საიდუმლო ბუნკერების ქსელი — როგორ ემზადება პუტინი განკითხვის დღისთვის
რუსეთში მაღალჩინოსნებისთვის ბუნკერების მშენებლობა საბჭოთა პერიოდში დაიწყო. ბომბსაფრების, მიწისქვეშა საკნებისა თუ გვირაბების ქსელებს, რომელთა შესახებაც მოსახლეობამ დღემდე არაფერი იცის, საბჭოთა უშიშროება სსრკ-ის მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის, საქართველოშიც საგულდაგულოდ აშენებდა.
მათი განახლებისა და სრულყოფის მცდელობებს არც საბჭოთა წარსულის მემკვიდრე, რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აკლებს. კრემლის ლიდერისთვის ბუნკერები სასახლეებზე აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი მისთვის სასურველი სცენარით ვერ განვითარდა და ატომური იარაღით შანტაჟი დაიწყო.
პუტინის ბუნკერებზე არაერთი მითი და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციაა გავრცელებული. ომის პერიოდში ამ საკითხისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა და მედიაში გაჩნდა ვარაუდები, რომ რუსი დიქტატორი იმალებოდა და ვიდეომიმართვებს სწორედ მიწისქვეშა თავშესაფრებში იღებდა. ამ სტატიაში ვცადეთ, შეგვეგროვებინა ბირთვულ ბუნკერებზე მაქსიმალურად სანდო ინფორმაცია, რომელიც რუსულ და საერთაშორისო მედიებზე გამოქვეყნდა.
"პუტინის საიდუმლო ბუნკერები. სად და როგორ გეგმავს პრეზიდენტი ბირთვული ზამთრის გატარებას", — ასე ჰქვია ამ თემაზე საბესედნიკის მიერ მომზადებულ ერთ-ერთ ბოლო ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელზეც ავტორი, ოლეგ როლდუგინი და ე.წ. დიგერი (ადამიანი, რომელიც მიწისქვეშა სამყაროთია დაინტერესებული), პაველ სოფრონოვი ტელეკომპანია დოჟდთან და რადიო თავისუფლების რუსულ ბიუროსთან ინტერვიუებში საუბრობენ.
როგორც ისინი ჰყვებიან, პუტინის ბუნკერების ქსელი მოსკოვიდან ურალამდეა და რუსეთის პრეზიდენტი მათ მშენებლობას დაუღალავად განაგრძობს. მაგალითად, მხოლოდ ლიფტების მოდერნიზებაზე 55 მილიონი რუბლი დაიხარჯა.
სად მდებარეობს პუტინის ბუნკერები
რუსული და დასავლური გამოცემების ცნობით, კრემლის ლიდერის ერთ-ერთი საყვარელი თავშესაფარი ალტაის მთებშია, რაც გასაკვირი არ არის, რადგან მთის ქედები ბირთვული თავდასხმისგან ერთ-ერთ საუკეთესო თავშესაფრად ითვლება. ადგილობრივები მთების თავზე ნანახ საპრეზიდენტო ვერტმფრენსა და გიგანტურ მიწისქვეშა ბუნკერზე საუბრობენ, სადაც პუტინის ოჯახის ყველა წევრს, გაზპრომისა და კრემლის თანამშრომლებს ბირთვული თავდასხმის შემთხვევაში რადიაციისგან დროებით დამალვა შეუძლიათ, თუმცა რუსეთის ოფიციალურ პირებს ეს არასდროს დაუდასტურებიათ.
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, გვირაბების უმეტესობა მოსკოვის ცენტრში იმალება და ცნობილი მიწისქვეშა სისტემა "მეტრო 2" სამთავრობო ოფისებს ბალაშიხაში, ჩეხოვსა და კალუგაში ბუნკერებთან აკავშირებს. რუსეთის დედაქალაქში სხვადასხვა მისამართზე ათზე მეტი ასეთი ობიექტია.
ბუნკერები კონცენტრირებულია ყოფილი უდაბნოების ირგვლივ, რომლებსაც დიგერები რამენკი 43-ს უწოდებენ და ამბობენ, რომ სწორედ ამ ადგილას მდებარეობს მთელი მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც გვირაბებით კრემლთანაა დაკავშირებული.
ცნობილია, რომ მიწისქვეშა თავშესაფრები არის გელენჯიკში, პუტინის სასახლის ქვეშაც. როლდუგინის მტკიცებით, სწორედ იგივე ხალხი, ვინც ოფიციალურ ბუნკერებს აშენებს, რუსეთის პრეზიდენტისთვის კერძო თავშესაფრებსაც აწყობს.
გვირაბებში შემთხვევით მოხვედრილი დიგერები ამბობენ, რომ მათი სიღრმე 200 მეტრამდეა. როგორც საბესედნიკი იუწყება, ამ ადამიანებს მოგვიანებით პირობითი და საპატიმრო სასჯელები მიუსაჯეს და აიძულეს, რუსეთი დაეტოვებინათ.
დიგერები ჰყვებიან, რომ მიწისქვეშა ობიექტები ზემოდან ხშირად საცხოვრებელი კორპუსებითა და სამოქალაქო ობიექტებით ინიღბება. გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი ასეთი სავარაუდო გვირაბების თავზე სწრაფი ტემპით იქმნება ახალი საცხოვრებელი კვარტალი და მას უცხოური კომპანია აშენებს.
ახალ კორპუსებში ბინები არ იყიდება და სავარაუდოა, რომ ისინი დაცვის ფედერალური სამსახურის და FSB-ს თანამშრომლებისთვისაა განკუთვნილი.
საიდუმლო ქალაქი
ბუნკერების ქსელი განლაგებულია იამანტაუს მთაზე, საიდუმლო ქალაქ მეჟგორიეშიც, რომელიც ეკატერინბურგის სამხრეთით მდებარეობს. ეს დახურული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ფორმირება ორი სამხედრო ბანაკის შერწყმის შემდეგ გაჩნდა. ქალაქში შესვლა, თუნდაც, რუსებისთვის მკაცრად კონტროლდება და ამისთვის სპეციალური საშვია საჭირო.
ადგილობრივები უკვე დიდი ხანია, საომარი მდგომარეობის პირობებში ცხოვრობენ. მაგალითად, იამანტაუზე დაშვების კონტროლზე FSB და თავდაცვის სამინისტროა პასუხისმგებელი.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1990-იან წლებში, იამანტაუს მთის ტერიტორიაზე ამერიკის სატელიტმა დიდი გათხრები დააფიქსირა. 1995 წელს მეჟგორიე დახურულ ქალაქად გამოცხადდა, აშშ-მ კი რუსეთის მთავრობისგან მთასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე რამდენიმე განსხვავებული პასუხი მიიღო. The New York Times-ის ინფორმაციით, რუსული მხარე ამბობდა, რომ ეს იყო მაღარო, საკვების მარაგის შესანახი, ხოლო ატომური ომის შემთხვევაში — ბუნკერი ლიდერებისთვის.
ჟურნალისტები ამბობენ, რომ იამანტაუზე სამუშაოები გააქტიურდა და ამისთვის ფულს არ ზოგავენ. 2021 წლის აპრილის ბოლოს მეჟგორიეს მკვიდრები მოსკოვიდან ჩასული მძიმე სამშენებლო ტექნიკის კოლონას კამერებით დახვდნენ, რადგან დახურულ ქალაქში ასეთი ავტოკოლონები "ბრაზილიური კარნავალის ტოლფასი იყო".
მთის ზემოთ საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ ფრენის აკრძალული ზონა დააწესა. იქ მოხვედრა ფეხითაც რთულია. თუ სამთავრობო კონტრაქტებით ვიმსჯელებთ, სამშენებლო მოედანს იცავენ დრონები და ე.წ. კვადროკოპტერები (32x გადიდებითა და თერმო გამოსახულებით), ასევე, სამხედროები და რეინჯერები.
საიდუმლო არ არის ისიც, რომ მეჟგორიეს ქალაქმშენებელი საწარმო (US-30) 1979 წლიდან წარმატებით არის დაკავებული სამრეწველო, სამოქალაქო და სოციალური ობიექტების, სპეციალური კამერული ტიპის მიწისქვეშა ნაგებობების, გვირაბების, მეტროს, ვერტიკალური და დახრილი მაღაროს შახტების პროექტირებითა და მშენებლობით.
US-30 არა მხოლოდ უშუალოდ არის დაკავშირებული პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და იმ ადამიანებთან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კრემლის სპეციალურ ობიექტებზე, არამედ სპეციალიზებულია ფართომასშტაბიანი მიწისქვეშა ბუნკერების მშენებლობაშიც.
ვინ მართავს ბუნკერებს
საიდუმლო ბუნკერებისა და მიწისქვეშა გვირაბების ქსელის მშენებლობაზე პასუხისმგებელი სამშენებლო დეპარტამენტის საქმიანობას რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური პროგრამების გენერალური დირექტორატი (GUSP) აკონტროლებს.
ფედერალური აღმასრულებელი ორგანოების სტრუქტურის შესახებ 1998 წლის ბრძანების თანახმად, GUSP ცალკე მდგომი ძალაუფლების სტრუქტურაა, რომელიც ექვემდებარება არა სერგეი შოიგუს, არამედ ვლადიმერ პუტინს. სწორედ ეს უწყებაა პასუხისმგებელი ბუნკერების ოფიციალური სისტემის მართვაზე. არაოფიციალური ბუნკერების ქსელის ხელმძღვანელებზე კი არაფერია ცნობილი.
2015 წლიდან GUSP-ს ხელმძღვანელობს სახელმწიფო უსაფრთხოების ოფიცერი, ალექსანდრ ლინეცი, რომელიც ადრე FSB-ის დირექტორატის სამხრეთ სამხედრო ოლქს მართავდა.
წელს სახელმწიფო დუმა კიდევ უფრო შორს წავიდა — პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, სპეციალური პროგრამების გენერალური დირექტორატის უფლებამოსილების გაფართოებაზე კანონპროექტი შემუშავდა. მათ არა მხოლოდ რეჟიმის დამრღვევების დაკავების, არამედ ცეცხლის გახსნის უფლებაც მიიღეს. თუმცა, თავად დამრღვევებმა ხშირად არ იციან, რომ რაღაცას აშავებენ, რადგან ზოგიერთი ობიექტი იმდენად საიდუმლოა, რომ მათზე მინიშნებებიც კი არ არსებობს.
დაცულია თუ არა ბუნკერები ბირთვული საფრთხისგან
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, რუსეთში არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყეს ახალი სახელმწიფო კონტრაქტების დადება რადიაციული და ქიმიური სადაზვერვო მოწყობილობების გადასამოწმებლად.
მათივე ინფორმაციით, პუტინის თავშესაფრებს აქვს საჰაერო პარამეტრების მონიტორინგის სისტემა (SKPVS), რომელიც განკუთვნილია რადიაციული სიტუაციის ავტომატური უწყვეტი დისტანციური მონიტორინგისა და დონის გაზომვისთვის.
თუმცა, როგორც ნოტინგემის უნივერსიტეტის პროფესორი, ტომ დევისი Newsweek-თან ამბობს, ვერავინ და ვერსად დაემალება პლანეტარულ და ეკოლოგიურ არმაგედონს, რომელსაც ფართომასშტაბიანი ბირთვული კონფლიქტი გამოიწვევს.
"კონტინენტთაშორისი ბირთვული ომის შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტს ბირთვული განადგურების გრძელვადიანი შედეგებისგან ვერაფერი იხსნის", — ამბობს დევისი.
პროფესორის თქმით, მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ადგილი ასეთი ომის შემთხვევაში იქნებოდა იზოლირებული გეოგრაფიები, როგორებიცაა ანტარქტიდა ან წყნარი ოკეანის კუნძულები.
"მაგრამ აქაც კი თქვენ ვერ გადალახავთ ე.წ. ბირთვულ ზამთარს", — განმარტავს დევისი.
მისივე შეფასებით, პუტინს ბირთვულ ომზე მეტად სახალხო აჯანყების ეშინია, რადგან ეს უკანასკნელი მასზე გაცილებით ნაკლებად არის დამოკიდებული.
ცხადია, არავის გამოუცდია, გაუძლებენ თუ არა პუტინის ბუნკერები ბირთვულ ომს ან როგორ შეიფარებენ მას აჯანყებისას. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტი ცდილობს, საამისოდ კომფორტული შესაძლებლობები შეიქმნას.
კომენტარები