რა ვიცით ჩეჩნეთში რუს ჟურნალისტსა და ადვოკატზე თავდასხმაზე
გროზნოში მიმავალ რუსული ნოვაია გაზეტას ჟურნალისტსა და ადამიანის უფლებათა დამცველ ადვოკატს თავს დაესხნენ და სცემეს.
4 ივლისის დილით, ადვოკატ ალექსანდრ ნემოვსა და ჟურნალისტ ელენა მილაშინას, რომლებიც ცნობილი ჩეჩენი ოპოზიციური ბლოგერების დედის, ზარემა მუსაევას სასამართლო პროცესზე მიდიოდნენ, შეიარაღებული კაცები დაესხნენ თავს.
ნემოვი წამების საწინააღმდეგო ეკიპაჟის (Crew Against Torture) და რუსეთის უფლებების დაცვის იმ ჯგუფის ადვოკატია, რომელიც მუსაევას დაცვის მხარეა.
Crew Against Torture-ს თანახმად, ჩრდილოეთ ოსეთში მდებარე ვლადიკავკაზის აეროპორტიდან ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში მიმავალ მანქანას 3-მა შეიარაღებული კაცებით სავსე მანქანამ გადაუკეტა გზა. ისინი ნემოვსა და მილაშინას თავს დაესხნენ, იარაღი დაუმიზნეს, აღჭურვილობა და დოკუმენტები ჩამოართვეს და გაანადგურეს.
ნოვაია გაზეტას სპიკერმა, ნადეჟდა პრუსენკოვამ OC Media-ს განუცხადა, რომ ნემოვსა და მილაშინას "მრავალი სისხლჩაქცევა და მოტეხილობა" აქვთ და ჩეჩნეთის გარეთ, კლინიკაში გადაიყვანეს.
თავდამსხმელებმა მილაშინას თავი გადაპარსეს და ბრილიანტის მწვანე გადაასხეს.
Crew Against Torture-ს ცნობით, ნემოვი ფეხში დაჭრეს, მილაშინას კი ორივე ხელზე რამდენიმე თითი აქვს მოტეხილი, გონება რამდენიმეჯერ დაკარგა და თავის არეში დაზიანება აღენიშნება. მათვე დაამატეს, რომ ნემოვის თანახმად, სცემეს, ხელკეტები ურტყეს, თავზე იარაღი მიაბჯინეს და ემუქრებოდნენ, რომ ესროდნენ.
ჯგუფის თავმჯდომარე სერგეი ბაბინეცმა დაამატა, რომ თავდამსხმელებმა ჩამოთვალეს და განუცხადეს სხვადასხვა საქმის შესახებ, რომელზეც ნემოვი და მილაშინა მუშაობდნენ.
"ორივეს ხელ-ფეხი და პლასტმასის მილები ურტყეს. ახსენებდნენ მათი აქტივობების, სამუშაოს, იმ სასამართლო პროცესების შესახებ, რომლებსაც ესწრებოდნენ და იმ სტატიებზეც, რომლებსაც მილაშინა წერდა. ეს ბანდიტური თავდასხმა კი არ იყო, არამედ იერიში მათი აქტივობების გამო", — აღნიშნა ბაბინეცმა.
პრუსენკოვამ OC Media-სთან თქვა, რომ მსხვერპლებმა ჩეჩნეთის პოლიციას ჩვენების მიცემაზე უარი უთხრეს, თუმცა რუსეთის ადამიანის უფლებათა კომისარმა, ტატიანა მოსკალკოვამ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტისგან თავდასხმის გამოძიება მოითხოვა.
სამშაბათ დილას, მილაშინას და ნემოვს გროზნოს გადაუდებელი დახმარების კლინიკაში უმკურნალეს და ჩეჩნეთის ადამიანის უფლებათა კომისარმა, მანსურ სოლთაევმა მოინახულა.
ვიდეო, რომელშიც მილაშინა სოლთაევს მომხდარის შესახებ უყვება, ჩეჩენმა ოპოზიციურმა ბლოგერმა, ტუმსო აბდურახმანოვმა ტელეგრამში გაავრცელა.
"ასე ვთქვათ, კლასიკური მოტაცების შემთხვევა იყო. უბრალოდ, დიდი ხანია არ მომხდარა. მოვიდნენ, ტაქსის მძღოლი მანქანიდან გადმოაგდეს, შემოცოცდნენ, თავები დაგვახრევინეს, ხელები შემიკრეს. [...] მუხლებზე დამაყენეს, თავზე იარაღი მომადეს. თითქოს, ყველაფერს ნერვიულად აკეთებდნენ, ხელებსაც კი ვერ მიკრავდნენ", — ამბობს მილაშინა ვიდეოში.
Crew Against Torture-ს განცხადებით, რამზან კადიროვის განკარგულებით, სოლთაევის თანხლებით, მილაშინას და ნემოვს ჩრდილოეთ ოსეთში, ბესლანში მდებარე კლინიკაში გადაიყვანენ.
პრუსენკოვას თქმით, თავდასხმა მილაშინასა და ნემოვის პროფესიულ აქტივობებთან არის დაკავშირებული — ორივე მსხვერპლი გროზნოში მიემგზავრებოდა, ზარემა მუსაევას სასამართლო პროცესზე, რომელიც 4 ივლისს, გროზნოს ახმატოვსკის რაიონის სასამართლოში გაიმართა. მუსაევა ცნობილი ოპოზიციური ბლოგერი ძმების, იანგულბაევების დედაა.
მუსაევას ერთ-ერთ ადვოკატზე თავდასხმის მიუხედავად, მოსამართლე მუსა ედიევმა პროცესის გადადებაზე უარი განაცხადა და ზარემა მუსაევას გამოსასწორებელ კოლონიაში 5 წელი და 6 თვე მიუსაჯეს, თაღლითობისა და პოლიციის ოფიცერზე თავდასხმის ბრალდებით.
რუსული ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია Memorial-ის განცხადებით, "ეჭვგარეშეა", რომ თავდასხმა ოფიციალური პირების დავალების მიხედვით დაიგეგმა, რათა მილაშინასა და ნემოვს პროცესზე დასწრება ვერ მოეხერხებინათ. ამასთან, უფრო ფართოდ, ჟურნალისტები, ადვოკატები და ის ადამიანები დაეშინებინათ, რომლებიც ადამიანის უფლებების მიმართულებით მუშაობენ.
Memorial-მა დაამატა, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი არამხოლოდ რამზან კადიროვი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც არის.
"ეჭვგარეშეა, რომ მოსკოვისა და გროზნოს ხელისუფალნი ერთობლივად მოქმედებენ", — დაწერა მემორიალმა.
"გასულ კვირას, პუტინმა ნოვაია გაზეტა ევროპას "არასასურველი" უწოდა, კადიროვმა კი ჟურნალისტებზე თავდასხმა დაგეგმა. პუტინი სულ უფრო რეპრესიულ კანონებს იღებს და რუსული სამართლებრივი სისტემის ნარჩენებს ანადგურებს, კადიროვი ადვოკატზე თავდასხმას აორგანიზებს. მაგრამ ორივე ერთი პოლიტიკის ნაწილი არიან".
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები