ჩვენი გალაქტიკის ცენტრიდან სიგნალებს შესაძლოა, არამიწიერი ცივილიზაცია გზავნიდეს — კვლევა
მეცნიერები ცდილობენ, არამიწიერ ცივილიზაციას ჩვენი მშობლიური ირმის ნახტომის გალაქტიკის ცენტრიდან მომავალი განმეორებადი სიგნალების შესწავლის გზით მიაგნონ.
ასეთი რადიოტალღები ნეიტრონული ვარსკვლავების, პულსარების, მიერ ბუნებრივად გამოიყოფა, მაგრამ ასევე დამახასიათებელია ადამიანთა ტექნოლოგიისთვისაც, როგორიც, მაგალითად, რადარებია. ეს სიგნალები შორ დისტანციებზე საკომუნიკაციოდ იდეალურია, ამიტომ სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მსგავსი მონაცემები უცხოპლანეტელების ძიების პროცესში მნიშვნელოვანი საკვლევი მასალაა.
ავტორებმა შეიმუშავეს სათანადო პროგრამა, რათა განმეორებადი სიგნალები გამოევლინათ და ის ჩვენთვის ცნობილ პულსარებზე გამოცადეს. მათ სურდათ გაეგოთ, შეძლებდა თუ არა ის ვიწრო სიხშირის ტალღების იდენტიფიცირებას, რომლებსაც ტიპური FM რადიოსიგნალების სიხშირის მეათედი აქვს.
მეცნიერები ჩვენი გალაქტიკის შუა ნაწილიდან მომავალ სიგნალებზე არიან კონცენტრირებულნი, რადგან ამ რეგიონში მრავალი ვარსკვლავი და სიცოცხლესთან პოტენციურად თავსებადი ეგზოპლანეტაა. ასევე, მსგავსი მდებარეობა ამგვარი სიგნალების შორ მანძილზე გასაგზავნად ხელსაყრელია, რისთვისაც შესაძლოა, სწორედ ვიწრო სიხშირის განმეორებად ტალღებს იყენებდნენ. საქმე ისაა, რომ ასეთი კომბინაციის უბრალოდ დამთხვევის შანსი ძალიან მცირეა.
ზემოხსენებული ალგორითმი ტელესკოპთა 1.5 მილიონამდე მონაცემს მხოლოდ 30 წუთში ამუშავებს, თუმცა ჯერჯერობით ავტორებს არაფრისთვის მიუგნიათ. ამის მიუხედავად, კვლევა გრძელდება.
ახალი ნაშრომი გამოცემაში The Astronomical Journal გამოქვეყნდა.
კომენტარები