აშშ-ში კურიერ რობოტებს ძარცვავენ — რა ხდება
საყიდლებისა და კერძების კურიერი რობოტები მომსახურების უსაფრთხო და სწრაფი მიწოდების გზაა. ამ ბიზნესში უკვე ჩართულია ბევრი კომპანია, მათ შორის, ესტონური სამგზავრო ფირმა Bolt, რომელმაც 2023 წლის ივნისში გამოაცხადა, რომ ტალინში მომხმარებლამდე საკვების მისაწოდებლად ავტონომიურ რობოტებს დანერგავდა. წამოწყებას მიესალმა მრავალი სხვა კომპანიაც, Starship Technologies-ის ჩათვლით, რომელმაც 2019 წელს გააფართოვა საკვების მიმწოდებელი ავტონომიური რობოტების ფლოტი აშშ-ს კოლეჯებში.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს, ერთი შეხედვით, უსაფრთხო წამოწყება რისკებსაც მოიცავს და თავად რობოტები თავს დაცულად ნამდვილად არ უნდა "გრძნობდნენ". მაგალითისთვის, აშშ-ში მსგავსი რობოტების გაძარცვისა და დაზიანების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც პოტენციურად საფრთხეს უქმნის ბიზნესებსა და მომხმარებლებს.
ლოს-ანჯელესის საინფორმაციო გამოშვება KTLA5-ის მიხედვით, გავრცელდა ვირუსული ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, როგორ ურტყამენ და ხსნიან ადამიანები რობოტებს, რათა მოიპარონ მათი პაკეტები ან უბრალოდ გაანადგურონ მანქანები.
ამავდროულად, Serve Robots-მა, კომპანიამ, რომელიც დასავლეთ ჰოლივუდს ავტონომიური მიწოდების მანქანებით ამარაგებს, განაცხადა, რომ, მიუხედავად ვანდალიზმის ბოლოდროინდელი აქტებისა, წარმატებული მიწოდების წილი 99,9%-ია.
ამასობაში, სხვა კომპანიებმა, როგორიცაა Starship Technologies, მიიღეს ზომები ვანდალიზმისა და ქურდობის პრევენციისთვის.
"თუკი ვინმე რობოტებს გზას გადაუღობავს, ისინი ეცდებიან მანევრირებას პირების გარშემო ან თავაზიანად სთხოვენ ადგილის დათმობას. თუ სიტუაცია დაიძაბება ან რობოტი დაზიანდება, ჩაირთვება ხმამაღალი სირენები და ნებისმიერი ინციდენტის შესახებ შეტყობინება გაეშვება. ჩვენი რობოტები ყოველთვის ჩაკეტილია და 12 კამერას მოიცავს", — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
მიუხედავად იმისა, რომ ამ მოწყობილობებზე ჩადენილი ძალადობის მიზეზი უცნობია, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს პროტესტის გარკვეული ფორმაა რობოტების მიერ ადამიანების სამუშაოს "წართმევის" გამო. მოწყობილობები სულ უფრო და უფრო მოქნილი და ეფექტური ხდება, რაც ადამიანი კადრების შემცირებას იწვევს.
კომენტარები