ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ისტორია — რა ვიცით და რა არ ვიცით UFO-ზე
UFO ამოუცნობ მფრინავ ობიექტს ნიშნავს. ტერმინი იმ სახის ამოუცნობი საჰაერო მოვლენის მიმართ გამოიყენება, რომლის იდენტიფიცირებაც ვერ ხერხდება. ტერმინი პირველად 1952 წელს გაჩნდა და მას შემდეგ მასზე სულ უფრო მეტს ვსაუბრობთ. თუმცა, ადამიანი ცაში ოდითგანვე იყურება და ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ფენომენს უფრო დიდი ისტორია აქვს.
სანამ ფრენას დავიწყებდით
ჩვენი წინაპრებისთვის ცა უფრო ღვთაებრივი იყო, ვიდრე ამქვეყნიური. ამიტომ, ყველაფერი რაც "იქ" ხდებოდა ღვთაებრიობას მიეკუთნებოდა და არა ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს. სხვანაირად ვერც იქნებოდა, ეს ის პერიოდია, როდესაც ადამიანს ფრენა არ შეუძლია, შესაბამისად ეს წარმოუდგენელია — ცა მხოლოდ ღმერთებს ეკუთნით.
მიუხედავად ამისა, ძვ.წ. 467-სა და ძვ.წ. 240 წლების ჩანაწერებში ჩინელი ასტრონომები ცაში ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე საუბრობენ. ეს "ობიექტები" ძირითადად კომეტები და მეტეორები იყო. ამ მხრივ საინტერესოა ჰალეის კომეტა, რომელიც თავისი ორბიტის გამო ადამიანებს "ხშირად" ეცხადება. ეს განმეორებადი მოვლენა ძველი ადამიანებისთვის ზოგჯერ სწორედ ამოუცნობი მფრინავი ობიექტი იყო ხოლმე.
საინტერესოა იულიუს ობსეკენსის ჩანაწერებიც, რომელიც რომაელი მწერალი იყო და მეოთხე საუკუნეში ცხოვრობდა. ტექსტებში მას ცაში მოძრავი ობიექტები აქვს ნახსენები. ბევრისთვის ეს უცხოპლანეტელების არსებობაზე მიმანიშნებელი ერთ-ერთი პირველი ჩანაწერია, თუმცა, რეალურად ტექსტი უფრო მეტეორიტების წვიმის აღწერას ჰგავს.
ვხვდებით გარკვეულ ჩანაწერებს შუა საუკუნეებში, სადაც ავტორები ამა თუ იმ ამოუხსნელ მოვლენაზე საუბრობენ, მაგრამ ისინიც ნაკლებად სარწმუნოა.
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ადამიანებმა ფრენაზე დავიწყეთ ფიქრი. ცაში პირველი საფრენი ობიექტები გამოჩნდა, ბუნებრივია ამას "თვითმხილველებიც" მოჰყვა. 1878 წლის 25 იანვარს, Denison Daily News-მა დაბეჭდა სტატია, რომელშიც ადგილობრივი ფერმერის სიტყვები იყო მოყვანილი. ჯონ მარტინი ამბობდა, რომ დაინახა დიდი, ბნელი, წრიული ობიექტი, რომელიც ბუშტს წააგავდა და ის ძალიან დიდი სიჩქარით მოძრაობდა. და აი აქ იბადება "მფრინავი თეფში" — მარტინმა თქვა, რომ "ის" დაახლოებით თეფშის ფორმის იყო. ეს ამ ტერმინის ერთ-ერთი პირველი გამოყენებაა. ეს ის დროა, რომელშიც აეროსტატით ფრენა სულ უფრო პოპულარული და მოთხოვნადი საქმიანობა ხდებოდა.
მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან თემატიკა სულ უფრო აქტუალური ხდება. კონსპიროლოგებმა ტომას ედისონს "მფრინავი ვარსკვლავის" შექმნაც კი დააბრალეს, რომელიც ქვეყნის გარშემო ბრუნავდა.
გავფრინდით — ახლა ცაში ყველა რაღაცას ხედავს
მეოცე საუკუნის დადგომასთან ერთად ადამიანები ცაში საბოლოოდ ავიჭერით და მალევე ორი მსოფლიო ომიც მოვასწარით.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მხოლოდ 1946 წელს 2 000-ზე მეტი მოხსენება შეგროვდა, ძირითადად შვედეთის სამხედროების მიერ. საუბარი ამოუცნობ საჰაერო ობიექტებზე იყო. ცალკეული შემთხვევები იყო საფრანგეთიდან, პორტუგალიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან და საბერძნეთიდან. საბოლოოდ უმეტესობა ბუნებრივ ფენომენად შეფასდა და მეტეორებად კლასიფიცირდა.
1947 წლიდან ამოუცნობი მფირნავი ობიექტების ფენომენი სამეცნიერო ფანტასტიკაში იდგამს ფეხს. სულ უფრო მეტი მოთხრობა თუ რომანი იწერება ამ თემატიკაზე.
ფანტასტიკიდან "რეალობამდე" ერთი ნაბიჯი იყო. სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულებმა სპეციალური ჯგუფების შექმნა დაიწყეს. მათი მიზანი უცხოპლანეტელების კვალის "ძიება" და შესაბამისი ინფორმაციის გაცვლა იყო.
1957 წლის გამოკითხვების თანახმად, აშშ-ს მოსახლეობის 25%-ზე მეტს სჯეროდა, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტები კოსმოსიდან იყო. 1966 წელს, ამერიკელების 5% ამბობდა, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტი დაუნახავს. ამავე წლის გამოკითხვების მიხედვით, 96 პროცენტს სმენოდა UFO-ზე და აქედან 46 პროცენტი მიიჩნევდა, რომ ეს რეალური იყო.
1952 წლიდან 1969 წლის ჩათვლით აშშ-ის საჰაერო ძალებმა 12 618 შემთხვევა დააფიქსირეს, რომელიც ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან იყო დაკავშირებული. ამის პარალელურად საზოგადოება სულ უფრო მეტ შეკითხვას სვამდა და გაიზარდა მსგავს მასალებზე წვდომის მოთხოვნა. მიუხედავად ამისა, მაშინ CIA-იმ ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავი შეიკავა.
1960-იანი წლებიდან 1990-იან წლების ჩათვლით "უცხოპლანეტელები" ამერიკული კულტურის ნაწილი გახდნენ. გამოჩდნენ პირები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ისინი უცხოპლანეტელებმა გაიტაცეს და მათზე ექსპერიმენტები ჩაატარეს.
რა ხდება დღეს?
2017 წელს The New York Times-მა გასაიდუმლოებული პროგრამის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. პროგრამა 2007-დან 2012 წლამდე მიმდინარეობდა და ის 22 მილიონი დოლარით იყო დაფინანსებული. მედიის ინფორმაციით, ეს UFO-სთან იყო დაკავშირებული. ამის შემდეგ პენტაგონის მიერ მოპოვებულმა კადრებმა გაჟონა, რომელშიც ამოუცნობი მფრინავი ობიექტები ჩანდა.
ამის პარალელურად კიდევ უფრო გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც გასაიდუმლოებულ მონაცემებზე წვდომას ითხოვდნენ.
2021 წელს ბარაკ ობამამ UFO-ზე შეკითხვას ასე უპასუხა: "არის ჩანაწერები, რომლებსაც ვერ ვხსნით. საუბარია ციურ ობიექტებზე და მათ ტრაექტორიებზე. შესაბამისად, ინტერესი გასაგებია".
და აი ასე მოვედით 2023 წლის ივლისამდე. 28 ივლისს ეროვნული უსაფრთხოების, საზღვრისა და საგარეო საქმეთა პალატის ზედამხედველობის ქვეკომიტეტმა UFO-ს, იგივე UAP-ის საკითხი სერიოზულად განიხილა. მოხსენებაზე სამი მოწმე დაკითხეს. მათ შორის ყველაზე თვალსაჩინო საჰაერო ძალების ყოფილი მაიორი, დევიდ გრუში იყო.
ასევე: კონგრესი UFO-ზე — რა ვიცით და რა არ ვიცით
2019 წელს გრუში სამთავრობო ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომელიც ცაში გაურკვეველ საჰაერო ფენომენებს (UAP) უნდა დაკვირვებოდა. ჯგუფის შექმნა შესაბამის განცხადებებს მოჰყვა, რომლის მიხედვითაც 650-ზე მეტი მფრინავი ობიექტის გადაადგილება ჩვენთვის ახსნად აერონავტიკას ეწინააღმდეგებოდა.
კონგრესში გამოსვლისას გრუშმა თქვა, რომ აშშ-ს სამხედროებს დიდი ხანია ჩამოვარდნილი UAP-ის ნაშთები აქვთ. მეტიც, გრუშს მიაჩნია, რომ მთავრობა არამიწიერ სიცოცხლეზე ინფორმაციას 1930-იანი წლებიდან ფლობს.
ასეთი რამ აქამდე არასდროს მომხდარა. ეს ნიშნავს, რომ კონგრესი საკითხს სერიოზულად მიუდგა. თავად ის ფაქტიც, რომ UAP-ისა და UFO-ს არსებობას სამი დაფასებული ვეტერანი სამხედრო ამტკიცებდა, უკვე საინტერესო იყო.
მიუხედავად ამისა, მოხსენებაზე კონკრეტული არაფერი წარუდგენიათ, რაც არამიწიერი სიცოცხლის დედამიწაზე არსებობას დაამტკიცებდა. მეორე მხრივ, კონგრესმენებმა გაითვალისწინეს მომხსენებლების ნათქვამი და სპეციალური რეკომენდაციაც კი გასცეს, რის მიხედვითაც, UAP-ისა და UFO-ს თემატიკას მეტი ყურადღება უნდა მიექცეს.
და მიექცა კიდევაც! უკვე სექტემებრში გავიგეთ, რომ პენტაგონმა UFO-სთან დაკავშირებით ახალი და სპეციალური ვებსაიტი შექმნა.
ვებსაიტზე ოფიციალური ინფორმაცია გამოქვეყნდება ხოლმე. პენტაგონის წარმომადგენლების თქმით, ეს შესაბამისი ინფორმაციის კატეგორიზებისთვისაც მნიშვნელოვანია. როგორც თავში ვნახეთ, მსგავსი მოთხოვნა თავად კონგრესს ჰქონდა.
ასევე: პენტაგონმა UFO-სთან დაკავშირებით ახალი ვებსაიტი შექმნა
საინტერესო იყო მექსიკაში განვითარებული მოვლენებიც. მექსიკელი კანონმდებლები უცნაური მოხსენების მომსწრენი გახდნენ, რის მიხედვითაც "ჩვენ მარტონი არ ვართ". როგორც ეს წარმდგენმა აღნიშნა, საქმე "არამიწიერ ნარჩენებს" ეხება. ეს მექსიკაში კონგრესის პირველი ღონისძიება იყო, რომელზეც უცხოპლანეტელების შესახებ ისაუბრეს. მეტიც, მომხსენებელმა პოლიტიკოსებს ორი "არტეფაქტი" უჩვენა. მექსიკელი ჟურნალისტისა და უცხოპლანეტელების დიდი ხნის მაძიებლის, ჯეიმე მაუსანის თქმით, ეს უცხოპლანეტელების ნიმუშებია.
ორი პატარა "სხეული" ყუთებში იყო მოთავსებული. საინტერესოა, რომ სხეულს 3 თითი და წაგრძელებული თავი აქვს. მაუსანმა აღნიშნა, რომ სხეულები პერუში, 2017 წელს აღმოაჩინეს. მისი თქმით, ისინი დაახლოებით 1 000 წლისაა.
ასევე: მექსიკის კონგრესი UFO მოსმენას "უცხოპლანეტელების" სავარაუდო ნეშტების თანხლებით ატარებს — რა ხდება
თუმცა, მეორე საკითხია, რამდენად სარწმუნოა წარდგენილი "სხეულები". ბევრში ეს ყველაფერი სკეპტიციზმს იწვევს და მექსიკელ ჟურნალისტს სპეკულაციებში ადანაშაულებენ.
სპეკულაციის კვალი იმაშიც შეინიშნება, რომ ჟურნალისტმა თავისი მოხსენება NASA-ს ძალიან საინტერესო კონფერენციას დაამთხვია.
14 სექტემბრის მოხსენების მიზანი ამოუცნობი მფრინავი ობიექტების (UFO), იგივე ამოუცნობი ანომალიური ფენომენის (UAP) შესახებ საზოგადოების ინფორმირება იყო.
ასევე: რა თქვა NASA-მ UAP-ისთვისთვის მიძღვნილ ბრიფინგზე — მოკლედ
NASA-ს მიერ შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფმა თავისი მოხსენება გამოაქვეყნა. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ არამიწიერი ცივილიზაციის ნიშნები ვერ აღმოაჩინეს. მიუხედავად ამისა, NASA-ს ადმინისტრატორმა საუბრის დასაწყისში თქვა, რომ კოსმოსური სააგენტო ამოუცნობი ობიექტების საკითხს ძალიან სერიოზულად უყურებს.
NASA-მ ექსპერტების დამოუკიდებელი ჯგუფი 2022 წელს შექმნა და მას შემდეგ ისინი UAP-ისა და UFO-ს თემატიკას სწავლობდნენ.
"კვლევიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ კიდევ ბევრი რამ არის გასარკვევი. NASA-ს დამოუკიდებელმა კვლევითმა ჯგუფმა ვერ მიაგნო კონკრეტულ მტკიცებულებებს. ვერ ვამბობთ, რომ UAP-ის არამიწიერი წარმოშობა აქვს. და მაინც, ხშირ შემთხვევაში ჩვენ არც ის ვიცით, რა არის ეს UAP", — თქვა NASA-ს ადმინისტრატორმა, ბილ ნელსონმა.
ერთი რამ ფაქტია, დროსთან ერთად ამოუცნობი მფრინავი ობიექტების საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება. და მაინც, ჩვენ კვლავ არ გვაქვს უშუალო მტკიცებულებები, რაც გვეტყოდა, რომ "მარტონი არ ვართ".
მეორე საკითხია რამდენად შესაძლებელია, რომ ცივილიზაცია, რომელიც გალაქტიკებსა და ვარსკვლავებს შორის მოგზაურობს, იყენებდეს ისეთ ტექნოლოგიას, რომლის გამოვლენაც შეგვიძლია. თუ "ისინი" აქ არიან და სამყაროს მასშტაბებიდან გამომდინარე ეს ნამდვილად არ იქნება გასაკვირი, მათი დაფიქსირება ჩვენი ტექნოლოგიებით შეიძლება უბრალოდ შეუძლებელი იყოს.
და მაინც, თუ ოდესმე სადმე, გინდაც მიკრობულ სიცოცხლეს აღმოვაჩენთ ეს ჩვენი სახეობისთვის ბავშვობის დასასრული იქნება. ეს იქნება მომენტი, როდესაც ჩვენ, ადამიანებმა უნდა გავიაზროთ და საბოლოოდ დავრწმუნდეთ, რომ ეს უსასრულო სამყარო ჩვენთვის არ შექმნილა და არც მხოლოდ ჩვენს გარშემო ბრუნავს. ჩვენი პლანეტა შეიძლება ერთ-ერთი იყოს იმ მილიარდობით პლანეტიდან, რომელზეც სიცოცხლე ყვავის. შეიძლება ამ აღმოჩენასთან ძალიან ახლოს ვართ, ვნახოთ რა იქნება შემდეგი. . .
კომენტარები