სად დახატა მონა ლიზა ლეონარდო და ვინჩიმ — ადგილმდებარეობის საიდუმლო ამოხსნილია
იტალიელი მეცნიერი, ხელოვნების ისტორიის მკვლევარი, ირწმუნება, რომ მონა ლიზას ფონზე გამოსახული ხიდი ამოიცნო და გაარკვია, სად შესრულდა ნამუშევარი.
ასევე იხილეთ: მკვლევრებმა და ვინჩის ნამუშევრების საიდუმლო ინგრედიენტი აღმოაჩინეს — რას ურევდა მხატვარი საღებავში?
სილვანო ვინცეტი პროექტზე Le Rocca-ის კულტურულ ასოციაციასთან ერთად მუშაობდა. მან ახლად აღმოჩენილი ისტორიული დოკუმენტები შეისწავლა, ამჟამინდელი ლანდშაფტი კი დრონის გამოყენებით ნამუშევარში გამოსახულს დაადარა.
ვინცენტი ამტკიცებს, რომ ხიდი ტოსკანაშია.
"ეს რომიტო ეტრუსკულ-რომაული ხიდია, სახელად პონტე დი ვალე, რომელიც არეცოს პროვინციის მუნიციპალიტეტ ლატერინაში მდებარეობს", — განაცხადა ვინცეტიმ იტალიურ გამოცემა Ansa-სთან — "დღეისათვის ხიდის მხოლოდ ერთი თაღია შემორჩენილი, თუმცა 1501-1503 წლებში ხიდი ფუნქციონირებდა და ძალიან დატვირთული იყო".
მისი თქმით, ამას ფლორენციის ეროვნული არქივებიდან მოპოვებული დოკუმენტი მოწმობს მედიჩების ოჯახის ქონებაზე.
აქამდე ვარაუდობდნენ, რომ მონა ლიზაში გამოსახული ხიდი მდინარე არნოზე არსებული პონტე ბურიანოა ანდა პონტე ვეკიო. მიუხედავად ამისა, პონტე დი ვალე ამ კანდიდატურას უკეთ შეესაბამება, ვინაიდან ოთხი კამარა აქვს და არა 6 ან მეტი, როგორც სხვებს.
ვინცეტის თუ დავუჯერებთ, ემთხვევა ლანდშაფტიც.
"ტერიტორიაზე არნოს გამორჩეული ფორმა შეესაბამება იმას, რაც ლეონარდომ ლანდშაფტში გამოსახა დიდგვაროვანი ქალის გვერდით, რომელიც ცნობილ ნამუშევარშია დახატული".
ხიდის უდიდესი ნაწილი ამჟამად დანგრეულია, თუმცა თავის დროზე იგი არეცოს, ფიეზოლისა და ფლორენციის დამაკავშირებელი უმოკლესი გზა იყო.
ვინცეტის მიერ შესწავლილი დოკუმენტების მიხედვით, და ვინჩი ხშირად იმყოფებოდა ხოლმე ფიეზოლში, თავის ბიძასთან, რაც ადგილმდებარეობის დასადასტურებლად ასევე მნიშვნელოვანი დეტალია.
კომენტარები