მუქი ჩაი დიაბეტის განვითარების შანსებს ამცირებს — კვლევა
ჩინეთში 1 923 ადამიანზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პირები, რომლებიც მუქ ჩაის ყოველდღიურად მოიხმარენ, დიაბეტის განვითარების 28 პროცენტით ნაკლები შანსი აქვთ.
მონაწილეთა შორის 352-ს პრედიაბეტი ჰქონდა, 1135 ჯანმრთელი იყო და 436 დიაბეტით იყო დაავადებული. კვლევის მონაწილეებიდან ნაწილი ჩაის ხშირად მოიხმარდა, ზოგი კი საერთოდ არ სვამდა.
მეცნიერებმა კვლევის მონაწილეების სისხლში გლუკოზის დონე გააანალიზეს და დაადგინეს თუ როგორ მოქმედებს ჩაი შარდში გლუკოზის გამოყოფაზე.
"კვლევამ აჩვენა, რომ ჩაი სისხლში შაქრის მომატების პრევენციას ახდენს. ეს სარგებელი ყველაზე მეტად მუქი ჩაის ყოველდღიური მოხმარების შემთხვევაში იყო", — თქვა ტონჟი ვუმ, კვლევის თანაავტორმა და ადელაიდის უნივერსიტეტის პროფესორმა.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა თირკმელები გლუკოზის დიდ რაოდენობას გამოიმუშავებს. შედეგად, ორგანიზმში ჭარბი გლუკოზა შარდით არ გამოდის და პაციენტს სისხლში ზედმეტად დიდი რაოდენობის შაქარი უგროვდება.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ისინი ვინც რეგულარულად მოიხმარდნენ მუქ ჩაის დიაბეტისგან ყველაზე მეტად იყვნენ დაცულნი. იგივე დაცულობა არ დაფიქსირდა სხვა ჩაის მომხმარებლებში — მაგალითად, მწვანე და შავი ჩაის შემთხვევაში.
"კვლევის მიხედვით, მუქი ჩაის ყოველდღიურად დალევა ტიპი 2 დიაბეტის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს და სისხლში შაქის დონის კონტროლს უწყობს ხელს", — თქვა ზილინ სუნმა, კვლევის თანაავტორმა და სამხრეთ-აღმოსავლეთ უნივერსიტეტის დიაბეტის ინსტიტუტის პროფესორმა.
"ჩაის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი სარგებელი, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ტიპი 2 დიაბეტის რისკების შემცირების მხრივ ცნობილია. მიუხედავად ამისა, ამ სარგებლის უშუალო მექანიზმები უცნობია", — თქვა ტონჟი ვუმ.
არსებობს ვარაუდი, რომ მუქ ჩაიში აღმოჩენილი ბიოაქტიური ნაერთები ინსულინის ათვისების გაუმჯობესებაში დიდ როლს ასრულებს, მაგრამ ამჟამად ამ თეორიის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.
მეცნიერები კვლევების გაგრძელებას აპირებენ.
კვლევა Eurekalert-ზე შეგიძლიათ ნახოთ.
კომენტარები