მოუსმინეთ: როგორ ჟღერს ჩვენი გალაქტიკის ერთ-ერთი უმშვენიერესი ვარსკვლავის "ხმა"
RS Puppis ჩვენგან დაახლოებით 6 500 სინათლის წლით დაშორებული ვარსკვლავია, რომელიც ცეფეიდების ტიპში ერთიანდება. ასეთი მნათობების სიკაშკაშესა და ნათების პერიოდულობას შორის მჭიდრო კავშირია, რასაც მეცნიერები იქიდან წამოსული სინათლის გასაზომად იყენებენ, რომელზე დაყრდნობითაც მანძილსაც ზომავენ. ეს ნიშნავს, რომ ცეფეიდები კოსმოსური დისტანციების დადგენაში გვეხმარება.
RS Puppis ირმის ნახტომის გალაქტიკაში მდებარე ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი ვარსკვლავია, რომელიც მზეზე საშუალოდ15 000-ჯერ კაშკაშაა და მტვრის ღრუბლითაა გარემოცული. მისგან გამოყოფილი სინათლის ნაკადი იქ აირეკლება და გამოსხივების ერთგვარ ექოს წარმოქმნის, რაც მნათობის გარშემო ულამაზეს რგოლებს აჩენს. ამ უკანასკნელთა შესწავლის გზით მეცნიერებს მტვრის მახასიათებლების შესწავლა შეუძლიათ, ეს კი ვარსკვლავთშორისი მატერიის შესახებ მეტის გაგებაში გვეხმარება.
პროექტ SYSTEM Sounds-ის ფარგლებში სპეციალისტებმა RS Puppis-ისა და მისი გარემომცველი მტვრის ღრუბლის შთამბეჭდავი გამოსახულება აუდიომასალად აქციეს, რასაც სონიფიკაცია ეწოდება. ამისთვის მათ ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული სურათი გამოიყენეს.
ხმები ფოტოში გარეთა არეალიდან შიდა მიმართულებით, ცენტრისკენ მიმავალ წრიულ რეგიონს შეესაბამება. ჟღერადობა სიკაშკაშის მიხედვით იცვლება და დასაწყისში უფრო მაღალი ბგერები ისმის, ვიდრე ბოლოს.
მსგავსი სონიფიკაცია კოსმოსური საოცრებების მრავალფეროვანი აღქმის საშუალებას გვაძლევს და შთამბეჭდავ სურათებს უსინათლო ადამიანებისთვისაც ხელმისაწვდომს ხდის. ამას ისეთი დეტალების გამოვლენაც შეუძლია, რომლებიც მონაცემებში უყურადღებოდ შეიძლება დაგვრჩეს.
კომენტარები