ჩვენი დნმ გარემოში ყველგანაა და მისი მოპოვება მარტივად შეიძლება — სასარგებლო თუ შემაშფოთებელი?
ფლორიდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ადამიანის დნმ-ის ნიმუშები გარემოში ძალიან მარტივად მოიპოვება. ეს სამეცნიერო კვლევებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს, თუმცა იქმნება ეთიკური დილემაც. ნაშრომი ჟურნალში Nature Ecology and Evolution გამოქვეყნდა.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა წყლიდან, მიწიდან და ჰაერიდან გარემოში არსებული დნმ-ის (eDNA) ნიმუშები შეაგროვეს. ისინი ზღვის კუებში ვირუსულ სიმსივნეებს იკვლევდნენ, მაგრამ შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ კუების დნმ-თან ერთად გარემოში ადამიანის დნმ-იც მნიშვნელოვანი რაოდენობით არსებობდა.
ეს უკანასკნელი მართლაც იმდენად ბევრი და ხარისხიანი იყო, რომ მკვლევრებმა გენეტიკური მუტაციებისა და ადგილობრივი პოპულაციების გენეტიკური წარმოშობის დადგენაც კი შეძლეს.
მიგნება მეცნიერებისთვის, თუნდაც არქეოლოგიისა და ანთროპოლოგიის კუთხით, საკმაოდ მნიშვნელოვანია. დნმ მიმდევრობების საჯარო ხელმისაწვდომობა მეცნიერებაში საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. მეორე მხრივ, ამ ინფორმაციის მოპოვებასა და გამოყენებას ნებისმიერი ადამიანი შეძლებს. შესაბამისად, ჩვენი მონაცემების დასაცავად გარკვეული მექანიზმების ამოქმედება იქნება საჭირო.
გარდა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა, მიგნებამ კრიმინალურ გამოძიებებშიც შეიძლება შეიტანოს წვლილი. მაგალითად, შესაძლოა, გარემოში არსებული დნმ-ით დამნაშავეთა ამოცნობა გამარტივდეს. ამ მხრივ საგულისხმოა, რომ დიდია ბოროტად გამოყენებისა და ცდომილებების რისკიც — დანაშაულის ადგილზე უდანაშაულო ადამიანის გენეტიკური მასალაც შეიძლება აღმოჩნდეს.
დევიდ დაფი, კვლევის მთავარი ავტორი, ხაზს უსვამს, რომ ამ პრობლემებთან დაკავშირებით ადრეული რეაგირებაა საჭირო, რათა კანონმდებლებსა და საზოგადოებას საკმარისი დრო მიეცეთ გონივრული რეგულაციების შესამუშავებლად.
"ყოველთვის, როდესაც ტექნოლოგიებში პროგრესს ვაღწევთ, არსებობს მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებშიც ტექნოლოგიის გამოყენება შეიძლება და შემაშფოთებელი რაღაცები, რაშიც ტექნოლოგიის გამოყენება შეიძლება. ეს შემთხვევა არაფრითაა განსხვავებული", — აცხადებს დაფი.
კომენტარები