დადგინდა, რატომაა შარდი ყვითელი — მეცნიერებმა ამაზე პასუხისმგებელი ფერმენტი აღმოაჩინეს
მერილენდის უნივერსიტეტისა და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტების (NIH) მკვლევრებმა დაადგინეს, რატომაა შარდი ყვითელი ფერის. ეს ბიოლოგიური ფენომენი აქამდე აუხსნელი იყო.
მკვლევრებმა მიკრობული ფერმენტი აღმოაჩინეს, სახელად ბილირუბინის რედუქტაზა, რომელიც შარდისთვის ყვითელი ფერის მინიჭებაზე აგებს პასუხს. შესაძლოა, მიგნება სამომავლოდ იმის განსაზღვრაში დაგვეხმაროს, თუ რა როლი აქვს ნაწლავის მიკრობიომს სხვადასხვა ავადმყოფობის, თუნდაც სიყვითლისა და ნაწლავის ანთებით დაავადების, მიმდინარეობაში.
ნაშრომი ჟურნალში Nature Microbiology გამოქვეყნდა.
რა განაპირობებს შარდის შეფერილობას — მექანიზმი
სისხლის წითელი უჯრედები, ანუ ერითროციტები, 6 თვე ცოცხლობს. ამ დროის გასვლის შემდეგ ისინი იშლება და პროცესში კაშკაშა ნარინჯისფერი პიგმენტი, სახელად ბილირუბინი, წარმოიქმნება. როგორც წესი, ბილირუბინი ნაწლავში გამოიყოფა, თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ ორგანიზმმა იგი ნაწილობრივ ხელახლა შეიწოვოს.
თუკი ორგანიზმმა იგი ზომაზე მეტად შეიწოვა, ბილირუბინი სისხლში დაგროვდება და სიყვითლეს გამოიწვევს — მდგომარეობას, რომლის დროსაც კანი და თვალები ყვითლდება. ნაწლავში მოხვედრის შემდეგ ადგილობრივი ფლორა ბილირუბინს სხვა მოლეკულებად გარდაქმნის.
"ნაწლავის მიკრობებში ფერმენტი ბილირუბინის რედუქტაზა გვხვდება, რომელიც ბილირუბინს უფერულ თანაპროდუქტად, ურობილინოგენად, გარდაქმნის", — განმარტა ბრანტლი ჰოლმა, მერილენდის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა და კვლევის მთავარმა ავტორმა — "ურობილინოგენი შემდეგ სპონტანურად იშლება მოლეკულა ურობილინად, რომელიც ჩვენთვის ნაცნობ ყვითელ ფერზეა პასუხისმგებელი".
ურობილინს რახანია უკავშირებენ შარდის ყვითელ ფერს. მეორე მხრივ, პროცესზე პასუხისმგებელი ფერმენტი ბილირუბინის რედუქტაზაა, მისი აღმოჩენა კი საუკუნოვან კითხვას სცემს პასუხს.
რაში დაგვეხმარება ამის ცოდნა?
გარდა იმისა, რომ ამ სამეცნიერო კითხვას გაეცა პასუხი, მიგნებებს ჯანდაცვის სფეროშიც შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელოვანი გავლენა. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ბილირუბინის რედუქტაზა თითქმის ყველა ჯანმრთელი ზრდასრულის ორგანიზმშია, თუმცა იგი ახალშობილებსა და ნაწლავის ანთებითი დაავადების მქონე პირებში არ გვხვდება.
///
ნაშრომის ავტორები ვარაუდობენ, რომ სწორედ ბილირუბინის რედუქტაზას არარსებობა შეიძლება იწვევდეს ახალშობილთა სიყვითლესა და პიგმენტირებული ნაღვლის კენჭების ფორმირებას.
"რადგან უკვე აღმოვაჩინეთ ეს ფერმენტი, შეგვიძლია იმის კვლევა დავიწყოთ, თუ რა გავლენა აქვს ნაწლავებში არსებულ ბაქტერიებს მიმოქცევაში მყოფი ბილირუბინის დონეებზე და მასთან დაკავშირებულ სამედიცინო მდგომარეობებზე, თუნდაც სიყვითლეზე", — განაცხადა სიაფანგ ძიანგმა, NIH-ის მკვლევარმა და ნაშრომის თანაავტორმა.
სიყვითლისა და ნაწლავის ანთებითი დაავადების გარდა, ნაწლავის მიკრობიომს არაერთი სხვა დაავადების მიმდინარეობაში მიუძღვის გარკვეული წვლილი, ალერგია იქნება ეს, ართრიტი თუ ფსორიაზი. მაშასადამე, ფერმენტის აღმოჩენა კიდევ უფრო გვაახლოებს იმის სრულყოფილ გააზრებასთან, თუ რა როლს ასრულებს ნაწლავის მიკრობიომი ჩვენს ორგანიზმში.
კომენტარები