Google Chrome-ს წლების განმავლობაში დასცინოდნენ და ხუმრობით "მეხსიერების ღორს" ეძახდნენ. ახლა კი გუგლმა შეიმუშავა ახალი რეჟიმი, რომელიც ოპერატიული მეხსიერებისა და ბატარეის დაზოგვაზეა ორიენტირებული. განახლება გლობალურად გავრცელდება მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში Windows-ის, macOS-ისა და ChromeOS-ის მომხმარებლებისთვის.

ამგვარად, მათ, ვისაც ბევრი ღია ჩანართი აქვს, შეუძლიათ, გაააქტიურონ მეხსიერების დაზოგვის რეჟიმი, რათა გაათავისუფლონ ოპერატიული მეხსიერება ჩანართებისგან, რომლებსაც არ იყენებენ. არააქტიური ჩანართები, საჭიროების შემთხვევაში, ხელახლა ჩაიტვირთება.

ახალმა რეჟიმმა არა მხოლოდ უნდა გააიოლოს მრავალი დავალების შესრულებისას გახსნილი ჩანართების გამოყენება, არამედ, ხელი არ უნდა შეუშალოს ქრომის მიღმა არსებულ აპლიკაციებსაც. გუგლის თქმით, მეხსიერების დაზოგვის რეჟიმით შეგვიძლია, სხვა ინტენსიური პროგრამების გაშვებისას, მაგალითად, თამაშისას ან ვიდეოების აწყობისას, ქრომის ბრაუზერი ჩართული გვქონდეს.

ენერგიის დაზოგვის რეჟიმს შეუძლია, შეზღუდოს გარკვეული ეფექტები ვიდეოებისა და ანიმაციების ყურებისას და ფონური აქტივობის დროს. ფუნქცია ავტომატურად ირთვება, როდესაც ლეპტოპის ბატარეის დონე დაეცემა 20%-ზე დაბლა, მაგრამ მომხმარებლებს თავადაც შეუძლიათ მისი ჩართვა ან გამორთვა.

ფოტო: TECHSPOT

რეჟიმების ჩასართავად ბრაუზერის ფანჯრის ზედა მარჯვენა კუთხეში განთავსებულ სიმბოლოებს უნდა დააკლიკოთ. ჩართვის შემთხვევაში, მეხსიერების დაზოგვის რეჟიმი შეტყობინების სახით გამოჩნდება, ხოლო ბატარეის დაზოგვის რეჟიმი ფოთლის ფორმას მიიღებს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გუგლი ბატარეის დაზოგვის რეჟიმის შემუშავებას ცდილობს. ივლისში გამოუშვეს ფუნქცია, რომელიც ეფექტურად აჩერებს არააქტიურ ჩანართებს JavaScript კოდის შეზღუდვების გამკაცრებით.

აღსანიშნავია, რომ გუგლმა ქრომის ძიების ფუნქციაც გააუმჯობესა. მომხმარებლებს, რომლებსაც ქრომის 108.0.5359.95 და უფრო ახალი ვერსია აქვთ, შეუძლიათ, გამოიყენონ ძიების ზოლი თავიანთი ისტორიის, ჩანართებისა და სანიშნეების გასახსნელად. ამისათვის, საძიებო ზოლში უნდა აკრიფოთ @bookmarks, @tabs ან @history. ქრომის ისტორიის სექციას ისედაც აქვს საძიებო ზოლი, თუმცა განახლება ამ ფუნქციას უფრო ხელმისაწვდომს ხდის. იგი მისწრებაა მათთვის, ვინც ერთდროულად ბევრ ჩანართს იყენებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.