8 ნიშანი იმისა, რომ შესაძლოა, გულის დაავადება გქონდეთ
ადამიანებში გულის დაავადებები საკმაოდ გავრცელებულია. მსგავსი პრობლემები ჩვენს ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს და ზოგ შემთხვევაში ფატალურადაც სრულდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ეპიცენტრში გულია, ზოგჯერ სიმპტომები მას სულაც არ უკავშირდება.
წინამდებარე სტატიაში სწორედ იმ ნიშნებზე გესაუბრებით, რომლებიც შესაძლოა გულის დაავადებაზე მიუთითებდეს.
1. ძილის აპნოე
ძილის აპნოე არის მდგომარეობა, რომელსაც სუნთქვის დროებითი და პერიოდული წყვეტა ახასიათებს. ამის გამო ადამიანის ტვინს საკმარისი რაოდენობის ჟანგბადი ვეღარ მიეწოდება, სისხლძარღვებსა და გულს კი სიგნალები ეგზავნება, რომ უფრო მძლავრად იმუშაოს, რათა სისხლის დინება ჩვეულად წარიმართოს. ეს მაღალი წნევის, არითმიის, ინსულტისა და გულის უკმარისობის რისკს ზრდის.
2. სუსტი მოჭიდების ძალა
თქვენს ხელებში არსებული ძალა შესაძლოა, გულის მდგომარეობაზე მეტყველებდეს. მაგალითად, მათ, ვინც ნივთებს ხელს მაგრად უჭერს, გულის დაავადებების ჩამოყალიბება ნაკლებად ემუქრება. ასევე, თუ რამეზე მოჭიდება, მაგალითად, ხის ტოტზე დაკიდება გიჭირთ, ასეთი პრობლემების გაჩენის რისკი იზრდება.
3. მუქი წერტილები ფრჩხილებქვეშ
თუ ბოლო დროს ხელის ან ფეხის თითები არაფრისთვის მიგირტყამთ და არც რაიმე დაგცემიათ, მაგრამ ფრჩხილების ქვეშ სისხლის პაწაწინა წერტილები გაგიჩნდათ, არაა გამორიცხული, რომ გულის შიდა საფარველის ანთება გქონდეთ. ამას ენდოკარდიტი ეწოდება. მსგავსი წერტილები, ასევე, დიაბეტსაც ახასიათებს, რაც გულის დაავადებებისთვის რიკს-ფაქტორია.
4. თავბრუსხვევა
თავბრუსხვევა საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებაა. ამავდროულად, ის შესაძლოა, იმის ნიშანი იყოს, რომ თქვენი გული მთლად მწყობრში არაა, რადგან ტვინს საკმარისი რაოდენობის სისხლს ვერ აწვდის. თავბრუსხვევა ხშირად არითმიასაც ახლავს თან, ისევე, როგორც გულის უკმარისობას, ანუ მისი ფუნქციის დარღვევას.
5. სქესობრივი პრობლემები
სქესობრივი პრობლემები ზოგჯერ სწორედ გულის დაავადებებითაა გამოწვეული და ინფარქტისა თუ ინსულტის რისკსაც ზრდის. მაგალითად, კაცებში ერექციულ დისფუნქციას შესაძლოა, სისხლის მიმოქცევის პრობლემა, მაღალი წნევა ან შევიწროებული არტერიები იწვევდეს, რაც ქალების ლიბიდოზეც უარყოფითად მოქმედებს.
6. კანის შეფერილობის ცვლილება
ხელის ან ფეხის თითების მიმდებარედ კანის მოიისფრო და მუქი შეფერილობა, რომელიც მანამდე არ აღინიშნებოდა, ზოგჯერ ჟანგბადით მდიდარი სისხლის შეფერხებული ცირკულაციის შედეგია. ამის უკან მდგომი სავარაუდო ფაქტორი გულის თანდაყოლილი დეფექტი, სისხლძარღვთა შევიწროება ან ბლოკირებაა.
7. სუნთქვის გაძნელება
სუნთქვის გაძნელება ან ჰაერის უკმარისობა ხშირად გულის უკმარისობის, არითმიისა და ინფარქტის, ანუ გულის შეტევის სიმპტომებს შორისაა. თუ ადრე კონკრეტული მოძრაობისას მსგავსი რამ არ გაწუხებდათ, მაგალითად, კიბეებზე უპრობლემოდ ადიოდით, ახლა კი ეს გიჭირთ, გირჩევთ, სპეციალისტთან კონსულტაცია გაიაროთ.
8. ფეხების დასივება
ფეხების დასივებამ შესაძლოა მაშინ შეგაწუხოთ, როცა მჯდომარე ან მდგომარე პოზიციაში დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებით. ის ხშირია ორსულებშიც, მაგრამ გულის უკმარისობის გამო კიდურებში სისხლის შეფერხებული მიმოქცევაც იწვევს. შესივების სავარაუდო მიზეზი სისხლძარღვში არსებული შენადედიცაა, რომელიც ფეხებიდან გულში სისხლის შედინებას უშლის ხელს.
ჩამოთვლილთაგან თითოეული სიმპტომი საყურადღებოა და ექიმთან ვიზიტს საჭიროებს, რათა მათი გამომწვევი მიზეზი დადგინდეს.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები