ნახეთ: NASA-ს მავალმა მარსზე ხერხემლის მსგავსი ობიექტი დააფიქსირა
პარეიდოლიის კიდევ ერთი მაგალითი.
მარსზე არსებულ კლდოვან წარმონაქმნებს ხშირად ჩვენთვის ნაცნობ ობიექტებს ვამსგავსებთ, რასაც პარეიდოლია ეწოდება. რა თქმა უნდა, სინამდვილეში ასეთ ქვებს ამ საგნებთან საერთო არაფერი აქვს, გარდა ვიზუალური მახასიათებლებისა.
ამის ბოლო მაგალითი NASA-ს მიერ წითელ პლანეტაზე გაშვებული მავალის Curiosity მიერ დაფიქსირებული უჩვეულო შვერილების მქონე ქვაა, რომელიც ხერხემალს მოგვაგონებს. მისი სურათი სოციალურ ქსელ Twitter-ზე ასტრობიოლოგმა ნატალი კებროლმა გამოაქვეყნა. მან პოსტში აღნიშნა, რომ ეს ყველაზე უცნაური ქვაა, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში უნახავს.
მეცნიერმა ეს გამორჩეული გეოლოგიური ფორმაცია Gigapan-ის ტექნოლოგიით დამუშავებულ ინტერაქციულ გამოსახულებაზე შენიშნა, რომელიც ნევილ ტომპსონის მიერაა შექმნილი. სპეციალისტმა აღნიშნული არეალის კადრები გააერთიანა და და შესაბამისი ფერები დაადო, რამაც შვერილები კიდევ უფრო გამოკვეთა.
მაინც, რას უკავშირდება ასეთი ფორმების ჩამოყალიბება?
როგორც მეცნიერები ამბობენ, ეს მაშინ ხდება, როცა ტალღოვანი კლდოვანი წარმონაქმნები ეროზიას განიცდის. ამ დროს ქარი, რომელიც მტვრის ნაწილაკებს შეიცავს, ქვების სუსტ არეალებს მარტივად შლის, რის გამოც მხოლოდ მყარი სტრუქტურები რჩება. ისინი სხვადასხვა ფორმისაა და ხშირად ადამიანის თვალისთვის ნაცნობ ობიექტებს ძალიან ემსგავსება.
ზემოხსენებული ქვა კოსმოსურმა აპარატმა გეილის კრატერში გადაიღო, რომელსაც ის 2012 წლიდან მოყოლებული იკვლევს. იქ ადრე ტბა იყო, რომელიც ნელ-ნელა გაქრა, თუმცა თავისი კვალი მაინც დატოვა. Curiosity სწორედ ასეთ ნიმუშებს აკვირდება და ცდილობს, წითელი პლანეტის წარსულის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდოს.
კომენტარები