დათვი მარსზე? — NASA-ს აპარატმა წითელ პლანეტაზე ცხოველის გამოსახულება დააფიქსირა
12 დეკემბერს NASA-ს მიერ მარსის ორბიტაზე გაშვებულ ზონდ Reconnaissance-ზე დამონტაჟებულმა კამერამ HiRise წითელი პლანეტის ზედაპირზე უჩვეულო გამოსახულება გადაიღო. სურათზე ვხედავთ წარმონაქმნს, რომლის კონტურებიც დათვის სახეს მოგვაგონებს.
რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ შემთხვევითი მსგავსებაა, კერძოდ კი ადამიანის მიერ ნაცნობი ობიექტის მახასიათებლების გადატანა რაიმეზე, რასაც სინამდვილეში მასთან საერთო არაფერი აქვს. ასეთ ფენომენს პარეიდოლია ეწოდება და ის ჩვენს მეზობელ ციურ სხეულთან მიმართებაში საკმაოდ ხშირად იჩენს ხოლმე თავს.
გამოდის, რომ უკანასკნელ ფოტოზე აღბეჭდილი ლანდშაფტი ადამიანის თვალისთვის უბრალოდ ამ ცხოველის სახესთან მიახლოებულ მოხაზულობას იმეორებს.
დათვის თავის მომრგვალებული სტრუქტურა, სავარაუდოდ, გრუნტქვეშა კრატერში ჩავარდნილი დანალექისგანაა ფორმირებული, თვალების ადგილზე კი ორი პატარა ღრმულია. V-ს ფორმის ცხვირის კონტურს კოლაფსირებული შემაღლება ქმნის, რომელიც ვულკანური წარმოშობისაა ან ტალახის ერთგვარი არხია.
როგორც უკვე ვახსენეთ, მარსზე არსებული წარმონაქმნების ჩვენთვის ნაცნობ ცხოველებთან ან ობიექტებთან მიმსგავსება საკმაოდ ხშირია. მაგალითად, 1976 წელს კოსმოსურმა ხომალდმა Viking 1-მა ადამიანის სახის მაგვარი რამ დააფიქსირა, მოგვიანებით კი იმავე რეგიონის ახალი გამოსახულებით გაირკვა, რომ ძველი სურათი დაბალი გარჩევადობის იყო, ამიტომ არასწორ ასოციაციას იწვევდა.
ასევე, მარსზე გადაღებულია კლდეში გაჭრილი შესასვლელი, რომელიც ძალიან მცირე ზომის ქვა აღმოჩნდა. იგივე შეიძლება ითქვას იხვის ფორმის სტრუქტურაზე, რომელიც მარსმავალმა Curiosity ახლახან გადაიღო. ამ სიაშია ძვლები, კოვზები, მოცვის მარცვლები და სხვა, რომელთაგანაც ყველა უბრალო ოპტიკური ილუზიაა.
კომენტარები