გაეროს ქალთა ორგანიზაცია და კერძო სექტორი გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ კამპანიით ერთიანდებიან
საქართველოში ქალების პროფესიული არჩევანი გენდერული სტერეოტიპებით ხშირად იზღუდება. გავრცელებული მცდარი შეხედულებების გამო, საზოგადოება პროფესიებს კვლავაც "კაცისა და ქალის საქმეებად" ჰყოფს. შედეგად კი, ქალების დიდი ნაწილი საკუთარი ოცნებების ასრულებასა და პოტენციალის რეალიზებას ვერ ახერხებს. სწორედ ამ გენდერული სტერეოტიპების მსხვრევას ისახავს მიზნად გაეროს ქალთა ორგანიზაციის, კრეატიული სააგენტო "ვოთერგანზისა" და ბიზნესკომპანიების ერთობლივი კამპანია "ქალები, რომლებიც არ არსებობენ".
კამპანია "ქალები, რომლებიც არ არსებობენ" რამდენიმე ნაწილისგან შედგება. პირველ ეტაპზე თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე განთავსებული საინფორმაციო დაფები საზოგადოებას სიმბოლურად იმ "არარსებული ქალების" შესახებ შეახსენებს, რომელთა პროფესიული ოცნებებიც გავრცელებული სტერეოტიპების გამო ვერ ახდა. კამპანიის ძირითადი ნაწილი კი ონლაინსივრცეში წარიმართება. შექმნილია სპეციალური ვებგვერდი www.unstereotype.ge, რომელიც დაინტერესებულ ინტერნეტმომხმარებელს პროფესიებზე არსებული მცდარი წარმოდგენების შესახებ სხვადასხვა ისტორიას უამბობს.
უნდა ითქვას, რომ პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით სტერეოტიპების გავლენას სტატისტიკაც ადასტურებს. მაგალითად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გოგოები, როგორც წესი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური კეთილდღეობის, ბიზნესის, ადმინისტრირების, სამართლისა და მომსახურების პროგრამებზე დომინირებენ, ხოლო ბიჭები ინჟინერიის, წარმოების, მშენებლობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამების სტუდენტების უმრავლესობას წარმოადგენენ. 2021 წლის მონაცემებით, ქვეყანაში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კურსდამთავრებულთა 33%-ია ქალი, ინჟინერიის, წარმოებისა და მშენებლობის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 8%-ს შეადგენს.
კამპანია "ქალები, რომლებიც არ არსებობენ" შეეცდება, ახალგაზრდებს, რომლებსაც პროფესიული არჩევანის გაკეთებისას სტერეოტიპებთან გამკლავება უწევთ, მხარი დაუჭიროს და აჩვენოს, რომ გავრცელებული წარმოდგენები სინამდვილეში რეალობას არ შეესაბამება. ასევე, მთლიანად საზოგადოებას შეახსენოს, რომ პროფესიები სქესის ნიშნით არ იყოფა.
კამპანია თბილისის საკრებულოსთან თანამშრომლობით მიმდინარეობს. იგი პროექტის "კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში" ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილს წარმოადგენს, რომელსაც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ახორციელებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: ნინო ნატროშვილი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, 595 35 64 68, [email protected]
კომენტარები