დროის გასვლასთან ერთად, ენერგოეფექტურობის მნიშვნელობა უფრო და უფრო იზრდება. ეკომეგობრული პროდუქტები მყიდველების ყურადღების ცენტრში ბევრად უფრო ხშირად ექცევა, ვიდრე ეს აქამდე იყო. გამონაკლისი არც სატრანსპორტო ინდუსტრიაა. დიდ ქალაქებში უკვე ბევრი ადამიანი ანაცვლებს ავტომობილებს ელექტრო ველოსიპედებით, რადგან ეს უკანასკნელი ბევრად ხელმისაწვდომია და, ამავდროულად, ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ თქვენ აუცილებლად ახალი ელექტრო ველოსიპედის შეძენა გჭირდებათ? არა, რადგან ერთი მარტივი მოწყობილობით შესაძლებელია თქვენი ტრადიციული ველოსიპედი ელექტრო ტრანსპორტად გარდაქმნათ.

მიუხედავად ამისა, ეს მოწყობილობები საკმაოდ ძვირია და მათი დამონტაჟება მარტივი არ არის. თანაც, თუ ერთ დღეს ჩვეულებრივი ველოსიპედის გამოცდილება მოგენატრებათ, უკან გარდაქმნა კიდევ უფრო ძნელია. სწორედ ამ პრობლემების მოსაგვარებლად შეიქმნა LIVALL PikaBoost.

ფოტო: Livall

LIVALL PikaBoost

ჩვეულებრივი ველოსიპედის ელექტრულ ტრანსპორტად გარდამქნელ ტრადიციულ მოწყობილობებს ხშირად მოჰყვება სპეციალური ბორბლები, ბატარეები და სენსორები. ამის საპირისპიროდ, PikaBoost მხოლოდ 3კგ-ს იწონის და მისი ველოსიპედზე დამაგრება 30 წამშია შესაძლებელი! ერთადერთი, რისი გაკეთებაც გჭირდებათ, ჩამკეტი მექანიზმის გამოყენებაა და ესეც ასე, თქვენი ელექტრო ველოსიპედი მზადაა.

სიჩქარეების ხშირი ცვლა, შესაძლოა, შემაწუხებელი იყოს, როცა უსწორმასწორო ზედაპირზე ან აღმართზე მოძრაობთ. PikaBoost ამ პრობლემას მოაგვარებს, ის სამ განსხვავებულ რეჟიმს გვთავაზობს, რომელიც სხვადასხვა ლანდშაფტსა და განსხვავებული ფიზიკური მომზადების ადამიანებზეა გათვლილი.

  • კრუიზ რეჟიმი – კრუიზ რეჟიმი შექმნილია მოკლე მანძილის დასაფარად და გვეხმარება თანაბარი სიჩქარის შენარჩუნებაში;
  • ეკო რეჟიმი – ეკო რეჟიმი კარგი გამოსავალია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ფიზიკური ძალით არ გამოირჩევიან. მისი საშუალებით თქვენ დამრეცი აღმართების მარტივად ავლას შეძლებთ და, მეტიც, დაღმართზე სიარულისას რეჟიმი იყენებს რეგენერაციის სისტემას, რაც ენერგიის დაზოგვაში ეხმარება;
  • ვარჯიშის რეჟიმი – ეს კარგი გამოსავალია, თუ თქვენ ველოსიპედის ფიზიკური დატვირთვისთვის გამოყენება გსურთ. მოწყობილობა ამ შემთხვევაში დამატებით წინააღმდეგობას გთავაზობთ, რათა პედალებისთვის მეტი ძალის დატანება დაგჭირდეთ, როცა მოწყობილობის დატენვის დრო მოვა. გარდა ამისა, ვარჯიშის რეჟიმით გადაადგილებისას USB პორტით სხვა მოწყობილობების დატენასაც შეძლებთ.

ფოტო: Livall

უნივერსალურობა

PikaBoost-ის საშუალებით თქვენ ნებისმიერი ტიპის ველოსიპედის გარდაქმნას შეძლებთ. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი ლანდშაფტისთვისაა განკუთვნილი თქვენი ტრანსპორტი, როგორი ბორბლები ან კორპუსი აქვს, მოწყობილობა მას მაინც მოერგება.

მძლავრი ბატარეა

PikaBoost-ს აქვს მძლავრი ბატარეა, რომელსაც სრულად დატენილს 30 კილომეტრის გავლა შეუძლია. გარდა ამისა, მოწყობილობა გაძლევთ საშუალებას, სურვილისამებრ შეიძინოთ და დაამატოთ ბატარეები, რათა ელექტრო ველოსიპედის მარშრუტი უფრო შორეულ დისტანციებზე გათვალოთ.

ვარჯიშის ჭკვიანი სისტემა

რა თქმა უნდა, ველოსიპედით ვარჯიში ჯანმრთელობისათვის ძალიან სასარგებლოა, თუმცა არასწორი და ზედმეტი დატვირთვით, შესაძლოა თავი დაიზიანოთ. PikaBoost-ის ჭკვიანი დამხმარე სისტემა შეგაჩერებთ, როცა ზედმეტ დატვირთვას იგრძნობს, რათა შორეული მგზავრობისას თქვენი გულისცემა სტაბილური იყოს. სისტემა ამცირებს მუხლისა და კუნთების დაზიანების რისკებსაც.

წაქცევის დეტექცია

მოწყობილობა იყენებს გიროსკოპისა და აქსელერომეტრის ტექნოლოგიებს, რათა აღმოაჩინოს და აგარიდოთ წაქცევა. როგორც კი დახრის კუთხე 45 გრადუსს გასცდება, PikaBoost ძრავას ავტომატურად შეაჩერებს.

წყალგამძლეობა, წონა და ჩუმი ძრავა

ხშირად მომხმარებელთათვის ელექტრო ველოსიპედის ძრავის ხმა შემაწუხებელია, რისგან განსხვავებითაც Livall-ის პროდუქტი აბსოლუტურად ჩუმია. მოწყობილობა სულ 3 კილოგრამს იწონის და ნებისმიერ ნალექს უძლებს. არ აქვს მნიშვნელობა, მსუბუქ წვიმაში მგზავრობთ თუ საშინელ შტორმში, PikaBoost არ დაგაღალატებთ.

მახასიათებლები და ფასი

ზომა: 6.6X33.8X13 სმ
წონა: 3 კგ
ბატარეის მოცულობა: 234 ვტ/სთ
დატენის დრო: 3 საათი
მანძილი: 30 კმ

ფასი

მოწყობილობის სერიული წარმოება 2023 წელს დაიწყება და თავდაპირველად არც ისე იაფი, 400 დოლარი ეღირება, თუმცა, დამეთანხმებით, მაღალი ხარისხის ელექტრო ველოსიპედი ამაზე ბევრად უფრო ძვირი ღირს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.