ჩრდილოეთ ამერიკაში ადამიანის უძველესი ნაკვალევი 21 500 წელზე ძველია
ახალმა კვლევამ დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში აღმოჩენილი ადამიანის ნაკვალევი მინიმუმ 21 500 წლისაა.
ნაკვალევი პირველად 2021 წელს ნიუ-მექსიკოში აღმოჩინეს. მაშინ შედეგს მეცნიერები ეჭვქვეშ აყენებდნენ. და აი ახლა, ახალმა კვლევამ შედეგები საბოლოოდ დაადასტურა. კვლევის მიხედვით, ადამიანი ჩრდილოეთ ამერიკაში ბოლო გამყინვარების დროს უკვე იმყოფებოდა.
"თავიდან ეჭვები არსებობდა, თუმცა ახლა დვამტკიცეთ, რომ არ ვცდებოდით", — ამბობენ მკვლევრები.
მკვლევრებმა პირველადი დასკვნები რადიოკარბონული დათარიღების მიხედვით გააკეთეს. ეჭვები წყალმცენარიდან გამომდინარე გაჩნდა. რას ნიშნავს ეს? მაშინ ექსპერტების ნაწილი ამბობდა, რომ წყალი შეიძლება ნახშირბადის რეზერვუარი ყოფილიყო. ამით მკვლევრები შეიძლება შეცდომაში შესულიყვნენ და აღმოჩენა არასწორად დაეთარიღებინათ.
ამჯერად მკვლევრებმა იმავე გეოლოგიური ფენიდან წიწვის მტვერი შეისწავლეს. ამ შემთხვევაში იგივე შეცდომა გამორიცხული იყო. ახალი შედეგები წინას დაემთხვა.
არქეოლოგების თქმით, ეს უმნიშვნელოვანესი აღმოჩენაა და ამას ადამიანის ისტორიის გააზრების მხრივ ბევრი რამის შეცვლა შეუძლია.
კვლევა Science-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები