შესაძლოა, მალე ძაღლების სიცოცხლის გასახანგრძლივებელი წამალი გვქონდეს
FDA-იმ წამალი, შესაძლოა, 2026 წელს დაამტკიცოს.
სულ ცოტა ხნის წინ ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Loyal-მა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაავრცელა. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ისინი მალე ძაღლების სიცოცხლის გასახანგრძლივებელ წამალს გამოუშვებენ.
სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ვეტერინარული მედიცინის ცენტრმა დაადასტურა, რომ Loyal-ის მონაცემები აკმაყოფილებს მოთხოვნილებებს. ეს ნიშნავს, რომ FDA LOY-001-ის პრეპარატით კმაყოფილია და სულ მალე შეიძლება ის დაჩქარებული გზით დამტკიცდეს.
პირველადი დამტკიცების შემთხვევაში, წამლის გაყიდვა ნებადართული გახდება. კომპანიაში ამბობენ, რომ LOY-001 2026 წლისთვის უნდა დამტკიცდეს და მისი გამოყენება დიდი ზომის ძაღლებზე იქნება შესაძლებელი.
"Loyal დაარსდა ამბიციური მიზნით, შეგვექმნა პირველი წამალი, რომელიც ძაღლებს ჯანსაღ სიცოცხლეს გაუხანგრძლივებდა. ამ ეტაპამდე მოსაღწევად წლების დაუღალავი შრომა დაგვჭირდა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ველით FDA-ის დასტურს. ბოლო შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ შედეგები მალე გვექნება", — აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
დიდ და გიგანტურ ძაღლებს, როგორიცაა ოქსროსფერი რეტრივერი, გერმანული დოგი და ნიუფაუნდლენდი, სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან მცირე აქვთ. ეს სულ რაღაც 8-დან 10 წლამდეა. კვლევებმა აჩვენა, რომ ეს დიდი ძაღლების შერჩევითი მოშენების შედეგია. მსგავსმა შერჩევამ ძაღლები ზომაში გაზარდა, მაგრამ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეამცირა.
"ძაღლებში ასეთი ზომები არ არის ბუნებრივი. ეს ადამიანების მიერ შერჩევისა და შესაბამისი შეჯვარების შედეგია. Loyal-ში ასეთი ძაღლების ხანმოკლე სიცოცხლეს ვხედავთ არა როგორც გარდაუვალს, არამედ, როგორც გენეტიკურ დაავადებას. შესაბამისად, მისი წამლებით მკურნალობაზე დაქვემდებარება შედარებით უფრო მარტივია", — თქვა ბრენენ მაკკენზიმ, Loyal-ის ვეტერინარული მედიცინის დირექტორმა.
რა არის LOY-001-ის სამიზნე? ეს ზრდის ჰორმონი IGF-1-ია. სწორედ ეს ჰორმონია დიდ ძაღლებში ზედმეტად ჭარბად. მედიკამენტის ინექცია მოხდება ექვსი თვის განმავლობაში, რამაც საბოლოოდ IGF-1-ის დონე უნდა შეამციროს.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ძაღლებს უსასრულოდ სიცოცხლე შეეძლებათ.
"ეს ნამდვილად არ არის უკვდავევბის წამალი, მაგრამ ძაღლების სიცოცხლის გახანგრძლივებას შევძლებთ", — უთხრა The New York Times-ს კომპანიის წარმომადგენელმა.
თუმცა, არც ეს არის ცოტა. ეს ზოგადად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება სიცოცხლის გახანგრძლივების მიმართულებით. FDA-ის დასტურის შემთხვევაში, LOY-001 პირველი მედიკამენტი გახდება, რომელსაც როგორც სიცოცხლის გასახანგრძლივებელს ისე დაამტკიცებენ.
ვნახოთ, რა იქნება შემდეგი. ვინ იცის, იქნებ შემდეგი უკვე ადამიანების სიცოცხლის გახანგრძლივება იყოს. ამაზე უარს, ალბათ არ ვიტყოდით.
კომენტარები