მზის სისტემის შორეულ ჯუჯა პლანეტას მატერიის რგოლი აქვს, რომელიც იქ არ უნდა იყოს
ჩვენს მზის სისტემაში, ნეპტუნის მიღმა, განლაგებულია კოიპერის სარტყელი, სადაც ჯუჯა პლანეტა კვავარი მდებარეობს, რომელიც მსგავს ციურ სხეულებს შორის სიდიდით მეშვიდე ადგილს იკავებს (პირველობა პლუტონს ეკუთვნის). 2002 წელს აღმოჩენილი 1 121 კილომეტრი სიგანის მქონე ობიექტის გარშემო მეცნიერებმა მატერიის რგოლი გამოავლინეს, თუმცა, წესით, ის იქ არ უნდა იყოს.
ზოგადად, მსგავს რგოლებში განსაკუთრებული არაფერია. ისინი სატურნს, იუპიტერს, ურანსა და ნეპტუნსაც აქვს, ასევე, ჯუჯა პლანეტა ჰაუმეასა და ასტეროიდ Chariklo-ს. ამის მიუხედავად, კვავარის შემთხვევაში ის ციური სხეულისგან ზედმეტად დიდ დისტანციაზეა. სპეციალისტებმა ამ უჩვეულო მახასიათებლის შესახებ 2018-21 წლებში სხვადასხვა ტელესკოპით მოპოვებული მონაცემების ანალიზის შედეგად შეიტყვეს, მანამდე კი მიაჩნდათ, რომ მსგავსი რამ შეუძლებელი იყო.
რგოლის რადიუსი ობიექტის ცენტრიდან დაახლოებით 3 885 კილომეტრია და იმდენად შორსაა, რომ გრავიტაცია მას არ უნდა აკავებდეს, არამედ იქ თავმოყრილი მტვრით ბუნებრივი თანამგზავრი უნდა წარმოიქმნას. ამგვარი წინააღმდეგობით მან ე.წ. როშეს ზღვარი, ანუ რგოლების შესანარჩუნებლად საჭირო მანძილის მიჯნა გაარღვია, რის გამოც მეცნიერებს ამ ყველაფრის გადახედვა მოუწევთ.
კვავარის რგოლი ასტრონომებმა ვარსკვლავების ფონზე მისი ჩავლისას შეგროვებულ მონაცემებში აღმოაჩინეს, რომლებშიც სიკაშკაშის ცვლილება იყო ასახული. მათ შენიშნეს, რომ ციური სხეულის გარდა სინათლეს კიდევ რაღაც ბლოკავდა, მნათობთა ფონზე ჯუჯა პლანეტის ჩავლამდე და ჩავლის შემდეგ, რაც სწორედ წრიულად თავმოყრილ ორბიტულ მატერიას შეესაბამება. ეს ვარაუდი რამდენიმე ობსერვატორიით განხორციელებული დაკვირვებებით დადასტურდა, უმთავრესი როლი კი კოსმოსურმა ტელესკოპმა CHEOPS შეასრულა, რომელიც მაღალი მგრძნობელობით გამოირჩევა.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები