მარსზე ახალი კრატერი გაჩნდა და სიურპრიზმაც არ დააყოვნა — გრუნტიდან ყინული ამოიყარა
2021 წლის დეკემბერში მარსის ზედაპირს მეტეორი შეეჯახა და იმდენად მძლავრი სეისმური ტალღები გამოიწვია, რომ ეს მოვლენა NASA-ს მიერ წითელ პლანეტაზე გაშვებულმა აპარატმაც ჩაიწერა.
მეცნიერებისთვის ასტრონომიული სხეულის ჩამოვარდნის ადგილი უცნობი იყო, სანამ აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს კუთვნილი ზონდი Reconnaissance ახალ კრატერს არ მიაკვლევდა, რის შესახებაც ინფორმაცია ახლახან გავრცელდა.
"მაშინვე ცხადი გახდა, რომ ის ყველაზე დიდი ახლად ფორმირებული კრატერი იყო, რომელიც ოდესმე გვინახავს", — ამბობენ NASA-ში.
აღნიშნული ღრმულის სიგანე 150 მეტრია და ის ზომით ბოლო დროს წარმოქმნილ სხვა მსგავს კრატერებს 10-ზე მეტჯერ აღემატება. თუმცა, მისი განსაკუთრებულობა მხოლოდ ამაში არ მდგომარეობს: გრუნტის მთლიანობის დარღვევისას, შიგნიდან ზედაპირზე წყლის ყინულის საკმაოდ დიდი ნატეხები ამოიყარა.
საინტერესო ისაა, რომ შეჯახების ადგილი წითელი პლანეტის ეკვატორთანაა ახლოს, სადაც ყინული არასდროს აღმოუჩენიათ. ეს უკანასკნელი აქამდე მხოლოდ პლანეტის პოლუსების მიმდებარედ იყო დაფიქსირებული.
ზემოხსენებული მიგნება მნიშვნელოვანია, რადგან მომავალში ასტრონავტები, სავარაუდოდ, სწორედ ეკვატორის მიმდებარედ დაეშვებიან, რადგან იქ შედარებით ნორმალური პირობებია. მათ წყლის რესურსი აუცილებლად დასჭირდებათ, როგორც დასალევად, ასევე ხომალდების საწვავით მოსამარაგებლად.
უნდა ითქვას, რომ InSight-ს 1 300-ზე მეტი "მარსძვრა" აქვს დაფიქსირებული, საიდანაც მეტეორებთან შეჯახებით მხოლოდ 2 მათგანია გამოწვეული. ამ მოვლენების შედეგად ზედაპირული დონის ტალღები წარმოიქმნა, რომლის შესწავლაც შესაძლოა, ერთ-ერთი საიდუმლოს ამოხსნაში დაგვეხმაროს, თუ რატომაა მარსის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნახევარსფერო ერთმანეთისგან ასე ძალიან განსხვავებული. კერძოდ, პირველი მთიანია, მეორე კი დაბლობიანი.
ამის ასახსნელად ორგვარი ჰიპოთეზა არსებობს: 1. წითელი პლანეტის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნახევარსფერო სხვადასხვა ტიპის ქანებისგანაა შედგენილი. 2. ჩრდილოეთში ციური სხეულის ქერქი უფრო სქელია, ვიდრე სამხრეთში.
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მარსის ფორმირების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვების საშუალებას მოგვცემს. ავტორთა 2 ახალი ნაშრომი გამოცემაში Science გამოქვეყნდა.
კომენტარები