ვების ტელესკოპმა დედამიწის მსგავსი ეგზოპლანეტა დეტალურად გამოიკვლია — რა გავიგეთ
დედამიწისგან დაახლოებით 40 სინათლის წლის მოშორებით განლაგებულია სისტემა TRAPPIST-1, რომელიც ჩვენსას ძალიან ჰგავს. ის 7 მყარ, კლდოვან პლანეტას აერთიანებს და მათგან ვარსკვლავთან ყველაზე ახლოს TRAPPIST-1b მოძრაობს. ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა სწორედ ეს ციური სხეული შეისწავლა.
აღნიშნული ობიექტიდან მომავალი სინათლის დეტალურ ანალიზზე დაყრდნობით მეცნიერები აცხადებენ, რომ იქ ატმოსფეროს კვალი ვერ დააფიქსირეს. ეს ნიშნავს, რომ TRAPPIST-1b სიცოცხლისთვის თავსებადი, სავარაუდოდ, ვერ იქნება. ამის მიუხედავად, დავრწმუნდით, რომ მსოფლიოში უმძლავრეს ობსერვატორიას ეგზოპლანეტებზე დაკვირვება და ღირებული მონაცემების მოპოვება შეუძლია, რაც დანარჩენი 6 პლანეტის შესასწავლად გამოგვადგება.
ვების შუა ინფრაწითელი კამერის მეშვეობით მეცნიერებმა ამ ციური სხეულის ტემპერატურა დაადგინეს, რომელიც 230 გრადუს ცელსიუსს აღწევს, ასეთი სიცხის პირობებში კი ატმოსფეროს, დიდი ალბათობით, ვერ შეინარჩუნებდა. ის დედამიწაზე 1.4-ჯერ დიდია, ხოლო მასა და მნათობს შორის დისტანცია 40-ჯერ მცირეა, ვიდრე მზესა და მერკურის შორის.
მისი მნათობი მზეზე ნაკლებად მცხუნვარეა, მაგრამ TRAPPIST-1b დაახლოებით 4-ჯერ მეტ სინათლეს იღებს, ვიდრე დედამიწა. მკვლევრებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა ის ფაქტი, რომ მას ატმოსფერო არ აქვს, სამაგიეროდ უფრო დიდ იმედს ამყარებენ იქ მდებარე სულ მცირე სამ ეგზოპლანეტაზე: TRAPPIST-1e-ზე, 1f-სა და 1g-ზე, რომლებიც ისეთ ზონაშია განლაგებული, სადაც წყლის თხევადი სახით არსებობა გამორიცხული არაა.
ეს სისტემა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საკვლევი ობიექტია და კარგადაცაა შესწავლილი. ცენტრალური ვარსკვლავი წითელი ჯუჯის ტიპისაა, რომელიც ჩვენს გალაქტიკაში ყველაზე გავრცელებულია. ამასთან, დედამიწის მსგავსი, მყარი ობიექტები ძირითადად სწორედ ამგვარი მნათობების ირგვლივ გადაადგილდება.
ასტრონომები ამბობენ, რომ TRAPPIST-1b-ს კიდევ ერთხელ ივნისში დააკვირდებიან და შეეცდებიან გაიგონ, ხომ არ აქვს მას ძალიან თხელი ატმოსფერო. მათი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები