აღმოაჩინეს უჩვეულოდ მსუბუქი ნეიტრონული ვარსკვლავი — ეს აქამდე არსებულ წარმოდგენებს ეწინააღმდეგება
ასტრონომებმა აღმოაჩინეს იდუმალი ნეიტრონული ვარსკვლავი, რომელიც ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე ადრე ეგონათ. ეს ძირს უთხრის ვარსკვლავების ფიზიკისა და ევოლუციის ჩვენებურ გაგებას. და რაც კიდევ უფრო გასაოცარია, ის შეიძლება ძირითადად კვარკებისგან შედგებოდეს.
როგორც ამ კვირაში ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნებულ ახალ ნაშრომშია აღწერილი, ნეიტრონულ ვარსკვლავს აქვს რადიუსი სულ რაღაც 10 კილომეტრი და მასა მზის 77 პროცენტია.
ეს მას ბევრად უფრო მსუბუქს ხდის, ვიდრე სხვა ადრე შესწავლილი ნეიტრონული ვარსკვლავებია, რომელთა მასა ჩვეულებრივ მზის მასას 1,4-ჯერ აღემატება. ეს, რა თქმა უნდა, იმავე რადიუსზე.
ასტრონომთა გუნდი, ვიქტორ დოროშენკოს ხელმძღვანელობით, გერმანიის ტუბინგენის ებერჰარდ კარლსის უნივერსიტეტიდან, ვარაუდობს, რომ ეს შეიძლება იყოს სრულიად ახალი ტიპის ვარსკვლავი.
"ჩვენი შეფასებები HESS J1731-347-ს აქცევს დღემდე ცნობილ ყველაზე მსუბუქ ნეიტრონულ ვარსკვლავად და პოტენციურად უფრო ეგზოტიკურ ობიექტად", — ნათქვამია განცხადებაში.
ნეიტრონული ვარსკვლავები, რომლებიც სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მკვრივი ობიექტებია, ჩვეულებრივ წარმოიქმნებიან მას შემდეგ, რაც სუპერგიგანტური ვარსკვლავები გარდაიქმნებიან სუპერნოვად.
ვარსკვლავის ბირთვი შეიძლება შემდეგ აფეთქდეს და შეიკუმშოს ერთ უკიდურესად მკვრივ ობიექტად. მეცნიერთა გამოთვლებით, ერთი ჩაის კოვზი ნეიტრონული ვარსკვლავიდან წონაში დაახლოებით 1 ტრილიონი კილოგრამი იქნება. თუმცა, ეს ახლად აღმოჩენილი ობიექტი ეწინააღმდეგება აქამდე არსებულ წარმოდგენებს.
დოროშენკომ და მისმა გუნდმა აღმოაჩინეს, რომ ვარსკვლავი რეალურად ბევრად უფრო ახლოსაა ჩვენთან, ვიდრე აქამდე გვეგონა. ეს მათ ევროპის კოსმოსური სააგენტოს კოსმოსური ხომალდის Gaia-ს მიერ მიღებული მონაცემების გამოყენებით შეძლეს, რამაც მკვლევრებს საშუალება მისცა ხელახლა გამოეთვალათ იდუმალი ვარსკვლავის მასა.
"მიღებული მასა და რადიუსი უბრალოდ არ ჯდება ნეიტრონული ვარსკვლავის ამჟამინდელ განმარტებაში, რაც ამ ახალ აღმოჩენას აქცევს "უცნაური ვარსკვლავის" კანდიდატად", — ნათქვამია განცხადებაში.
უცნაური ვარსკვლავები ჰიპოთეტური ციური ობიექტებია, რომლებიც, ძირითადად }უცნაური კვარკების" მატერიისგან შედგება, რაც მათ საშუალებას აძლევს ჰქონდეთ დაბალი ტემპერატურა და ნეიტრონული ვარსკვლავების მასა. ასტრონომები ვარაუდობენ, რომ უცნაური ვარსკვლავები შეიძლება იმყოფებოდნენ სწრაფი რადიოაფეთქებების, იდუმალი და ძლიერი რადიოპულსების მიღმა, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის ახსნილი.
მოკლედ, ეს არის უაღრესად უჩვეულო ობიექტი, რომელსაც შეუძლია გადაწეროს სამყაროს ჩვენებური გაგება.
"ასეთი მსუბუქი ნეიტრონული ვარსკვლავი ასტროფიზიკური პერსპექტივიდან ძალიან დამაინტრიგებელი ობიექტია", — წერენ დოროშენკო და მისი კოლეგები განცხადებაში.
კომენტარები