ბროუდერი: პუტინი პატარა კრიმინალია, რომელიც სასოწარკვეთილად ცდილობს გადარჩეს
პუტინის შეჩერება ძალმოსილ ჯარს, სწორი შეიარაღებით და სწორი მოტივაციით, შეუძლია. მისი შეჩერება უკრაინის ჯარს შეუძლია — ამბობს ბილ ბროუდერი, მსოფლიოში ცნობილი მაგნიტკსის აქტის თანაავტორი და ფინანსისტი.
ბროუდერი, უკვე წლებია, რაც პუტინის ხელისუფლებას ებრძვის და კარგად იცნობს მას. ფინანსისტისა და ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლის თქმით, პუტინის ერთადერთი მიზანი ძალაუფლების შენარჩუნება და საკუთარი თავის გადარჩენაა. გთავაზობთ ინტერვიუს ბილ ბროუდერთან, რომელიც ამერიკის ხმის ჟურნალისტმა, მარიამ უგრეხელიძემ ჩაწერა.
ცოტა ხნის წინ თქვენ თქვით, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკიდან დასავლეთში გაყინული 350 მილიარდი დოლარი, უკრაინის აღსადგენად უნდა გამოიყენონ. როგორ წარმოგიდგენიათ ამის შესრულება, რა მექანიზმით შეიძლება, რომ ეს რეალობად იქცეს?
არსებობს ერთი ძალიან დიდი ბარიერი, რაც ამ ფულის გამოყენებას ხელს უშლის, ესაა "სუვერენული იმუნიტეტის" კონცეფცია. რუსეთი უკრაინას ბომბავს, ანადგურებს უკრაინელების საკუთრებას, ხოცავს ხალხს და იმალება იმ იდეის უკან, რომ მისი ფული დაცული უნდა იყოს საერთაშორისო კანონისა და სუვერენული იმუნიტეტის გამო.
ძალიან ნათელია, რაც უნდა გაკეთდეს: უნდა ვთქვათ, რომ თუ რუსეთი თავიდან იგონებს საერთაშორისო კრიმინალს, მაშინ დასავლეთმაც უნდა შეცვალოს საერთაშორისო კანონი. იმას ვგულისხმობ, რომ მათ უნდა შეცვალონ კანონი სუვერენული იმუნიტეტის შესახებ და უნდა თქვან, რომ სუვერენული იმუნიტეტი აბსოლუტური ცნება არაა. რომ ის მოქმედებს უმეტეს შემთხვევებში, მაგრამ როდესაც ქვეყანა სხვა ქვეყნის სუვერენიტეტს უმიზეზოდ არღვევს, ანგრევს ამ ქვეყნის საკუთრებას, მაშინ სუვერენული [იმუნიტეტი] მასზე აღარ იმოქმედებს. ამ გზით იქნება შესაძლებელი, რომ ის 350 მილიარდი დოლარი უკრაინის აღმშენებლობას მოხმარდეს.
ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ დასავლეთმა პუტინი ფულისგან უნდა დაცალოს და ეს ყველა შესაძლო გზით უნდა გააკეთოს. როგორ ფიქრობთ, მოახერხა ეს დასავლეთმა? კიდევ რისი გაკეთება შეუძლია მსოფლიოს დემოკრატიულ ნაწილს რუსეთის სანქცირებისთვის?
ვფიქრობ ის, რაც ყველამ იცის, მაგრამ ამაზე არ საუბრობს ისაა, რომ, რომ დასავლეთი განაგრძობს ფულის ხარჯვას და რუსული გაზისა და ნავთობის შესყიდვას. რუსეთი განაგრძობს ნავთობპროდუქტების უზარმაზარი რაოდენობით გაყიდვას და ამით ძალიან დიდ ფულს იღებს. სანამ ეს არ შემცირდება, ან შეწყდება, იქამდე პუტინს კვლავ ექნება ფული უკრაინელების დასახოცად.
მართალია, სანქციები დავუწესეთ [რუსეთის] ცენტრალური ბანკის რეზერვებს, ოლიგარქებს, შევაჩერეთ ტექნოლოგიის გაყიდვა რუსეთში, მაგრამ იქ კიდევ ბევრი ფული მიედინება ნავთობის შესყიდვის გამო.
გარდა ამისა, ძალიან ბევრია ისეთი ქვეყანა, რომელიც ამ სანქციებს არ შეუერთდა: ჩინეთი, ინდოეთი, სამხრეთ აფრიკა, ინდონეზია, ბრაზილია...ამ ქვეყნებმა ტკივილი თავად უნდა იგრძნონ, მათზე მეორეული სანქციები უნდა დაწესდეს იმ შემთხვევაში, თუ ისინი განაგრძობენ დასავლური სანქციების უგულებელყოფას და რუსეთის დახმარებას ამ სანქციებისგან თავის აცილებაში.
რადგან ოლიგარქები ახსენეთ, როგორ ფიქრობთ, არსებობს შანსი, რომ რუსმა ოლიგარქებმა პუტინს მხარი აღარ დაუჭირონ?
ოლიგარქებმა შეწყვიტეს პუტინის მხარდაჭერა 24 თებერვლის შემდეგ, ოღონდ მხოლოდ თავიანთ წარმოდგენაში. ოლიგარქები ისეთი მშიშარა, ისეთი პატარა ადამიანები არიან, რომ პუტინთან სიტყვაც არ წამოსცდებათ [ომის შესახებ]. მათ ასევე, ეშინიათ მისი და არასდროს აღუდგებიან წინ. ასე რომ, არ მგონია, რომ ოლიგარქებისგან უნდა ველოდოთ ამ საშინელი პუტინის პრობლემის ოდესმე გადაჭრას.
ცოტა ხნის წინ თქვენ თქვით, რომ მილიარდერების მკვლელობები რუსეთში მიანიშნებს იმაზე, რომ ოლიგარქები ფულს ითხოვენ. შეგიძლიათ მეტი გვითხრათ, რას გულისხმობდით?
რუსეთში ფულის რაოდენობა, რომელიც რუსებისთვისაა ხელმისაწვდომი, სანქციების დაწესების შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა. ამასთან ერთად, ძალაუფლების მქონე ბევრი რუსი უკმაყოფილოა, ვინაიდან ისინი კონკრეტული ცხოვრების წესს არიან მიჩვეულნი და ახლა ეს ცხოვრების წესი გამქრალია. რუსეთში კი ფული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე - ადამიანური სიცოცხლე.
უკვე წლებია ვუყურებთ, რომ [რუსეთში] ხალხი ფულის გამო ერთმანეთს ხოცავს. ასე რომ, ჩემთვის ნათელია: ეს საეჭვო გარდაცვალებები, გარდაცვალება კი არა მკვლელობებია და ამ მკვლელობებს არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან, ეს ადამიანებს შორის ფულისთვის ბრძოლის შედეგია.
თქვენ ცხოვრების ბოლო წლები ვლადიმირ პუტინთან ბრძოლაში გაატარეთ. მას კარგად იცნობთ. ამიტომ მაინტერესებს რას ფიქრობთ მის გეგმებზე უკრაინის ომთან დაკავშირებით. ნათელია, რომ 24 თებერვლის შემდეგ თავდაპირველი მიზანი შეიცვალა, როგორ ფიქრობთ, რა სურს ახლა მას და რაზეა წამსვლელი სასურველის მისაღწევად?
ვლადიმირ პუტინმა ეს ომი თავისი ძალაუფლების გასაძლიერებლად დაიწყო. კარგი ომი, ყოველთვის ეხმარება დიქტატორს. თუმცა, მან არასწორად გათვალა ის, თუ ძალთა რა სხვაობა იყო მის სამხედროებსა და უკრაინელებს შორის.
ახლა ის კუთხეშია მიმწყვდეული, უკან დახევა ნამდვილად არ შეუძლია, არც ჯარის უკან გაწვევა, ან მოლაპარაკება შეუძლია. ასე რომ, ის გააგრძელებს ხალხის, იარაღის და სასოწარკვეთის უკრაინისკენ მიმართვას იმ იმედით, რომ სიტუაცია რაღაც ეტაპზე მის სასიკეთოდ შეიცვლება.
როგორია თქვენი მოლოდინები 2023 წლისთვის, საით მიდის ეს ომი?
სამწუხაროდ, არაფერი კარგისკენ. არ მგონია, რომ უკრაინელებს რუსების დასახმარებლად საკმარისი იარაღი აქვთ. ისინი [უკრაინელები] იგებენ, მაგრამ არა — საკმარისად დამაჯერებლად. ასევე არ მგონია, რომ რუსები დანებდებიან. პუტინი გააგრძელებს ახალგაზრდების გაწვევას. ის გააგრძელებს იარაღის შესყიდვას ირანისგან, ჩრდილოეთ კორეისგან და ნებისმიერისგან, ვინც იარაღს ყიდის.
ვფიქრობ, ეს იქნება საშინელი ჭაობი, რომელიც გულისმომკვლელად ბევრი უკრაინელისა და რუსის სიცოცხლეს შეიწირავს.
მაგრამ რას იტყვით დასავლეთის დახმარებაზე უკრაინისადმი? ამერიკა, ნატო უკრაინას მეტ იარაღს აწვდის, არაა ეს საკმარისი?
არა, არაა საკმარისი. ჩვენ მეტი იარაღი, უფრო დიდი, უფრო მომაკვდინებელი იარაღი უნდა მივაწოდოთ უკრაინას. თებერვლის შემდეგ, ყველაფერი [იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით] ყოველთვის იყო ოდნავ უფრო ცოტა და ოდნავ უფრო დაგვიანებული, ვიდრე საჭირო იყო.
ერთხელ ახსენეთ, რომ პუტინს არ ედარდება არც საკუთარი ქვეყანა, არც ნატოს გაფართოება, არც საბჭოთა კავშირის აღდგენა. მაშინ რა ადარდებს მას, რა სურს?
მას მხოლოდ ერთი რამ ადარდებს და ეს ძალაუფლებაში დარჩენაა, რადგან თუ ის ძალაუფლებას დაკარგავს, მაშინ ის ციხეში წავა, ფულს დაკარგავს და მოკვდება. ასე რომ, ისაა პატარა კრიმინალი, რომელიც სასოწარკვეთილად ცდილობს გადარჩეს. ამისთვის კი აბსოლუტურად ყველაფერს გაწირავს.
პრეზიდენტობა პუტინმა ომის სერიებით დაიწყო, თუ შეიძლება, რომ ასე ვთქვათ. ჯერ იყო ომი ჩეჩნეთში, შემდეგ საქართველოში, შემდეგ ის ორჯერ შეიჭრა უკრაინაში, 2014 წელს და ახლანდელი ომის დროს. რა შეაჩერებს მას?
ერთი რამ, რაც მას შეაჩერებს, არის ძალმოსილი ჯარი, შესაბამისი იარაღით და სწორი მოტივაციით. უკრაინელებს შეუძლიათ მისი შეჩერება, თუ საკმარისი იარაღი ექნებათ ამის გასაკეთებლად. მათ ახლა აქვთ საკმარისი იარაღი იმისთვის, რომ არ წააგონ, მაგრამ იმისთვის, რომ მოიგონ, მეტი სჭირდებათ.
თუ უკრაინელები გააგრძელებენ ბრძოლას ახლანდელი ტრაექტორიით და მათ მეტ, უფრო ძლევამოსილ იარაღს მისცემენ, მაშინ ისინი შეძლებენ, რომ რუსები სამხედრო შესაძლებლობით 30 წლით უკან დახიონ.
კომენტარები