Apple-დან გაჟონილი ინფორმაციის მიხედვით, ახალი iPhone-ის ფორმა წინამორბედისგან განსხვავებული იქნება და სავარაუდო დიზაინი ნამდვილად ულამაზესია.

ფოტო: Aliartist3D

Apple-ის ანონიმურმა ინსაიდერმა LeaksApplePro-მ Forbes-ს აცნობა, რომ მობილურის კუთხეები მომრგვალებული იქნება და iPhone 15 დაახლოებით 2013 წელს გამოსული iPhone 5C-ის მსგავსი გახდება. iPhone 5C-ის ფორმა მიჩნეული იყო ერთ-ერთ საუკეთესოდ, თუმცა მომხმარებელმა მასზე გული აიცრუა იაფფასიანი პლასტმასის გამო, რომელიც კორპუსს ფარავდა.

ფოტო: SAAD ISMAIL

სავარაუდოდ, iPhone 15 წინა მოდელებისგან ძალიან ბევრი რამით იქნება განსხვავებული. ოქტომბერში LeaksApplePro-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ iPhone 15 Ultra-ს კორპუსი ტიტანიუმისგან იქნებოდა დამზადებული, მოგვიანებით კი სხვა ინსაიდერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალი მასალა სტანდარტულ მოდელებშიც იქნება გამოყენებული.

ასევე იხილეთ: ინტერნეტში iPhone 15 Ultra-ზე ინფორმაციამ გაჟონა

ინსაიდერების ცნობით, მომრგვალებული კორპუსის იდეა ჯერ დამტკიცებული არ არის და ძალიან ცხარე განხილვის საგანია კომპანიის უფროს მენეჯერებს შორის. ეს ძალიან საინტერესოა, რადგან დიზაინი კომპანიაში 1 წლით ადრე უკვე დამტკიცებულია ხოლმე. გაუგებრობას, სავარაუდოდ, მიწოდების ჯაჭვში არსებული პრობლემები იწვევს.

ტიტანიუმის კორპუსის საკითხი ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა ერთი, რასაც LeaksApplePro დარწმუნებით ამბობს, არის ის, რომ iPhone 15-ის უკანა მხარე მინის იქნება, რადგან ეს ჯერჯერობით უსადენო დატენვისთვის აუცილებელია.

ფოტო: JON JUHAN

სავარაუდოდ, დიზაინი მაინც შეიცვლება, რადგან iPhone 14-ის Dynamic Island-ის წარდგენის შემდეგ, სავარაუდოდ, ეკრანის მხარეს ცვლილებები გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ შეეხება. შესაბამისად, განმასხვავებელი ნიშნებისთვის გვერდები და მობილურის უკანა მხარე რჩება. მიუხედავად ამისა, წყვილი წინა კამერის იდეა Pro მოდელისთვის ჯერ ისევ არ არის გამორიცხული.

დამატებით, დიდი ალბათობით, რეგულაციის ამოქმედებამდე 1 წლით ადრე, iPhone 15-ის დამტენი შეიცვლება და მოწყობილობა Type-C ტიპზე გადავა. ასევე, გაუმჯობესდება ძირითადი კამერა და ხმისა და ჩართვა-გამორთვის ფიზიკური ღილაკები სენსორული ალტერნატივით ჩანაცვლდება. ერთი სიტყვით, რადიკალურ სიახლეებს უნდა მოველოდეთ, თუმცა უცვლელი, ალბათ, არც ფასი დარჩება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.