მკვლევრებმა ლაბორატორიულ პირობებში ახლო ინფრაწითელი სხივების გამოყენებით ამინოციანინის მოლეკულების სტიმულირების გზით ისინი სინქრონულ ვიბრაციულ მდგომარეობაში გადაიყვანეს. მათი მეშვეობით კი სიმსივნური უჯრედების მემბრანები დაიშალა და განადგურდა.

მეცნიერები ამბობენ, რომ მათი ახალი მიდგომა ძველი მეთოდის გაუმჯობესებული ვარიანტია. ადრინდელი ხერხი ფერინგას ტიპის ამძრავის სახელითაა ცნობილი და პრობლემური უჯრედების სტრუქტურების დარღვევა მასაც შეუძლია.

"ესაა მოლეკულური მანქანების ახალი თაობა, რომელსაც მოლეკულურ სანგრევს ვუწოდებთ. ისინი ფერინგას ტიპის ამძრავების მექანიკურ მოძრაობაზე მილიონჯერ სწრაფია და ხილული სინათლის ნაცვლად, ახლო ინფრაწითელი სხივებით აქტიურდება", — აცხადებენ სპეციალისტები.

ფოტო: Ciceron Ayala-Orozco et al., Nature Chemistry, 2023

ახლო ინფრაწითელი სპექტრის სინათლის გამოყენება მნიშვნელოვანია, რადგან ის მეცნიერებს სხეულში ღრმად შეღწევის საშუალებას აძლევს, იქ, სადაც სიმსივნეებია. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა, მავნე ქსოვილების გასანადგურებლად ქირურგიული ჩარევაც კი არ დაგვჭირდეს.

ექსპერიმენტებისას ზემოხსენებულმა ვიბრაციულმა მოლეკულებმა ლაბორატორიულად გაზრდილი სიმსივნური უჯრედების 99% გაანადგურა. მეთოდი მელანომის მქონე თაგვებზეც გამოცადეს, რის შედეგადაც ცდისპირ ცხოველთა ნახევარში კიბო გაქრა.

///

მოლეკულები ამას ახლო ინფრაწითელი სხივებით სტიმულირებული ვიბრაციების საშუალებით ახერხებს. მოძრაობისას მათში არსებული ელექტრონები პლაზმონად, ანუ პლაზმური რხევის კვანტად იქცევა და ერთობლივად ვიბრირებს.

"ეს მოლეკულური პლაზმონით ამგვარად მთლიანი მოლეკულის გააქტიურებისა და მექანიკური მოძრაობის მიღების პირველი შემთხვევაა. ის კონკრეტულ მიზანს ემსახურება: ამ შემთხვევაში, სიმსივნური უჯრედების მემბრანის დაშლას", — ამბობენ ავტორები.

პლაზმონებს ერთ მხარეს შვერილი აქვს, რაც უჯრედებზე მოლეკულათა მიმაგრებას ამარტივებს, პარალელურად კი ვიბრაციები მემბრანას ჩამოშლას უწყობს ხელს. ამ მექანიზმზე დაფუძნებული ახალი მეთოდი იმედის მომცემია, მაგრამ ეს კვლევა ჯერ ადრეულ ეტაპზეა. სპეციალისტები სხვა მოლეკულების გამოცდასაც აპირებენ.

მათი ნაშრომი გამოცემაში Nature Chemistry გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.