ილონ მასკი Tesla-ს სმარტფონის შექმნას განიხილავს, თუ Twitter-ს App Store-სა და Google Play-ზე დაბლოკავენ
"დიდი იმედი მაქვს, რომ სიტუაცია აქამდე არ მივა, თუმცა დიახ, თუ სხვა არჩევანი არ იქნება, მე ალტერნატიულ მობილურს შევქმნი".
შესაძლოა, ცოტა ხნის წინ ილონ მასკმა გამომწერებს მიანიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ Apple და Google Twitter-ს გარიყავენ, Tesla-ს მობილურების გამოშვება არც ისე შორეული პერსპექტივაა.
ბიზნეს გიგანტის მიერ Twitter-ზე გამოცხადებულმა, ფაქტობრივად, სიტყვის აბსოლუტური თავისუფლების პოლიტიკამ გააჩინა ეჭვები პლატფორმის Apple-თან და Google-თან სამომავლო თანამშრომლობის კუთხით.
"თუ Apple და Google შეუზღუდავენ Twitter-ის გადმოწერას მათი აპლიკაციების მაღაზიებიდან, ილონ მასკმა საკუთარი სმარტფონი უნდა შექმნას. ნახევარი აშშ დიდი სიამოვნებით დაიტოვებდა მიკერძოებულ, მოთვალთვალე iPhone-სა და Android-ზე მომუშავე სმარტფონებს. ეს კაცი მარსზე რაკეტებს უშვებს, პატარა სულელური სმარტფონის შექმნა რთული არ უნდა იყოს, არა?" — იკითხა Twitter-ზე ლიზ ვილერმა.
"მე დიდი იმედი მაქვს, რომ სიტუაცია აქამდე არ მივა, თუმცა დიახ, თუ სხვა არჩევანი არ იქნება, მე ალტერნატიულ მობილურს შევქმნი", — უპასუხა მასკმა
როგორც Google-ის, ისე Apple-ის პოლიტიკა კომპანიებს რთავს ნებას, რომ თავიანთი პლატფორმიდან წაშალონ აპლიკაციები, თუ ისინი შეიცავენ ღიად სექსუალურად გამოხატულ მასალას, ბულინგს ან შევიწროების სხვა მეთოდებსა და სიძულვილის ენას.
შილერის ანგარიშის წაშლა
ჭორები უფრო გაცხოველდა მას შემდეგ, რაც Apple-ის ერთ-ერთი აღმასრულებლის, App Store-ის მმართველის, ფილ შილერის, Twitter ანგარიში გასულ კვირას გაუქმდა.
შილერს, რომელიც კომპანიაში 30 წელზე მეტია მუშაობს, 200 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა. ამჟამად ანგარიში მიუწვდომელია, სავარაუდოდ, ის მფლობელმა გააუქმა.
ანგარიში მალევე წაიშალა მას შემდეგ, რაც მასკმა App Store-ის ფასები გააკრიტიკა.
"App Store-ის ფასები ნამდვილად ზედმეტად მაღალია iOS/Android-ის ოლიგოპოლიის გამო. ფაქტობრივად, ეს ფარული 30%-იანი გადასახადია", — დატვიტა მასკმა 19 ნოემბერს.
Apple, Google, Twitter და სიტყვის თავისუფლება
CNBC-ის 23 ნოემბრის მოხსენების მიხედვით, "Twitter 2.0" დიდი ალბათობით Apple-ისა და Google-ის აპლიკაციების სტანდარტებს ვერ მოერგება, რაც ზრდის რისკს იმისა, რომ სოციალურ ქსელს App Store-სა და Google Play-ზე ვეღარ ვიხილავთ.
მას შემდეგ, რაც აღმასრულებელი დირექტორი მასკი გახდა, გამოიკვეთა ნიშნები იმისა, რომ Twitter-ზე სიტყვის თავისუფლებას ამოფარებული საზიანო კონტენტის გავრცელებამ იმატა, რაც აპლიაციას ძალიან აზიანებს.
ინტერნეტ ტროლებისა და ფანატიკოსების სიძულვილის ენა და რასისტული ფრაზები პლატფორმაზე ძალიან გახშირდა მას შემდეგ, რაც "მთავარი ჩიტი" ამერიკელი მილიარდერი გახდა. საპასუხოდ, ქსელმა ამ ანგარიშების დიდი ნაწილი დაბლოკა.
რამდენიმე დღის წინ მასკმა Twitter-ზე "საყოველთაო ამნისტია" გამოაცხადა, რაც დაბლოკილი ანგარიშების აღდგენას მოიცავს. ეს, სავარაუდოდ, სიტუაციას უფრო დაამძიმებს.
"ძალადობისკენ მოწოდების შემთხვევაში ანგარიში დაიბლოკება. ამჟამად დაბლოკილ ანგარიშებს მომავალი კვირის განმავლობაში ეტაპობრივად აღვადგენთ მას შემდეგ, რაც გადავამოწმებთ, ხომ არ დაიბლოკა ეს ანგარიშები კანონის დარღვევის ან საზიანო სპამში მონაწილეობის გამო. Twitter შეხედულებების მშვიდობიანი მიმოცვლის ფორუმი იქნება", — უპასუხა მასკმა ერთ-ერთი აქტივისტის ტვიტს.
მასკი მუშაობს ელექტრო ტრანსპორტზე, კოსმოსის კვლევაზე, ახლა კი უკვე სოციალურ ქსელზეც. მიუხედავად ამისა, მაინც საინტერესო იქნება იმის ნახვა, თუ როგორ შეაღწევს ბაზარზე Tesla-ს მობილური იქ Apple-ისა და Google-ის ოპერაციული სისტემების დომინაციის პორობებში.
კომენტარები