ღამურები საინტერესო არსებები არიან. და აი ახლა, მკვლევრებმა, რომლებიც ღამურის სპეციფიკურ სახეობას — Eptesicus serotinus-ს სწავლობდნენ, უცნაური რამ აღმოაჩინეს. საუბარია შეწყვილებაზე, რომელიც გაოცებას იწვევს.

მკვლევრების თქმით, მამრი ღამურის პენისი 7-ჯერ უფრო გრძელია, ვიდრე მდედრის ვაგინა. ეს პენეტრაციას შეუძლებელს ხდის.

"შემთხვევით აღმოვაჩინეთ, რომ ამ ღამურებს არაპროპორციულად დიდი პენისები აქვთ. ამან გააჩინა შეკითხვა თუ როგორ ხდება ამ ორგანოს გამოყენება", — თქვა ლოზანის უნივერსიტეტის მკვლევარმა, ნიკოლას ფასელმა.

საბოლოოდ, მკველვრებმა აღმოაჩინეს, რომ ეს ღამურები სექსუალური აქტისთვის პენეტრაციას არ მიმართავენ.

როგორ?

Serotinus-ის ღამურების ერეგირებული პენისი სხეულის სიგრძის 22 პროცენტია. იმის ნაცვლად, რომ პენისი პენეტრაციისთვის გამოიყენონ, ღამურები მას როგორც დამატებით კიდურს ისე იყენებენ.

ეს მდედრის კუდის გარსის განზე გასაწევად და კონტაქტური შეჯვარებისთვის ხდება. მსგავსი რამ ხდება ფრინველებში და მას "კლოაკალური კოცნა" ჰქვია.

ცნობისთვის, ფრინველები მრავლდებიან თავიანთი კლოაკით. ეს უკანა ნაწლავის გაფართოებული გასავალია, რომელიც საერთოა კუჭ-ნაწლავისა და შარდსასქესო ორგანოებისათვის.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ სწორედ ამ მეთოდით მრავლდებიან კონკრეტული ღამურებიც. მდედრ ღამურებს აქვთ ძლიერი დამცავი გარსი კუდსა და ტერფებს შორის, რომელსაც ისინი სასქესო ორგანოების დასაფარად იყენებენ.

მკვლევრების თქმით, შეჯვარებისას მამრები პენისს სწორედ ამ გარსის გადასაწევად და მდედრის დასაჭერად იყენებენ. შეწყვილების მსგავსი ფორმა ფრინველებში აქამდეც დაუფიქსირებიათ, მაგრამ ეს პირველია ძუძუმწოვრების შემთხვევაში.

ღამურებში ეს პროცესი საშუალოდ 53 წუთი გრძელდებოდა.

ნაშრომი ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.