ნახეთ: შექმნეს თამაში, რომელიც ძაღლების ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს
ამიერიდან კომპიუტერული თამაშების სამყაროდან შვილების გარდა, შინაური ცხოველების გამოძევებაც მოგიწევთ...
ის, რასაც ნაკლებად ველოდით, ან რაზეც საერთოდაც არ ვფიქრობდით, ახლა უკვე რეალობად იქცა და იმაზე უფრო სასიამოვნო სანახავია, ვიდრე ეს წარმოგვედგინა. გაერთიანებულ სამეფოში ბაზირებული სტარტაპი JoiPaw ძაღლებისათვის კომპიუტერული თამაშების სერიის შექმნას გეგმავს. შეიძლება სასაცილოდ ჟღერს, თუმცა კომპანიის მიზანი სულაც არ არის მხოლოდ გართობა. პირიქით, გართობის ამ მეთოდს, როგორც ჩანს, შინაურ ცხოველებში დემენციის რისკის შემცირება შეუძლია.
"ჩვენ გვსურს, დავეხმაროთ ძაღლებს, ცხოვრება უფრო ჯანმრთელად და მრავალფეროვნად გაატარონ და, ასევე, ვანახოთ სამყაროს, თუ რამდენად გონიერი არსებები არიან ისინი. ადამიანები მიდრეკილები ვართ, უფრო დავაფასოთ და ვიზრუნოთ სხვებზე, როცა შევამჩნევთ, რომ ისინი ჩვენთან იმაზე ახლოს დგანან, ვიდრე გვეგონა" — განაცხადა TechCrunch-თან საუბრისას JoiPaw-ის დამაარსებელმა, დერსიმ ავდარმა
ჯერჯერობით, თამაშის მხოლოდ სატესტო ვერსიაა გამოსული, თუმცა დროთა განმავლობაში სტარტაპი პროდუქციის გამრავალფეროვნებას გეგმავს.
კომენტარები