მინესოტას უნივერსიტეტის მკვლევრებმა გამოიყენეს ულტრაბგერით ობიექტები გადასაადგილებლად, ნათქვამია პრესრელიზში. ახალი მეთოდი გზას უხსნის უკონტაქტო ტექნოლოგიებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა წარმოება და რობოტიკა, სადაც მანქანებს არ დასჭირდებათ ენერგიის ჩაშენებული წყარო ფუნქციონირებისთვის.

წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ობიექტების მანიპულირება შესაძლებელია სინათლით და ხმის ტალღებითაც. თუმცა, ეს ობიექტები ყოველთვის ბევრად უფრო მცირე იყო ვიდრე სინათლის ან ხმის ტალღის სიგრძე. საუბარია მილიმეტრიდან ნანომეტრამდე.

მეტამატერიალური ფიზიკის პრინციპებზე დაყრდნობით, ახალი მეთოდი გამოსადეგია უფრო დიდი ობიექტების გადაადგილებისთვის.

"ჩვენ უკვე დიდი ხანია ვიცით, რომ ტალღებს, სინათლეს და ხმას შეუძლია ობიექტებზე მანიპულირება. რაც განასხვავებს ახალ კვლევას, არის ის, რომ ჩვენ შეგვიძლია მანიპულირება გაცილებით დიდ ობიექტებზე. ეს მაშინ თუ მათ ზედაპირს "მეტაზედაპირად" ვაქცევთ", — თქვა ოგნიენ ილიკმა, კვლევის ავტორმა.

მკვლევრების თქმით, როდესაც მეტამატერიის პაწაწინა შაბლონებს ობიექტების ზედაპირზე ანთავსებენ, ამით შეუძლიათ ასახონ ხმა ნებისმიერი მიმართულებით. ამით მათ შეუძლიათ გააკონტროლონ აკუსტიკური ძალა, რომელიც მოქმედებს ობიექტზე.

ის არა მხოლოდ უბიძგებს, არამედ იზიდავს ობიექტებს

ტექნიკამ მკვლევრებს არა მხოლოდ ობიექტის წინ გადაწევის საშუალება მისცა, არამედ წყაროს მიმართულებითაც გადაადგილა. ეს შეიძლება განსაკუთრებით სასარგებლო იყოს წარმოების ან რობოტების ინდუსტრიაში.

"უკონტაქტო მანიპულირება ოპტიკისა და ელექტრომაგნიტიზმის კვლევის მნიშვნელოვანი სფეროა. ეს კვლევა კი გვთავაზობს სხვა მეთოდს უკონტაქტო აქტივაციისთვის, რომელიც უპირატესია სხვებთან შედარებით", — თქვა მეთიუ სტეინმა, ნაშრომის პირველმა ავტორმა და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა სტუდენტმა.

მეცნიერები ახლა კვლევების გაფართოებას გეგმავენ

"მეცნიერებისა და ინჟინერიის ბევრ დარგში, განსაკუთრებით რობოტიკაში, არის საჭირო ნივთების დისტანციური გადაადგილება. მიგვაჩნია, რომ ჩვენ აქ ახალ მიმართულებას ვაჩენთ. ჩვენ მალე ნივთების ფიზიკური კონტაქტის გარეშე გადაადგილებას შევძლებთ. მისი კონტროლი შესაძლებელია უბრალოდ პროგრამირებით. ეს გვაძლევს ახალ მექანიზმს ნივთების უკონტაქტოდ გადაადგილებისთვის", — ნათქვამია განცხადებაში.

კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.