ერთი ფრაზით თავის პროევროპელად წარმოჩენას ქართული ოცნების წევრებიც ცდილობენ — რა ხდება
მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ რუსული კანონი დაუგეგმავად განიხილა, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა, პროტესტზე გამოსული მოქალაქეები წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზით დაშალა და დააპატიმრა, პროევროპელობის დაბრალებაც მოინდომა. მესიჯბოქსების და ნარატივების შემუშავებითა და გავრცელებით ცნობილმა პარტიამ დღეს ისეთი პოსტების დადება დაიწყო, რომლითაც ცდილობენ შექმნან ილუზია, რომ ევროპა სურთ, არ ებრძვიან და სხვებს მხოლოდ იქამდე მისასვლელ გზაში არ ეთანხმებიან.
ვინ დგას ევროპის მხარეს
"ევროკავშირი ჩვენი თვითმიზანი კი არ არის" — თქვა 2 მარტს ანტიდასავლური ხალხის ძალის წევრმა, რუსული კანონის ინიციატორმა, მიხეილ ყაველაშვილმა, რომელმაც ბოლო პერიოდში თავი მავნებლური განცხადებებითა და დაგინებებით დაგვამახსოვრა.
წიგნების რა გითხრათ, მაგრამ მგონი კონსტიტუციის ის ნაწილი ნამდვილად არ აქვს წაკითხული, სადაც 78-ე მუხლი პირდაპირ ამბობს: "კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად".
ყაველაშვილისა და მისი მხარდამჭერებისთვის რეალობის შესახსენებლად კანონის მოწინააღმდეგეებმა ბოლო დღეებში აქტიურად დაიწყეს პროევროპული განცხადებების გავრცელება და იმის ხაზგასმა, რომ საქართველოს თვითმიზანი ევროინტეგრაციაა.
გუშინ უკვე გესაუბრეთ მომღერლებზე, მსახიობებზე, სპორტსმენებზე, მწერლებზე, პროფესორებზე, სტუდენტებზე, მასწავლებლებზე, გართობის ინდუსტრიის წარმომადგენლებზე, ასოციაციებსა და მოქალაქეებზე, რომლებიც პირდაპირ ამბობდნენ — არა რუსულ კანონს და საუბრობდნენ, რატომ სურთ ევროპა.
შეფასებითი, ცალსახა პოსტები დაწერეს, როგორც მოქმედმა, ასევე ყოფილმა სპორტსმენებმაც, მათ შორის, შოთა არველაძემ, რასაც საზოგადოების დიდი ნაწილისგან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. 7 მარტის აქციიდან ფოტო-ვიდეოები გასთორეს რამდენიმე სპორტსმენმა, მათ შორის, გიორგი ცინცაძემ, გოგა ბითაძემ, გიორგი ქვილითაიამ.
"არავის არ აქვს უფლება შეუშალოს ხელი ქვეყნის განვითარებას !!! მე ვარ ქართველი და ყოველთვის ხელს შევუწყობ ჩემი ქვეყნის განვითარებას. მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ ევროპელი! საქართველო ევროპა იყო არის და იქნება!!!", — დაწერა მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ.
გუშინ საპროტესტო მუხტს შეუერთდნენ ხვიჩა კვარაცხელია, საქართველოს ეროვნული ნაკრების სხვა ფეხბურთელები, კალათბურთელები და მორაგბეები. გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ რუსულ კანონს აპროტესტებდნენ, რადგან ძირითადად ევროპის მნიშვნელობას უსვამდნენ ხაზს.
ზოგიერთი მათგანი მხოლოდ ევროკავშირისა და საქართველოს დროშის ფოტოს აქვეყნებდა.
თუმცა, მოგვიანებით პროტესტის ამ ფორმამ კითხვები გააჩინა, უერთდებოდნენ თუ არა ნაკრების სპორტსმენები ხალხის პროტესტს, ეწინააღმდეგებოდნენ თუ არა რუსულ კანონს ან ხელისუფლების ბოლოდრინდელ განცხადებებსა და ქმედებებს. განსაკუთრებით დამაბნეველი გახდა, როცა რაგბის ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ, ჯერ დაპოსტა, ევროპა ერთადერთი გამოსავალიაო, შემდეგ კი დაამატა: "მოგიწოდებთ ყველას ჩემ პირად პოზიციას საკუთარი ინტერესებითვის ნუ გამოიყენებთ".
თავის პროევროპელებად გასაღების მცდელობა
როგორც ჩანს, მარტივი ფრაზებით მოქმედების იდეა მოეწონათ და დღეს დილით პროტესტის გადაფარვა და თავის პროევროპელად წარმოჩენა ქართულმა ოცნებამაც მოინდომა — ასე გაჩნდა ახალი ნარატივი: "ღირსებით ევროპისკენ".
საინტერესოა, ევროპისკენ სვლაზე პოსტით რატომ გველაპარაკება გუნდი, რომელიც თავადაა პასუხისმგებელი ევროპასთან დაახლოებაზე და ბოლო პერიოდში ამის მხარდასაჭერად არაფერს აკეთებს.
ქართული ოცნების FB-გვერდზე გამოქვეყნებული ქარდი, მალევე მოხვდა ირაკლი კობახიძისა და და მამუკა მდინარაძის კედელზე. თანაპარტიელებს არ ჩამორჩა არც ელისო კილაძე, ანრი ოხანაშვილი, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი ზარქუა, ედიშერ თოლორაია, დავით მათიკაშვილი და სხვები. Facebook-ზე არა, თუმცა Instagram-ზე ეს ფრაზა გასთორა ლევან კობიაშვილმაც.
ღირსებაზე ქართული ოცნების აპელირება მოჰყვა ბიუროს სხდომაზე გიორგი ბურჯანაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ თუ ევროკავშირში განაცხადი გვაქვს გაკეთებული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ — "რომ გვითხრან, ერთი კვირა ცალ ფეხზე უნდა იდგეთო, უნდა ვიდგეთ და გავაკეთოთ ყველაფერი".
მაშინ, როცა თვითონ ხშირად ადანაშაულებენ ადამიანებს კონტექსის ცვლილებაში, თავად არ მორიდებიან და ბურჯანაძის ამ განცხადებას ინტერპრეტაციებისა და პროპაგანდისტული ნარატივის გასავრცელებლად აქტიურად იყენებენ.
დღეს ამაზე კოვიდინფიცირებული კალაძეც კი გვესაუბრა და განაცხადა, თუ ოპონენტების არჩევანი ევროპისკენ ცალ ფეხზე სიარულია, თქვენი ნებაა, მაგრამ "მონური დამოკიდებულებით ევროპაში ვერავინ შევალთო".
კომენტარები