31 იანვარს მთვარე მარსს "დააბნელებს" — სად ვუყუროთ
31 იანვარს მარსი დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრის მიღმა გაუჩინარდება, რასაც მთვარისმიერი დაჩრდილვა ეწოდება. ეს მოვლენა ღამის ცაზე კარგად გამოჩნდება აშშ-ის სამხრეთ ნაწილიდან, კალიფორნიიდან ფლორამდე, ასევე, მექსიკიდან, ცენტრალური ამერიკიდან და კარიბებიდან.
იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ რეგიონში არ ცხოვრობენ, ლოს ანჯელესში მდებარე გრიფიტის ობსერვატორია პირდაპირ ტრანსლაციას გაუშვებს, რომლისთვისაც თვალის მიდევნებას უფასოდ შეძლებთ და საოცარ სანახაობასაც არ გამოაკლდებით.
ობსერვატორიის ვებგვერდსა და YouTube არხზე ტრანსლაცია თბილისის დროით 08:00 საათზე დაიწყება და 2 საათი გაგრძელდება.
წითელი პლანეტა მთვარის მიღმა დაახლოებით 08:36 საათზე გაუჩინარდება და თითქმის ერთ საათში ისევ გამოჩნდება. ბოლოს მსგავსი რამ 2022 წლის 7 დეკემბერს მოხდა, სავსემთვარეობის დროს. მოყვარულმა და პროფესიონალმა ასტროფოტოგრაფებმა მაშინ არაერთი შთამბეჭდავი ფოტო გადაიღეს.
31 იანვარს, მთვარისმიერი დაჩრდილვის განმავლობაში, დედამიწის თანამგზავრის დისკო 68 პროცენტით იქნება განათებული, რაც სავსე და ნახევარმთვარეობას შორის გარდამავალი ფაზაა. წინა ამგვარ მოვლენასთან შედარებით, მარსი წითლად ისე ვეღარ იელვარებს, რადგან მას შემდეგ ის დედამიწას დაახლოებით 48 მილიონი კილომეტრი მანძილით დაშორდა და სიკაშკაშეც შემცირდა.
ამის მიუხედავად, ეს სანახაობა თვალწარმტაცი იქნება, რადგან მარსი მთვარეს დასავლეთიდან მიუახლოვდება და მისი ბნელი კიდის მიღმა გაქრება, ხელახლა კი დისკოს ნათელი მხრიდან გამოანათებს.
კომენტარები