63-დღიანი დუმილის შემდეგ, მარსზე გაშვებული ვერტმფრენისგან სიგნალი მივიღეთ
მიმდინარე წლის 26 აპრილს NASA-ს მიერ მარსზე მავალთან ერთად გაშვებულ ვერტმფრენ Ingenuity-ისთან კავშირი გაწყდა. ახლა, აშშ-ის კოსმოსური სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას, რომ 1.8-კილოგრამიანი აპარატისგან, რომელიც წითელი პლანეტის ზედაპირიდან არაერთხელ აფრინდა, 28 ივნისს სიგნალი მივიღეთ.
NASA-ში აცხადებენ, რომ ადგილი, სადაც მარსმავალი Perseverance და Ingenuity ამჟამად ფუნქციონირებს, საკმაოდ უსწორმასწოროა, რაც კომუნიკაციის პრობლემების რისკს ზრდის. ესაა ეზეროს კრატერი, რომელშიც ძველად უზარმაზარი ტბა იყო.
ვერტმფრენმა ჩვენთან კავშირი Perseverance-ის მეშვეობით დაამყარა. ის წითელ პლანეტაზე შესრულებული რიგით 52-ე ფრენის ბოლოს გაქრა. ამის მიუხედავად, მისგან ახლახან მიღებული მონაცემების თანახმად, ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. აპარატმა ცაში 139-წამი გაატარა და 363 მეტრი მანძილი დაფარა.
პირველადი ინფორმაციით, ვერტმფრენი მწყობრშია. თუ ეს დამატებითი შემოწმებების შედეგადაც დადასტურდება, მისი მორიგი ფრენა რამდენიმე კვირაში შედგება.
ის, მარსმავალთან ერთად, ეზეროს კრატერში 2021 წლის თებერვალში დაეშვა. საწყისმა მისიამ, რომელიც მარსის ცაში 5-ჯერ აფრენას გულისხმობდა, კარგად ჩაიარა. მას შემდეგ ის ჩვენი მეზობელი ციური სხეულის ზედაპირიდან კიდე არაერთხელ აიჭრა, პარალელურად კი Perseverance-სს ზვერავდა.
მისი სიგნალები ჯერ სწორედ მავალს გადაეცემა, თუმცა ბოლოს ამ უკანასკნელსა და ვერტმფრენს შორის გორაკი მოექცა, რამაც კომუნიკაცია შეუძლებელი გახადა.
კომენტარები