მეცნიერებმა ვირთხის სიცოცხლე საგრძნობლად გაახანგრძლივეს — კიდევ ერთი ნაბიჯი სიბერის წინააღმდეგ
მეცნიერ ჰეროლდ კეჩერის ხელმძღვანელობით მიმდინარე ერთ-ერთ ექსპერიმენტში მონაწილე სპეციალისტები სიბერის დამარცხებას ცდილობენ. მან კომპანია Yuvan Research-ში მუშაობის დროს აღმოაჩინა, რომ ახალგაზრდა ცხოველთა სისხლში არის რაღაც, რაც მათი ორგანიზმის დაბერების პროცესს აკონტროლებს. მკვლევარმა Sprague Dawley-ის სახეობის 8 მდედრ ვირთხაზე გაახალგაზრდავების ახალი მეთოდი გამოცადა და შედეგმაც არ დააყოვნა.
ცდისპირი მღრღნელებიდან დღემდე ერთმა ინდივიდმა მოაღწია, სახელად სიმამ, რომელიც 2019 წლის 28 თებერვალს დაიბადა. ეს ნიშნავს, რომ ის 47 თვეზე მეტია, ცოცხლობს, რითაც მან რეკორდი დაამყარა. აქამდე იმავე სახეობის მდედრი წარმომადგენლის სიცოცხლის მაქსიმალურ ხანგრძლივობად სამეცნიერო ლიტერატურაში 45.5 თვე იყო მითითებული.
მეცნიერები ექსპერიმენტის შესახებ კვლევას მაშინ გამოაქვეყნებენ, როცა სიმა მოკვდება, რათა შედეგები სრულად გააანალიზონ. ამის მიუხედავად, ამჟამინდელი მონაცემებით, კონტროლ ჯგუფში შემავალმა ვირთხებმა, რომელთაც სხეულში პლაცებო შეუყვანეს, 38 თვემდე იცოცხლეს. მეორე ჯგუფს E5, ანუ კონცენტრირებული და ტოქსინებისგან "გაწმენდილი" სისხლის პლაზმის ინიექციები გაუკეთეს, რითაც ამ ცხოველთა სიცოცხლე 47 თვემდე გაახანგრძლივეს.
ასევე, აღსანიშნავია, რომ პლაზმამ ვირთხებში მოჭიდების ძალა გაზარდა და მათი ორგანოებისა თუ ქსოვილების მდგომარეობა გააუმჯობესა. მსგავსი წარმატების მიუხედავად, დღესდღეობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს მეთოდი ადამიანებში სიბერეს შექცევადს გახდის.
"ამ ექსპერიმენტების მიზანი სიცოცხლის გახანგრძლივება არაა, არამედ ადამიანთა გაახალგაზრდავება და მათი წლების ოქროს წლებად გადაქცევა, ხნიერებისა და ტკივილის პერიოდის ნაცვლად. თუმცა, ფაქტი ისაა, რომ ჩვენ ესეც შეგვიძლია, სიცოცხლის გახანგრძლივება, რაც არცთუ ისე ცუდი გვერდითი ეფექტია", — ამბობს ჰეროლდ კეჩერი.
მეცნიერები გეგმავენ, რომ ეს ინიექციები სხვა სახეობების წარმომადგენლებზე გამოცადონ, სანამ კვლევებში ადამიანებს ჩართავენ. საინტერესოა, რომ ჩვენს წლებში თუ გადავიყვანთ, სიმა 126 წლისაა, ადამიანის სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა კი 122.5 წელია.
კომენტარები