TikTok-ის მომხმარებლებს სტატუსების წერაც შეეძლებათ — პლატფორმაზე ახალი ფუნქცია გამოჩნდა
სოციალური ქსელი TikTok ტექტური პოსტების გამოქვეყნების ფუნქციას ამატებს. ეს ვიზუალურად Instagram Stories-ს მოგაგონებთ, რადგან ტექსტისთვის მუსიკისა თუ სტიკერების დართვაცაა შესაძლებელი.
TikTok-ის მომხმარებლებს ახლა სტატუსების წერაც შეეძლებათ. Twitter-ის დომინაცია მიკრობლოგინგის კუთხით, რომლის შეცვლასაც ბოლო დროს Meta-ს Threads აპირებდა, კიდევ უფრო აშკარა საფრთხის წინაშე დგება.
მოკლე ვიდეოების პლატფორმაზე სტატუსის წერა მაინც განსხვავებული გამოცდილება იქნება — აქ მომხმარებლებს ტექსტისთვის ფონის ფერის შერჩევა, მუსიკისა და სტიკერების დართვა შეეძლებათ. The Verge-ის ცნობით, TikTok-ზე ტექსტურ პოსტებს 1 000-სიმბოლიანი ლიმიტი აქვს, მსგავს პუბლიკაციებზე გამოხმაურება კი ვიდეოების მსგავსად იქნება შესაძლებელი — კომენტარებით, დუეტებით და ა.შ.
რა თქმა უნდა, თავისთავად, საინტერესოა, როცა კომპანია, რომელიც მსოფლიოში მოკლე ვიდეოების ბუმის მიზეზია, ტექსტური პუბლიკაციების გამოქვეყნების შესაძლებლობას იძლევა. თუმცა, გასათვალისწინებელია ის დრო, რა დროშიც პლატფორმაზე ეს ფუნქცია გამოჩნდა. Twitter, რომელიც ტექსტური მიკრობლოგინგის კუთხით წამყვანი პლატფორმაა, ნელ-ნელა ამ სტატუსს კარგავს. ამაში მას კონკურენტი ქსელები — Threads, Bluesky, Mastodon, "ეხმარება". მაშინ, როცა Twitter აქტიურად კარგავს ფუნქციებს, მომხმარებლებსა და ჩიტის ლოგოსაც კი, აპლიკაციები მისი ადგილის დაკავებას ცდილობენ და ეცდებიან.
Meta-ს, TikTok-ის მთავარ კონკურენტს მოკლე ვიდეოების ნაწილში, ბოლო დროს რეკორდული კვირები ჰქონდა, რაც ახალი სოციალური ქსელის — Threads-ის გამოჩენას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ეჭვი Threads-ის წარმატების მოკლევადიანობის შესახებ, TikTok-ისთვის მიკრობლოგინგის ბაზარზე ამ ფორმით შესვლა მაინც გამართლებული შეიძლება იყოს.
კომენტარები