ვარსკვლავის ზომის შავი ხვრელი რადიოსიგნალებს ასხივებს და ჯერ უცნობია, რატომ
ასტრონომებმა მაგნიტური პლაზმის ჭავლში უცნაური ცვლილებები დააფიქსირეს. საუბარია პატარა შავ ხვრელსა და მის აქტივობაზე.
ცვლილებები ჩინეთში განთავსებული, 500-მეტრიანი დიაფრაგმის სფერული რადიოტელესკოპით (FAST) დააფიქსირეს.
უცნაური მოციმციმე ობიექტი, სახელწოდებით GRS 1915+105, შედგება ჩვეულებრივი ვარსკვლავისგან, რომელიც ბრუნავს ვარსკვლავური შავი ხვრელის გარშემო. კონკრეტული შავი ხვრელი, მასიური ვარსკვლავის კოლაფსის შემდეგ დაიბადა.
ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ვარსკვლავი შავი ხვრელის გარშემო ბრუნავს, მისი მასალის ნაწილი კოსმოსურ ურჩხულში ხვდება. ეს პროცესი აჩენს გამოსხივებას, რომლის დანახვა ძალიან შორიდანაც შეიძლება.
"სიგნალი ყოველ 0,2 წამი ერთხელ იგზავნება და მისი სიხშირე დაახლოებით 5 ჰერცია. მსგავსი სიგნალი გამონაკლისია და იშვიათ გარემოში ჩნდება. ჩვენს გუნდს გაუმართლა, რომ სიგნალი ორჯერ დაიჭირა", — თქვა ვეი ჟანგმა, ასტროფიზიკის პროფესორმა ჩინეთის ვუჰანის უნივერსიტეტიდან.
GRS 1915+105 არის ის, რასაც მკვლევრები მიკროკვაზარს უწოდებენ. ეს კვაზარის ვარსკვლავური მასშტაბის ვერსიაა. ცნობისთვის, კვაზარები ძალიან კაშკაშა გალაქტიკური გულებია, რომლებშიც მზეზე მილიონობით ან თუნდაც მილიარდობით უფრო მძიმე ზემასიური შავი ხვრელებია.
შემდეგი პოდკასტი: შავი ხვრელები — სამყაროს ყველაზე მისტიკური ობიექტები
ზემასიური შავი ხვრელები მატერიას იზიდავენ. ის მატერია, რომელიც მოვლენათა ჰორიზონტს გადაკვეთს, უკან ვეღარ დაბრუნდება. მიუხედავად ამისა, მატერიის ნაწილი გაურბის ამ ბედს და სანაცვლოდ მიედინება შავი ხვრელის კიდისკენ, კოსმოსში სუპერ-ენერგიული ჭავლების სახით. იგივე პროცესი მიკროკვაზარებშიც ხდება, თუმცა გაცილებით მცირე მასშტაბით.
კვაზი-პერიოდული რხევები (QPO), ცვლილებები, რომლებიც GRS 1915+105-ში ჩანს, აქამდე მსგავს შავ ხვრელებში არ დაუფიქსირებიათ. QPO-ები მნიშვნელოვანია შავი ხვრელებისა და მათი მიმდებარე სისტემების ფიზიკის გასაგებად, ამიტომ ამ ცვალებად მიკროკვაზარზე დაკვირვებამ, რომელიც დედამიწიდან დაახლოებით 28 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს, შეიძლება ნათელი მოჰფინოს პატარა შავი ხვრელების "კვების" ბუნებას.
მიუხედავად ამისა, მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან, თუ როგორ ასხივებს რადიოსიგნალებს ასეთი პატარა მასის შავი ხვრელი.
"ამაზე ზუსტი პასუხი არ გვაქვს, მაგრამ მიკროკვაზარებზე შემდეგმა დაკვირვებებმა უფრო მეტი უნდა გვითხრას. ეს მნიშვნელოვანია შავი ხვრელების ბუნების გასაგებად", — თქვა ჟანგმა.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები