმა და მისმა ბიზნესპარტნიორებმა, მმართველი პარტიის სასარგებლოდ, ჯამში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გაიღეს.

  • ვასილ ბაბლუანის კომპანიებმა სახელმწიფოსგან, კერძოდ კი საპარტნიორო ფონდისგან (2023 წლიდან: საქართველოს განვითარების ფონდი) ორ პროექტზე მიიღეს დაფინანსება: ქართული სანაშენე ღორის ფერმა რაჭაში და კერამიკული აგურის ქარხანა.
  • ორივე პროექტი კომპანია შპს ჯეეს იბერია ქონსალთინგის მიმდინარე ბიზნესპროექტებია. ამ კომპანიის 40%-იან წილს საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქე, ემზარ ნოზაძე ფლობს.
  • ემზარ ნოზაძე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის ძმაა, რომელიც უჩა მამაცაშვილის სიძეა.
  • უჩა მამაცაშვილი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი და მისი ნდობით აღჭურვილი პირია.

TI იუწყება, რომ ღორების ფერმის პროექტის ღირებულება 700 000 დოლარია, საიდანაც ფონდის თანამონაწილეობა 50%-ია. პროექტის უშუალო განმახორციელებელი კომპანიაა შპს ნატივე ჯორჯიან, რომელიც 2016 წლის მარტში დარეგისტრირდა და სადაც ვასილ ბაბლუანი 49%-იან წილს ფლობს.

"სტუდია მონიტორის გამოძიების მიხედვით, გარდა თანამონაწილეობისა, ბიუჯეტიდან დამატებით 700 000 ლარამდე თანხა დაიხარჯა ღორების ფერმამდე მისასვლელი გზის დაგებისთვის", — აღნიშნავს ორგანიზაცია.

რაც შეეხება აგურის ქარხანას კასპში, პროექტი 3,2 მილიონი დოლარის ინვესტიციას მოითხოვს და აქედან საპარტნიორო ფონდის თანამონაწილეობა 34%-ია.

  • პროექტის განმახორციელებელი კომპანიაა შპს კერამიკა ელ ტორენტე +, რომლის 24.5% წილს ვასილ ბაბლუანი ფლობს, 25%-ს — ბიძინა სონღულაშვილი, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ძმაა.
დავით სონღულაშვილი, საქართველოს X მოწვევის დეპუტატი "ქართული ოცნებიდან"

დავით სონღულაშვილი, საქართველოს X მოწვევის დეპუტატი "ქართული ოცნებიდან"

ფოტო: საქართველოს პარლამენტი

  • კომპანიის დარჩენილ 50.5%-ს შპს სონნეთ ქონსთრაქშენი ფლობს, რომლის 72%-ს იოსებ სონღულაშვილი, დავით სონღულაშვილის კიდევ ერთი ძმა, ფლობს.
  • საინტერესოა, რომ საპარტნიორო ფონდის თანახმად, პროექტში ჩართულნი არიან ბანკი ქართუ და სახელმწიფო პროგრამა აწარმოე საქართველოში.
  • ფონდის წილი 1.1 მილიონი დოლარია.

2018 წელს საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ბაბლუანის კომპანიამ კასპში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 28 155 კვ.მ მიწა მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით 1 ლარად მიიღო 492 912 ლარის საინვესტიციო ვალდებულებით, რომლის შესრულების ვადაც სახელმწიფომ 2-ჯერ გაუხანგრძლივა, — აცხადებს TI.

კრიპტობიზნესი

ვასილ ბაბლუანის ორი კომპანია შპს ნოვა ჰიდრომაინინგ და სს ნოვა ჰოლდინგს კრიპტობიზნესშია ჩართული.

  • კომპანიის ვებგვერდის მიხედვით, NOVA Hydromining მდებარეობს საქართველოს ორ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში — ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასა და თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში და გრძელვადიანი ხელშეკრულებით ფლობს 1500 მ2 მიწის ნაკვეთს მაინინგ-საქმიანობის განსახორციელებლად.

სტრიქონებს შორის: თავუსუფალ ინდუსტრიულ ზონაში მდებარე კომპანიები გათავისუფლებული არიან მოგების, ქონებისა და დამატებითი ღირებულების გადასახადისგან (დღგ).

  • "კრიპტობიზნესში ჩართული კომპანიებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღგ-სგან გათავისუფლებაა, რადგან ამგვარად ისინი მოხმარებულ ელექტროენერგიაზე 18%-ით ნაკლებს იხდიან. მსგავსი კომპანიები დიდი მოცულობის ელექტროენერგიას მოიხმარენ, თუმცა ბევრ სამუშაო ადგილს არ ქმნიან და სახელმწიფო გადასახადების ნაწილისგან გათავისუფლებული არიან, რაც მათთვის სასათბურე პირობებს ქმნის და მაღალ მოგებას უზრუნველყოფს", — წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო.

ორგანიზაცია, ასევე აღნიშნავს, რომ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75%-იანი წილის მმართველი კომპანიის წილებს ბიძინა ივანიშვილი და ვანო ჩხარტიშვილი ფლობენ.

ფოტო: ქართული ოცნება

რაც შეეხება თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას, TI-ის თანახმად, 2015 წელს მისი შექმნა ასევე უკავშირდებოდა ბიძინა ივანიშვილს, მის დაინტერესებას მაინინგ ბიზნესით და ამ სფეროში ინვესტიციის ჩადებას მისი პირადი საინვესტიციო ფონდის — თანაინვესტირების ფონდის მიერ.

TI: "გარდა ამისა, ბაბლუანის NOVA Hydromining-ის კორპორატიული სტრატეგიის გუნდის წევრია დავით ებრალიძე, რომელიც ამავდროულად ფოთის თიზ-ის დირექტორიცაა. ებრალიძე ჩხარტიშვილის ოჯახის რამდენიმე კომპანიის დირექტორიცაა. მათ შორის, საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაციის, რომლის პრეზიდენტი თავად ვანო ჩხარტიშვილია.

  • კრიპტობიზნესში ბაბლუანის ერთ-ერთი ბიზნესპარტნიორი ხუან დე ბაგრატიონ დე ულოა, იგივე იოანე ბაგრატიონ-მუხრანელია, რომელიც თავის მხრივ საერთო ღვინის ბიზნესს ფლობს ივანე ჩხარტიშვილის შვილთან. ბაგრატიონის მეუღლე, ქრისტინე ძიძიგური, 2018 წლიდან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეა. ბაგრატიონის შვილის ნათლიები ივანე ჩხარტიშვილი, თორნიკე რიჟვაძე და ვასილ ბაბლუანი არიან."

თანხა მმართველი პარტიის სალაროში

2013-2021 წლებში ვასილ ბაბლუანმა და მისმა ბიზნესპარტნიორებმა „ქართულ ოცნებას“ და სალომე ზურაბიშვილს ჯამში 501 000 ლარი შესწირეს. მათ შორის, ემზარ ნოზაძემ 135 000 ლარი, ბიძინა და იოსებ სონღულაშვილებმა 270 000 ლარი, ხოლო თავად ვასილ ბაბლუანმა - 10 000 ლარი.

გაიგე მეტი: კორუფცია ივანიშვილის ჩრდილქვეშ? — მინიშნებები ახალი ანგარიშიდან