აღმოაჩინეს ვარსკვლავთა წყვილი, რომელთა 1 წელიც მხოლოდ 20.5 საათს გრძელდება
ასტროფიზიკოსთა გუნდმა აღმოაჩინა ვარსკვლავთა ბინარული სისტემა, რომელში შემავალი ულტრაცივი ჯუჯა მნათობებიც ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა განლაგებული. შედეგად, თითოეულ მათგანზე 1 წელი მხოლოდ 20.5 საათს გრძელდება, რაც დედამიწურ დღე-ღამეზე ხანმოკლე პერიოდია.
მსგავსი ობიექტების შეუიარაღებელი თვალით დანახვა არ შეგვიძლია, მაგრამ ისინი სამყაროში მრავლად გვხვდება. მცირე მასის გამო ამგვარი ვარსკვლავები მხოლოდ ინფრაწითელ სინათლეს გამოყოფს, ამიტომ მათ დასაფიქსირებლად სწორედ აღნიშნულ სპექტრზე მორგებული ტელესკოპები გვჭირდება.
საინტერესოა, რომ ასეთ სიახლოვეს მნათობთა არსებობა, თეორიების მიხედვით, შესაძლებელია, თუმცა LP 413-53AB-ის სახელით ცნობილი წყვილი იშვიათი პირდაპირი მაგალითია. აქამდე სულ 3 ასეთი სისტემა იყო გამოვლენილი.
მეცნიერებმა LP 413-53AB-ს დაარქივებული მონაცემების ანალიზისას, სპეციალური ალგორითმის მეშვეობით მიაგნეს. ძველ ფოტოებში წყვილი ერთ ვარსკვლავს მოგვაგონებდა, რაც მათი სიახლოვის გათვალისწინებით გასაკვირი სულაც არაა. ამის მიუხედავად, კეკის ობსერვატორიით განხორციელებულმა დაკვირვებებმა ყველაფერს ნათელი მოჰფინა.
მნათობთა ბინარული სისტემების უმეტესობაში ორბიტული პერიოდი რამდენიმე წელია, თუმცა ამ შემთხვევაში ობიექტებს შორის არსებული რეკორდულად მცირე დისტანცია წლის ხანგრძლივობას საგრძნობლად ამცირებს. შედარებისთვის, ეს ვარსკვლავები ერთმანეთთან იმაზე ახლოს მდებარეობს, ვიდრე იუპიტერი და მისი თანამგზავრი კალისტო.
LP 413-53AB დანარჩენ, 40 მილიონ წლამდე ასაკის 3 მსგავს სისტემაზე ბევრად ხნიერია — რამდენიმე მილიარდი წლის, როგორც ჩვენი მზე. ეს ნიშნავს, რომ ვარსკვლავები იმაზე ახლოს წარმოიქმნა, ვიდრე ახლაა ან მათი ორბიტები ეტაპობრივად შემჭიდროვდა. შესაძლოა, მათ მესამე მეზობელიც ჰყოლოდა, რომელიც მძლავრმა გრავიტაციამ სისტემიდან გააგდო.
მეტის გასაგებად დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო, რაც მნათობთა სასიცოცხლო ზონების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვაწვდის და სიცოცხლესთან თავსებადი ეგზოპლანეტების მოძებნაში დაგვეხმარება. მეცნიერებმა შედეგები ამერიკული ასტრონომიული საზოგადოების შეხვედრაზე წარადგინეს.
კომენტარები