ფილიპინებში გასულ ღამით 7.6 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა — არის მსხვერპლი
ფილიპინებში, კუნძულ მინდანაოზე, გასულ ღამით ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მოვლენას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა; არიან დაშავებულები და დაკარგულებიც.
მიწისძვრიდან მალევე ხალხს ევაკუაციისკენ მოუწოდეს. ცუნამის შესახებ გაფრთხილებები იაპონიაშიც გავრცელდა, თუმცა ამ საფრთხემ უკვე ჩაიარა. საკუთარ სახლებს უბრუნდებიან ევაკუირებული ადამიანებიც.
ასევე იხილეთ: რატომ ხდება მიწისძვრები და რა უნდა ვიცოდეთ მათზე
აშშ-ის გეოლოგიური კვლევის გამოთვლებით, მიწისძვრა 7.6 მაგნიტუდა სიმძლავრის იყო. მას მინიმუმ 600 აფტერშოკი მოჰყვა, რომელთა სიმძლავრეც 1.4-იდან 6.2 მაგნიტუდამდე მერყეობდა.
მიწისძვრა ადგილობრივი დროით 22:37-ზე მოხდა კუნძულ მინდანაოს აღმოსავლეთ სანაპიროზე.
სამხრეთ სურიგაოსა და აღმოსავლეთ დავაოს, სანაპირო ტერიტორიების, მაცხოვრებლებს მალევე ევაკუაციისაკენ მოუწოდეს. ფილიპინებსა და იაპონიაში ხალხი ცუნამის შესაძლო საფრთხის შესახებ გააფრთხილეს, თუმცა საფრთხემ ამ დროისთვის უკვე ჩაიარა.
ცნობილია, მიწისძვრას ფეხმძიმე ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, ოთხი ადამიანი დაზიანდა, ხოლო 9 პირი კი დაკარგულია. გილბერტ თეოდოროს, თავდაცვის მინისტრის, ცნობით, მოვლენამ 529 ოჯახი დააზარალა.
სოფლებში ზარალსა თუ მსხვერპლს სპეციალური უწყებები აფასებენ. ქალაქებში ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი დაზიანებები ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. სამხრეთ სურიგაოში დაბზარულია გზები.
საგულისხმოა, რომ მიწისძვრის შემდგომ, მოგვიანებით, იაპონიის (ფილიპინების ჩრდილო-აღმოსავლეთით) ზოგიერთ შორეულ კუნძულზე ცუნამის 0.4 მეტრამდე ტალღები შენიშნეს.
ცნობისთვის, ფილიპინებში მიწისძვრები საკმაოდ ხშირად ხდება. სახელმწიფო ცეცხლოვან სარტყელში მდებარეობს — ვულკანურ ზონაში, რომელიც წყნარ ოკეანეს აკრავს გარს და სეისმური აქტივობისაკენ არის მიდრეკილი.
აქამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე მინდაოში 6.7 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. შედეგად 9 ადამიანი დაიხოცა და შენობები დაზიანდა.
კომენტარები