ერთ-ერთმა რაკეტამ ახლახან ატმოსფეროში შემთხვევით "ხვრელი" გააჩინა
რაკეტამ, რომელმაც დედამიწის ორბიტაზე აშშ-ის კოსმოსური ძალების (Space Force) კუთვნილი ხელოვნური თანამგზავრი გაიტანა, ატმოსფეროს ზედა ფენაში შემთხვევით "ხვრელი" წარმოქმნა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მისიით რეკორდი დამყარდა, რადგან ის ბრძანების გაცემიდან უმოკლეს დროში, სულ რაღაც 27 საათში განხორციელდა.
ფრენა 14 სექტემბერს შედგა. Firefly Aerospace-ის რაკეტა Alpha კალიფორნიაში მდებარე Space Force-ის ბაზიდან ადგილობრივი დროით 10:28 საათზე გაუშვეს. მისი ტვირთი კოსმოსური ძალების ზონდი Victus Nox იყო, რომლის მიზანიც ორბიტული გარემოს კონტროლია.
მისიის პირდაპირი ტრანსლაცია არ ყოფილა და მის შესახებ საზოგადოებისთვისაც არ იყო ცნობილი. ამის მიუხედავად, რაკეტის უზარმაზარი კვალი მოსახლეობას შეუმჩნეველი არ დარჩენია, რადგან ის 1600 კილომეტრით დაშორებული არეალიდანაც კი ჩანდა. კვალის გაქრობის შემდეგ ცაზე მოწითალო ელვარება მაინც შენარჩუნდა, რაც ნიშნავს, რომ აპარატმა იონოსფეროში "ხვრელი" გააჩინა.
ჩვენი პლანეტის ატმოსფეროს ეს ფენა 80-645 კილომეტრ სიმაღლეზე ვრცელდება და იქ იონიზებული აირებია თავმოყრილი. მსგავსი "ხვრელები" ამ შრეში აქამდეც წარმოქმნილა, მათ შორის მიმდინარე წელსაც. ეს ივლისში მოხდა, როცა კომპანია SpaceX-მა რაკეტა Falcon 9 გაუშვა. მან არიზონის თავზე სისხლისფერი კვალი დატოვა.
ასეთი "ხვრელები" მაშინ ფორმირდება, როცა რაკეტის საწვავი იონოსფეროს შუა რეგიონში არსებულ აირთან შედის ურთიერთქმედებაში, დაახლოებით 200-300 კილომეტრ სიმაღლეზე. იქ აპარატიდან გამოყოფილი ნახშირორჟანგი და წყლის ორთქლი იონიზებული ჟანგბადის ხელახლა შეერთებას იწვევს, ანუ ჟანგბადის ჩვეულებრივ მოლეკულებს ვიღებთ.
აღწერილ პროცესში მოლეკულები ენერგიას სინათლის სახით ათავისუფლებს. სწორედ ასე ჩნდება პოლარული ციალიც, თუმცა მის შემთხვევაში აირებს მზის რადიაცია აცხელებს და არა ხელახლა შეერთება. ამგვარი "ხვრელები" ჩვენ საფრთხეს არ გვიქმნის და, როგორც წესი, რამდენიმე საათში ქრება, როცა აირები ისევ იონიზაციას განიცდის.
Firefly Aerospace-სთან კონტრაქტი 2022 წელს დაიდო იმ პირობით, რომ სამომავლო მისიებისთვის ის ბრძანებას 24 საათზე ნაკლებ დროში მიიღებდა. მზადყოფნისთვის ინჟინრებმა რაკეტის ტრაექტორიის სისტემა განაახლეს. ამ მცირე დროში მათ Alpha-ზე ხელოვნური თანამგზავრი სპეციალურ სათავსოში უნდა ჩაედოთ, გასაშვებ პლატფორმამდე მიეტანათ, რაკეტაზე მოეთავსებინათ და გაეშვათ.
კომენტარები