ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ, საქართველოშიც ჩნდება პროფესიებთან დაკავშირებული ახალი საჭიროებები და შესაძლებლობები, ამ მხრივ ახალგაზრდების ინფორმირება კი აუცილებელია. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ ტექნოლოგიური სფეროს პოტენციალს, მოთხოვნასა და ანაზღაურებას.

ამ მხრივ, 1 მარტს თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში შესულებს განსაკუთრებული რამ დაგვხვდა. ამ სივრცეში პროფესიის არჩევის ზღვარზე მყოფ 40-მდე ახალგაზრდას, ტექნოლოგიურ სფეროში უკვე წარმატებულ სპიკერებს, თიბისისა და ჩართეს წარმომადგენლებს მოეყარათ თავი.

ფოტო: TBC X Charte

TBC Tech-ისა და ჩართეს ერთობლივი ღონისძიების იდეა — ჩაეტარებინათ მასტერკლასი თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიების თემაზე, ცოტა ხნის წინ გაჩნდა. როგორც ჩართეს ოპერაციულმა ხელმძღვანელმა, მარიამ მჭედლიშვილმა გვითხრა: "ეს არის პირველი შემთხვევა, როცა პროექტი ჩართე შეხვდა თავის მონაწილეებს ფიზიკურ სივრცეში და თან თბილისში".

ძალიან დიდი მნიშვნელობის მოვლენაა ჩვენთვის, რადგან არ გვინდა, რომ პროექტი მხოლოდ კომპიუტერის გადაცემითა და ინტერნეტის დაფინანსებით შემოიფარგლებოდეს", — მარიამ მჭედლიშვილი.

პროექტმა ჩართემ 5 წლის განმავლობაში უკვე 2000-ზე მეტ სოციალურად დაუცველ ოჯახსა და ბავშვს მისცა წვდომა კომპიუტერსა და ინტერნეტზე. რეგიონების უმეტესობის მოცვის შემდეგ კი გუნდი, არჩეული მთავარი მისიის შესრულების პარალელურად, ახალი პრობლემების იდენტიფიცირებასა და გადაჭრის გზებზე მუშაობს. მარიამ მჭედლიშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ მხრივ ისეთი კომპანიების მხარდაჭერა, როგორიც თიბისია. იდეის გაჩენის შემდეგ გუნდმა მხარდაჭერისთვის თიბისის მიაკითხა და თანხმობა მალევე მიიღო. სწორედ ამ მხარდაჭერის დამადასტურებელი ტექსტით დაიწყო შეხვედრა თიბისი ტექნოლოგიების ბრენდ მენეჯერმა, სალომე მიქაბერიძემ:

"ჩვენ — თიბისი, როგორც განათლებისა და ახალი თაობის მხარდამჭერი, რა თქმა უნდა, ავყევით ჩართეს ამ ინიციატივაში და მეტიც, თიბისელებიც ჩავრთეთ ამ ყველაფერში. დღეს ისინი სპიკერები იქნებიან და მოგიყვებიან იმ პროფესიებზე, რომლებიც დღეს ძალიან მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადია. იმედია, რომ დიდ მოტივაციას გაგიჩენთ დღევანდელი დღე".

ჩართეს დაკვირვებით, ახალგაზრდებსა თუ მოზარდებში მწირია ინფორმაცია ამ მომენტისთვის ძალიან მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებთან დაკავშირებით. მათ შორის ბუნდოვანია, თუ რა შესაძლებლობებია ამ მხრივ საქართველოში, როგორ უნდა აირჩიონ პროფესია ან რა პროფესიები არსებობს.

"პროექტი ჩართე მუშაობს რეგიონებში და ცდილობს მისცეს კომპიუტერი და ინტერნეტი იმ ოჯახების წარმომადგენლებს, ვისაც თავად არ აქვთ ამის შესაძლებლობა. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ ინფორმაციაზე წვდომა. მასტერკლასების ჩატარების იდეა სწორედ აქედან გაჩნდა, თამთა კაპანაძესთან ერთად, რომელიც ჩართესთან ერთად არის გრეის ჰოპერის ჯილდოს გამარჯვებული, გადავწყვიტეთ, რომ საგანმანათლებლო მიმართულება დაგვეწყო ჩვენი პროექტის მონაწილეებისთვის. ამის შემდეგ ჩვენი მოსწავლეებისთვის ვატარებდით ონლაინ შეხვედრებს სხვადასხვა პროფესიებთან დაკავშირებით. ამ პროცესში გაჩნდა იდეა, რომ მოდი გავაკეთოთ ფიზიკური შეხვედრა, სადაც უკვე ის მოსწავლეები, რომლებიც თბილისში ჩამოვიდნენ, უნივერსიტეტში სწავლობენ, ან კოლეჯში, ანუ სკოლა დაამთავრეს და არიან პროფესიის არჩევის პროცესში, შევახვედროთ იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ ტექნოლოგიების სფეროში, რადგან მოგეხსენებათ, ეს ყველაზე მზარდი სფეროა, მაღალანაზღაურებადია და ბევრი პერსპექტივა აქვს", — გვითხრა მარიამ მჭედლიშვილმა.

საერთო საზოგადო სიკეთისკენ ვისწრაფვით ის ადამიანები, რომლებიც ამ პროექტში ვართ ჩართული, რადგან გვესმის, რომ ამ მოზარდების განვითარება და გაძლიერება, რეალურად, ძალიან დადებითად აისახება ქვეყნის განვითარებაზეც", — მარიამ მჭედლიშვილი.

თიბისის ტექნოლოგიურ თანამშრომლებს — ღონისძიების სპიკერებს ჩართეს ბენეფიციარებისთვის ტექნოლოგიურ სამყაროში გზამკვლევობის მისია ჰქონდათ. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს არ ყოფილა მხოლოდ ტექნიკური მასტერკლასი, ტექნიკური ცოდნის გადაცემის აკადემიური მცდელობით. ეს იყო უშუალო დიალოგი თიბისის თანამშრომლებსა და ჩართეს ბენეფიციარებს შორის, გამოსვლები საკუთარი გამოცდილების, მარცხის, წარმატების, ინტერესებისა თუ ამ მომენტისთვის არსებული ტენდენციების შესახებ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გარდა სფეროში არსებული შესაძლებლობების, გამოწვევებისა და საჭიროებების ჩვენებისა, სპიკერებმა აუდიტორიას საქართველოში, ტექნოლოგიურ სფეროში გასავლელი გზების მოდელებიც აჩვენეს. ეს ყველაფერი კი საკუთარ მაგალითზე, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით.

ღონისძიების ფარგლებში ბენეფიციარებს თიბისის წარმომადგენლებმა ისეთი მიმართულებების ტენდენციები გააცნეს, როგორებიცაა: ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერია, სისტემების ინჟინერია, UI/UX დიზაინი, IOS დეველოპმენტი, პროდუქტის მენეჯმენტი და ადამიანური რესურსები.

მათ შორის თიბისის HR ბიზნეს პარტნიორმა, ნინი ნიკოლაძემ ახალგაზრდებს შრომით ბაზარზე არსებული საჭიროებები თუ გამოწვევები გააცნო. მან ასევე სამუშაოს ძიების პროცესში ტექნოლოგიური პროდუქტების გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი იყო პლატფორმა Linkedin, სადაც დამსაქმებელთან უშუალო კომუნიკაცია და უამრავი პროფესიულად სასარგებლო საქმიანი პროცესის წარმართვაა შესაძლებელი. ნინი ნიკოლაძემ ასევე ისაუბრა თიბისი IT აკადემიაზე, რომლის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა აქვთ დასაქმდნენ თიბისიში.

ფოტო: TBC X Charte

შემდეგმა გამომსვლელმა — ალინა ტყაბლაძემ, რომელიც თიბისიში ტესტირების ავტომატიზაციის მენეჯერია, აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარა — ბანკის ფილიალიდან ტესტერობამდე და ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გააკეთა არჩევანი სამართლის სპეციალობასა და პროგრამირებას შორის.

"როცა ხარ დამწყები პროგრამირებაში, შედარებით მარტივია ტესტერად დასაქმდე. ეს არის პროფესია, რომელსაც დასაწყისისთვის კოდის წერა არ სჭირდება", — თქვა ალინამ გამოსვლისას. "შეიძლება პროგრამირება მოგწონდეს ბევრი რამის გამო. ბევრისთვის მნიშვნელოვანია ანაზღაურების ფაქტორი, თუმცა ჩემთვის ეს არ იყო გადამწყვეტი. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის კმაყოფილი სახე, რომელიც მქონდა როცა რაღაც მუშაობდა, როცა რაღაც ავამუშავე.

უნდა იყო ცნობისმოყვარე და კომფორტის ზონიდან გამოსვლა არ უნდა იყოს პრობლემური და დიდხნიანი. რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს მომენტი, რომ პაუზა გააკეთო და იფიქრო, მაგრამ მერე რომ აღიარებ საკუთარ თავთან, რომ ახალი ცოდნა გაკლია, რაღაც ახალი უნდა გააკეთო".

ფოტო: ალინა ტყაბლაძე, TBC X Charte

ეს არის მიმართულება, რომელიც მუდმივად ვითარდება, შესაბამისად მნიშვნელოვანია, სიახლეებს ფეხი აუწყო და მოგწონდეს რაღაც ახლის გაგება", — ალინა ტყაბლაძე.

ალინას შემდეგ ჩართეს ბენეფიციარებს საკუთარი გამოცდილება თიბისის iOS დეველოპერმა, ნინო გოძიაშვილმა გაუზიარა. პრაქტიკული რჩევების გაცემისა და ემოციური გამოსვლის შემდეგ, სპიკერთან გასაუბრების შესაძლებლობა გვქონდა:

"ჩემთვის პირველი იყო მსგავსი აუდიტორიის წინაშე გამოსვლა და ვფიქრობ, რომ ჯერ მხოლოდ იმ დადებითი ემოციებისთვის ღირდა, რაც მივიღე ამ ადამიანებისგან. მით უმეტეს, ჯერ ბავშვები არიან და არ იციან რა მიმართულებით განვითარდნენ. მგონია, რომ უბრალოდ უნდა დაიწყონ და თვითონ უნდა სცადონ, მინიმუმ, რომ გაიგონ, ეს მათია თუ არა და მერე უკვე მიიღონ გადაწყვეტილება რა მიმართულებით უნდათ გაგრძელება".

ღონისძიების შემდეგ ნაწილში სცენაზე თიბისის UI/UX დიზაინერი — საბა ჩიტაშვილი, სისტემის ინჟინერი — ქეთი ტუღუში და სერვის ექსპერტი — საბა მიქაია გამოჩნდნენ. თითოეულმა სპიკერმა დამსწრეებს საკუთარი გამოცდილება და კონკრეტული პროფესიის სპეციფიკა გააცნო. როგორია იყო UI/UX დიზაინერი საქართველოში? რა საქმეს მოიცავს ამ პროფესიით მუშაობა? რა ევალება სისტემის ინჟინერსა თუ სერვის ექსპერტს. დამსწრეებმა ამ კითხვებზე პასუხები მიიღეს.

პროფესიული მასტერკლასის შემდეგ ახალგაზრდები სხვადასხვა აკადემიების წარმომადგენლებს გაესაუბრნენ და მათი მომავალი პროფესიების დაუფლების გზაზე შემხვედრ შესაძლო საჭიროებებსა და გამოწვევებს გაეცნენ.

მათ შორის, ბენეფიციარებს საშუალება ჰქონდათ, რომ თიბისის IT აკადემიის წარმომადგენლებთან ესაუბრათ და მასტერკლასის გავლის შემდეგ, უკვე კონკრეტული მიმართულებით ცოდნის მიღებისკენაც გადაედგათ ნაბიჯი. IT აკადემიის ღონისძიების სივრცეში გაერთიანება მნიშვნელოვანი იყო, რადგან ის ამ მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიების დაუფლებას უფასოდ გვთავაზობს და დასაქმების პერსპექტივაც მაღალია. ჩართეს ბენეფიციარებისთვის კი ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული სტარტაპი Upway, რომელმაც ჩართესა და TBC Tech-ის ერთობლივი ღონისძიების მხარდაჭერის ფარგლებში 40-მდე ახალგაზრდას Upway-ს 50-ლარიანი ვაუჩერები გადასცა. Upway არის კურსების მრავალფეროვანი პლატფორმა საქართველოში, რომელიც ქვეყანაში არსებულ ონლაინ თუ ფიზიკურ კურსებს 6 ძირითად კატეგორიაში აერთიანებს. Upway-ს ვაუჩერების გამოყენებით ბენეფიციარები პლატფორმაზე განთავსებულ 400-მდე კურსზე სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლებენ.

ფოტო: TBC X Charte

"30-წლიანი ისტორიის განმავლობაში თიბისი ყოველთვის უჭერდა მხარს განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას. ჩვენი ბრენდის მთავარ სოციალურ ფოკუსად სწორედ ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა ვაქციეთ. პროფესიული მასტერკლასი, რომელიც თიბისის თანამშრომელებმა ჩართეს ბენეფიციარებს ჩაუტარეს, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, პროფესიულ ბაზარზე არსებულ თანამედროვე ტენდენციებს გაეცნონ და აითვისონ. თიბისი ჩართესთან თანამშრომლობას განაგრძობს და მომავალში სხვა არაერთი საგანმანათლებლო თუ ტექნოლოგიური ინიციატივებით დაუჭერს მხარს", — გვითხრა თიბისის სტრატეგიული პროექტების მართვის ლიდერმა, ალექსანდრე მაყაშვილმა.

"როგორც პასუხისმგებლიან მოქალაქეებს, კომპანიებსა თუ ორგანიზაციების, შეგვიძლია, ჩვენი წვლილი შევიტანოთ რეგიონებში მცხოვრები მოზარდებისა და მათი ოჯახების აკადემიური, პროფესიული თუ ფინანსური განვითარების პროცესში. თიბისის ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული ადამიანების მხრიდან ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება პროექტ ჩართეს მონაწილეებს დაეხმარებათ, მიიღონ მეტი ინფორმაცია და შეიქმნან სწორი მოლოდინები ამ სფეროში არსებულ პროფესიებსა და პერსპექტივებზე", — ამბობს მარიამ მჭედლიშვილი, პროექტ ჩართეს ოპერაციული ხელმძღვანელი.

ჩართესა და თიბისის თანამშრომლობა ტექნოლოგიურ პროფესიებზე საგანმანათლებლო ღონისძიებების მოწყობის კუთხით ერთი მხრივ პროექტ ჩართეს ახალი მიმართულებაა, მეორე მხრივ კი თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და სოციალურად დაუცველი უფროსკლასელების განათლებით უზრუნველყოფას მოიაზრებს. კომპანიის ცნობით, ღონისძიების ჩატარების იდეით თიბისის 2022 წლის გრეის ჰოპერის პროგრამის გამარჯვებულებმა: ქალების გაძლიერების ნომინაციაში თამთა კაპანაძემ და პროექტმა ჩართემ მიმართეს. გრეის ჰოპერის დაჯილდოება 2021 წელს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ინიციატივითა და თიბისის პარტნიორობით ჩამოყალიბდა და მისი მიზანია საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სფეროში გოგონებისა და ქალების მიღწევების აღიარება, მათი გაძლიერება და ხელშეწყობა.

ფოტო: TBC X Charte

თიბისისა და ჩართეს ერთობლივი მასტერკლასის ფარგლებში ჩართეს ბენეფიციარებმა ტექნოლოგიურ პროფესიებთან დაკავშირებული ცოდნა და სხვადასხვა აკადემიაში სწავლისთვის რჩევებიც მიიღეს. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, დიდი ალბათობით, ამგვარი შეხვედრები გაგრძელდება და საქართველოში კიდევ უამრავ სოციალურად დაუცველ მოსწავლეს ექნება როგორც წვდომა ინტერნეტთან და კომპიუტერთან (პროექტ ჩართეს ფარგლებში) ასევე წვდომა თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცოდნასთან — რა პროფესიები არსებობს მიმდინარე მომენტისთვის, რომელი პროფესიებია მოთხოვნადი/მაღალანაზღაურებადი და როგორ ავირჩიოთ ჩვენთვის შესაფერისი პროფესია.