სიზმარი საკმაოდ პერსონალური გამოცდილებაა, მაგრამ რამდენად არსებობს საერთო თემები სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების სიზმრებში? ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში შესაძლოა, Google-ის საძიებო სისტემის მონაცემები დაგვეხმაროს.

ძილის საკითხებისადმი მიძღვნილ პლატფორმაზე Mornings.co.uk-ზე მომუშავე სპეციალისტთა გუნდმა დაადგინა, რომ გლობალურად სიზმრები ყველაზე ხშირად გველებს უკავშირდება, ქვეწარმავლებს, რომლებისაც თითქმის ყველას ეშინია, რაც ხშირად ფობიის სახესაც იღებს. მაგალითად, ბრაზილიაში ამ არსებებზე სიზმრების შესახებ ინფორმაციას ყოველთვიურად 352 000-ჯერ ეძებენ, ჩვენს მეზობელ თურქეთში კი — 214 000-ჯერ.

იმ რეგიონებში, სადაც შხამიანი გველები ბინადრობენ, ისინი ყველაზე ხშირად ესიზმრებათ, თუმცა გამონაკლისია არც სხვა ქვეყნებია, როგორიც გაერთიანებული სამეფოა, სადაც საშიში სახეობები ნაკლებად გვხვდება. დიდ ბრიტანეთში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპის დასავლეთ ნაწილში Google-ის საძიებოში კბილების ჩამოცვენაც ჭარბობდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში მსგავსი თემატიკის სიზმრები თვეში 81 000-ჯერ იძებნება. აშშ-ში, ასევე, გავრცელებულია სიზმრები არდადეგებზე, დათვებსა და ობობებზე.

გარდა ამისა, საერთო ჯანმში, მსოფლიოში სიზმრები ხშირად ქორწინებას, ყოფილ სასიყვარულო პარტნიორს, ორსულობასა და სექსს ეხება.

ფოტო: Mornings.co.uk

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენს ქვეყანაში პირველ ადგილს ორსულობის შესახებ სიზმრები იკავებს. როგორც Google-ის მონაცემებიდან ვიგებთ, მსგავსი რამ აქ თვეში 30-ჯერ იძებნება, რაც საკმაოდ მცირე რაოდენობაა, მაგრამ გარკვეულ წარმოდგენას მაინც გვიქმნის. ამით საქართველო ისეთი სახელმწიფოების სიაში შედის, როგორიც ბელარუსი, დანია, გერმანია, ინდონეზია, იტალია, მაროკო, შვეიცარია, ტანზანია, ქუვეითი და ლიბანია.

ახლა კი გავრცელებულ სიზმრებს რომ დავუბრუნდეთ, კერძოდ, კბილების ჩამოცვენას. როგორც ძველი ჩანაწერებიდან ვიგებთ, მსგავსი შინაარსის სიზმრებს ადამიანები მეორე საუკუნეშიც ხედავდნენ და მას ახლობლების სიკვდილის წინასწარმეტყველებასთან აკავშირებდნენ. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ცრუ წარმოდგენაა. სიზმრების ახსნაში ის უფრო სიბერის მოახლოების შიშს უკავშირდება, რაც სადავოა.

საინტერესოა, რომ 1984 წლის მცირემასშტაბიანი კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებსაც კბილების ჩამოცვენა ხშირად ესიზმრებოდათ, უფრო დეპრესიულები იყვნენ და შფოთვა აწუხებდათ. ასევე, ისინი თავიანთი ცხოვრებით ნაკლებად იყვნენ კმაყოფილნი და ხშირად გრძნობდნენ თავს უიმედოდ, ვიდრე ისინი, ვინც სიზმარში დაფრინავდნენ. სიბერესთან რაიმე კავშირი არ გამოვლენილა.

"ჩვენი სავარაუდო ახსნა ისაა, რომ კბილების დაკარგვის შესახებ სიზმრები იმდროინდელი არაცნობიერი, ისტორიულ-არქეტიპული გადმონაშთია, როცა კბილები ადრეული ადამიანების ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თუ ისინი კბილებს კარგავდნენ, ეს სიკვდილთან ასოცირდებოდა, რადგან კვების რაციონის ცვლილებას, თავდაცვის გაძნელებასა და სხვა სირთულეებს მოასწავებდა", — წერენ ნაშრომის ავტორები.

შესაძლებელია, რომ ასეთ სიზმრებს უფრო მეტად ის ადამიანები ხედავდნენ, რომლებიც კბილების დაკარგვაზე დღის განმავლობაში ხშირად ფიქრობენ. სხვები კი, როგორც ჩანს, გველებსა და მათგან მოსალოდნელ საფრთხეზე არიან კონცენტრირებულნი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.