როგორ ზრდიდნენ ბავშვებს პრეისტორიულ სამყაროში
დასავლურ საზოგადოებებში შეჩვეულები ვართ იმ აზრს, რომ ტიპიური ოჯახი ორი მშობლისგან და შვილისგან შედგება. ეს ის სტანდარტებია, რომელიც 1950-იანი წლებიდან ინერგებოდა. თუმცა, ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ორი მშობლის ფენომენი შეიძლება არ იყოს თანხვედრაში ჩვენს ევოლუციურ ისტორიასთან.
კემბრიჯის უნივერსიტეტის ევოლუციური ანთროპოლოგის, დოქტორი ნიჰილ ჩაუდჰარის თქმით, ბავშვები ევოლუციურად უფრო ფართო ჯგუფებთან კომუნიკაციისკენ არიან მიმართულნი, ვიდრე ეს ორი მშობელია.
მკვლევრებმა ეს დასკვნა თანამედროვე მონადირე-შემგროვებელთა კვლევის შედეგად გამოიტანეს.
"ჩვენი ევოლუციური ისტორიის 95 პროცენტზე მეტი როგორც მონადირე-შემგროვებლები ისე ვცხოვრობდით. შესაბამისად, ეს პერიოდი ძალიან საინტერესოა. მონადირე-შემგროვებელთა თანამედროვე საზოგადოებებს ამ პერიოდზე ინფორმაციის მოწოდება შეუძლიათ. ჩვენ გვაინტერესებდა თუ როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ბავშვებს ასეთი საზოგადოებები", — თქვა ჩაუდჰარიმ.
ჩაუდჰარამ და მისმა კოლეგებმა გამოიკვლიეს მბენჯელეს კულტურა — მონადირე-შემგროვებლები, რომლებიც კონგოს რესპუბლიკის ჩრდილოეთ ტროპიკულ ტყეებში ცხოვრობენ. ეს ადამიანები საკვებს ფაქტიურად არასდროს ინახავენ და მუდმივად მოძრაობაში არიან. ისინი თავს თევზაობით, ნადირობითა და თაფლის შეგროვებით ინახავენ.
მბენჯელები ქოხებში ცხოვრობენ და გააჩნიათ სპეციალური მიდგომა, რასაც ბავშვების აღსაზრდელად იყენებენ.
მკვლევრებმა შენიშნეს, რომ 18 ბავშვიდან თითოეულს საშუალოდ 9 საათს უთმობდნენ. ბავშვებზე 10 სხვადასხვა ადამიანი ზრუნავდა, ზოგჯერ 20-იც. როდესაც ბავშვი ტირილს იწყებდა, მის დასაწყნარებლად ნებისმიერი შეიძლება ჩარეულიყო. ბიოლოგიური დედები ასეთ დროს მხოლოდ 50%-ის განმავლობაში ერეოდნენ. საინტერესოა, რომ პატარების აღზრდაში ჯგუფს შედარებით მოზრდილი ბავშვები და მოხუცებიც ეხმარებოდნენ.
მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ თანამედროვე მონადირე-შემგროვებლებზე დაკვირვებამ შეიძლება პასუხი გაგვცეს იმაზე თუ როგორ იქცეოდნენ ჩვენი წინაპრები ათასობით წლის წინ. შესაბამისად, ისინი ასკვნიან, რომ პრეისტორიულ პერიოდში ადამიანები ბავშვებს ძირითადად კოლექტიურად ზრდიდნენ.
რას ნიშნავს ეს დასავლური სამყაროსთვის?
მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ ეს სოციალურ პასუხისმგებლობებზე უთითებს. მათი თქმით, ჩვენი, როგორც საზოგადოების საერთო პასუხისმგებლობაა, რომ ბავშვებზე კოლექტიურ პასუხისმგებლობას ვიღებდეთ.
ნაშრომი Developmental Psychology-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები