სიმსივნის 10 სიმპტომი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ
დღესდღეობით სიმსივნე ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადებაა, რომელსაც უკურნებელ სენსაც უწოდებენ. მისი 100-ზე მეტი ტიპი არსებობს, მათგან ზოგი სხვებზე მეტად საშიში და მომაკვდინებელია, ზოგი კი — შედარებით მსუბუქი. ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, ჯანმრთელობის ასეთი სერიოზული პრობლემა დროულად გამოვავლინოთ და მის წინააღმდეგ ბრძოლა დავიწყოთ.
წინამდებარე სტატიაში სწორედ იმ სიმპტომებს გაგაცნობთ, რომლებიც შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს.
1. ცვლილებები კანზე
შეეცადეთ, კანი ხშირად დაათვალიეროთ და მასზე გაჩენილ ახალსა თუ ძველ ხალებს მიაქციოთ ყურადღება. მაგალითად, ისეთ წარმონაქმნებს, რომელთა შეფერილობა, ზომა ან ფორმა შეიცვალა, სხვებს არ ჰგავს და რაიმე მახასიათებლის გამო საეჭვოდ გამოიყურება.
მსგავსი ხალის ან ლაქის აღმოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს, რომელიც სათანადო კვლევებს ჩაგიტარებთ, როგორიც ბიოფსიაა, ანუ ის ქსოვილის მცირე ნაწილს ნიმუშად აიღებს და დაადგენს, სიმსივნურია თუ არა.
2. შემაწუხებელი ხველა
თუ თამბაქოს არ მოიხმართ, არის მცირე შანსი, რომ შემაწუხებელი ხველა სიმსივნის ნიშანი იყოს. სხვა პოტენციურ მიზეზებს შორისაა, ასევე, ასთმა, ინფექცია, გასტროეზოფაგური რეფლუქსი და ა.შ.
იმ შემთხვევაში, თუ ხველა არ გივლით, ან მას სისხლიც ახლავს თან, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. სპეციალისტი ფილტვების ლორწოს გამოიკვლევს ან გულ-მკერდის რენტგენს გადაგიღებთ, რათა დაადგინოს, არის თუ არა იქ სიმსივნური წანაზარდი.
3. ძუძუს ცვლილებები
ძუძუს ცვლილებების დიდი ნაწილი სიმსივნეს სულაც არ უკავშირდება, მაგრამ ასეთი პრობლემის გამოსარიცხად მათ შესახებ ექიმთან საუბარი უმნიშვნელოვანესია. მაგალითად, საყურადღებოა კვანძები, ძუძუსთავიდან გამონადენი, მისი სიწითლე ან გამაგრება, ტკივილი და ა.შ.
სპეციალისტი ძუძუს მამოგრაფიის, ბიოფსიის ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მეშვეობით გამოიკვლევს და ამ სიმპტომების მიზეზს დაადგენს.
4. შებერილობა
მუცლის შებერილობა შესაძლოა, ადამიანის კვების რაციონმა ან სტრესმაც კი გამოიწვიოს. ამის მიუხედავად, თუ მსგავს დისკომფორტთან ერთად დაღლილობას, წონის უეცარ კლებას ან წელის ტკივილს უჩივით, სჯობს სპეციალისტს მიაკითხოთ.
ზოგჯერ ქალებში მუდმივი შებერილობა საკვერცხეების სიმსივნის ნიშანია, ამიტომ კარგი იქნება, თუ საეჭვო სიმპტომების მიზეზს გამოავლენთ.
5. შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები
კაცებში ასაკის მატებასთან ერთად საშარდე გზების პრობლემები საკმაოდ გავრცელებულია. მაგალითად, მათ ხშირი შარდვა, მისი ვერშეკავება ან განავლის ნაკადის შესუსტება აღენიშნებათ. როგორც წესი, ეს გადიდებულ პროსტატაზე მიანიშნებს, მაგრამ შესაძლოა, ამის უკან პროსტატის სიმსივნეც იმალებოდეს.
ამ დაავადების დიაგნოსტირებისთვის სისხლის სპეციალური ანალიზი გამოიყენება, რომელსაც პროსტატის სპეციფიკურ ანტიგენს (PSA) უწოდებენ.
6. ლიმფური კვანძების შესივება
ჩვენს ორგანიზმში მცირე ზომის, ლობიოს მარცვლის ფორმის ლიმფური კვანძებია განლაგებული, რომლებიც კისრის, იღლიებისა და სხეულის სხვა ნაწილების მიმდებარედ გვხვდება. მათი დასივება ზოგჯერ ამა თუ იმ ინფექციითაა გამოწვეული, როგორიც, მაგალითად, გრიპია.
თუმცა, ლიმფური კვანძების ამგვარ შესივებას ისეთი სიმსივნეებიც განაპირობებს, როგორიც ლიმფომა და ლეიკემიაა, ამიტომ ამ პრობლემის გამოკვლევა საჭიროა.
7. სისხლი განავალში/ექსკრემენტში
შარდში ან ექსკრემენტში სისხლის არსებობა საყურადღებო სიმპტომია და საქმეში სპეციალისტის ჩართვას მოითხოვს. ფეკალიის შემთხვევაში არაა გამორიცხული, რომ ეს დასივებულ, გაღიზიანებულ ვენებს უკავშირდებოდეს, რასაც ჰემოროის უწოდებენ, თუმცა არის შანსი, რომ ეს ნაწლავების სიმსივნე იყოს.
რაც შეეხება სისხლს შარდში, პოტენციური და ნაკლებად საშიში მიზეზი საშარდე გზების ინფექცია, მეორე მხრივ კი — თირკმლის ან შარდის ბუშტის სიმსივნე.
8. სათესლე ჯირკვლების ცვლილებები
თუ სათესლე ჯირკვლების შესივებას ან იქ კვანძებს შენიშნავთ, აუცილებლად გაესაუბრეთ ექიმს. გახსოვდეთ, რომ უმტკივნეულო კვანძი სათესლე ჯირკვლების სიმსივნის ყველაზე გავრცელებული ნიშანია.
კაცები ზოგჯერ მუცლის ან სათესლეების არეში სიმძიმესა და დისკომფორტს გრძნობენ, მაგრამ ამის უკან მრავალი ფაქტორი შეიძლება იდგეს. ექიმი ულტრაბგერით გამოკვლევას ჩაგიტარებთ და არსებულ პრობლემას გამოავლენს.
9. ყლაპვის გაძნელება
ყლაპვის გაძნელება ხშირია გაციების ან გასტროეზოფაგური რეფლუქსის დროს, ან ზოგჯერ ეს კონკრეტული მედიკამენტის უკუჩვენებაცაა. თუ სიტუაცია უკეთესობისკენ არ მიდის, მითუმეტეს, როცა საამისოდ პრეპარატსაც იღებთ, მიმართეთ სპეციალისტს.
ყლაპვის გაძნელება ყელის ან საყლაპავი მილის სიმსივნეზეც მიუთითებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მდგომარეობა არ უმჯობესდება. შესაბამისად, ის უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ.
10. არამენსტრუალური ვაგინალური სისხლდენა
ვაგინალური სისხლდენა, რომელიც მენსტრუალურ ციკლს არ უკავშირდება, შეიძლება ფიბროიდებმა, ანუ კეთილთვისებიანმა წანაზარდებმა, ასევე, კონტრაცეპტივების მიღებამაც გამოიწვიოს. ამის მიუხედავად, აუცილებლად გამოსაკვლევია მიზეზები, თუ სისხლი სქესობრივი კავშირის შემდეგ მოგდით ან სისხლიანი გამონადენი აღგენიშნებათ.
ამის განმაპირობებელი პოტენციური გართულება ვაგინის, საშვილოსნოსა და საშვილოსნოს ყელის სიმსივნეა, რაც სამედიცინო შესწავლას საჭიროებს.
სხვა საყურადღებო ხანგრძლივ სიმპტომებს შორისაა:
- დაღლილობა
- წონის კლება
- მაღალი ტემპერატურა
- პირის ღრუს პრობლემები
- გულძმარვა
- დისპეპსია (მოუნელებლობა)
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები