აშშ ჩინეთში მიკროჩიპების ექსპორტზე შეზღუდვას აწესებს — რა უნდა ვიცოდეთ
ეს დეკადების განმავლობაში ვაშინგტონის მიერ ჩინეთის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებათა შორის ერთ-ერთი ყველაზე მწვავეა
ჩინეთში კომპიუტერული ჩიპების გაყიდვისა და ქვეყნის სამხედრო-ტექნოლოგიური მიზნების შესაფერხებლად, აშშ-ის მთავრობამ უპრეცედენტო ზომებს მიმართა.
ქმედების მიზანი აზიური გიგანტისათვის იმ კრიტიკულად მნიშნველოვანი რესურსების შეზღუდვაა, რომელიც კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და იარაღის წარმოების სექტორებში აქტიურად გამოიყენება.
ეს დეკადების განმავლობაში ვაშინგტონის მიერ ჩინეთის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებათა შორის ერთ-ერთი ყველაზე მწვავეა და, ფაქტობრივად, ნიშნავს სავაჭრო ომს მსოფლიოს ორ უძლიერეს ეკონომიკას შორის.
ექსპორტზე კონტროლის დაწესების შემდეგ, The Nikkei-ის ცნობით, Apple-მა შეაჩერა გეგმა, რომელიც ჩინეთში გასაყიდი აიფონების წარმოებაში იქვე, კომპანია Yangtze Memory Technologies-ის წარმოებული ჩიპების გამოყენებას მოიცავდა.
რა ზომებს მიმართა შეერთებულმა შტატებმა?
7 ოქტომბერს ბაიდენის ადმინისტრაციამ ექსპორტის კონტროლის ზომების ვრცელი ნაკრები წარმოადგინა, რომელთა შორისაც ჩინეთში ნახევარგამტარი ჩიპებისა და მათი შექმნისათვის აუცილებელი ტექნიკის გატანის აკრძალვა მოხვდა.
ახალი წესების მიხედვით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბაზირებულმა კომპანიებმა სპეციალური ლიცენზიის მოპოვებამდე უნდა შეწყვიტონ ჩინელი მწარმოებლების ისეთი ტექნოლოგიებით მომარაგება, რომელიც მათ შედარებით განვითარებული ჩიპების წარმოებაში დაეხმარება.
ახალი რეგულაციებით ასევე გამკაცრდება კონტროლი სქემებისა და მიკროსქემების წარმოებისათვის აუცილებელი ელემენტების ტრანზაქციებზეც. წესები შეეხება პროგრამული უზრუნველყოფის საკითხებსაც. შეერთებული შტატების მოქალაქეებსა და მწვანე ბარათის მფლობელებს აეკრძალებათ მუშაობა კონკრეტული ტექნოლოგიების მიმწოდებელ ჩინურ კომპანიებში.
ასევე იხილეთ: რატომ ძვირდება ტექნიკა ყოველდღიურად — ნახევარგამტარების დეფიციტის სათავეებთან
პროდუქტები, რომელთაც ბარიერი შეეხება
Counterpoint Research-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ბრედი ვანგის ცნობით, ბარიერი მოიცავს მაღალგანვითარებულ კომპიუტერულ ჩიპებს, როგორებიცაა NVIDIA-ს A100/H100 და Intel-ის გრაფიკული პროცესორები (Ponte Vecchio). წესები, რომლებიც მოქმედებაში დაუყოვნებლივ შევა, დაფუძნებულია მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გაგზავნილ იმ მითითებებზე, რომელიც ისეთმა წამყვანმა მწარმოებლებმა მიიღეს, როგორებიც KLA, Lam Research და Applied Materials არიან.
აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის განცხადებით, ექსპორტის კონტროლი შეუზღუდავს ჩინეთს თანამედროევე კომპიუტერულ ჩიპებზე წვდომას, შესაბამისად, სუპერკომპიუტერების შექმნისა და განვითარებული ნახევარგამტარების წარმოების შესაძლებლობას.
რამდენად მნიშვნელოვანია დაწესებული შეზღუდვები?
ანალიტიკოსი ბილ ბიშოპის აზრით, მიღებული გადაწყვეტილება აშშ-სა და ჩინეთს მიმდინარე სავაჭრო და გეოპოლიტიკურ დაძაბულობაში "მასობრივი ესკალაციაა".
"ჩვენ ჯერ ისევ ვცდილობთ აღვიქვათ ახალი რეგულაციების გავლენა და ჩემი აზრით, ბევრი საკმარისად ვერ აფასებს, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება მათი ზემოქმედება ტექნოლოგიური მიწოდების ჯაჭვზე, მომავალი განვითარებასა და, რაც ყველაზე მთავარია, აშშ-ჩინეთის ურთიერთობებზე", – აღნიშნა ბიშოპმა
საერთაშორისო კვლევითმა ფირმა GlobalData-მ შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას "მსოფლიო ეკონომიკის ლიდერობის სურვილით განპირობებული" უწოდა.
"საუბარია ხელოვნურ ინტელექტზე დომინაციაზე, რასაც ბევრი მეხუთე ინდუსტრიული რევოლუციის საფუძვლად მოიაზრებს და, საერთო ჯამში, გლობალური ეკონომიკის ლიდერობაზე მომავალი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში", — განაცხადა კომპანიის თემატური კვლევის მიმართულების დირექტორმა ჯოზეფ ბორიმ
მიუხედავად იმისა, რომ ნახევარგამტარების მსხვილ აზიურ მწარმოებლებს (TSMC, SK Hynix, Samsung) შეზღუდვებზე მოსარგებად ერთი წელი ჯერ კიდევ აქვთ, უსაფრთხოდ არც ისინი არიან. S&P Global Ratings-ის ანალიზის მიხედვით, მათ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ შემდეგი 12 თვის განმავლობაში დარტყმას გაუძლონ, თუმცა უფრო შორეულ პერსპექტივაში ნეგატიური შედეგები შესამჩნევი იქნება.
შეუძლია თუ არა ჩინეთს დეფიციტის ადგილობრივი წარმოებით დაკმაყოფილება?
ჩინეთი მსოფლიოში წარმოებული ნახევარგამტარების 3/4-ზე მეტს იყენებს, თუმცა თავად მსოფლიო რაოდენობის მხოლოდ 15%-ს აწარმოებს.
ექსპერტების აზრით, ჩინელი მწარმოებლები ოკეანის მიღმა მყოფ კოლეგებს 4-5 წლით ჩამორჩებიან, რაც მათ მოკლე ვადაში შეუფერებელ ჩამნაცვლებლებად აქცევს.
Boston Consulting Group-მა 2021 წელს ივარაუდა, რომ ქვეყანას მინიმუმ 1 ტრილიონი დოლარის ინვესტიცია დასჭირდებოდა, რათა სრულად თვითკმარი ადგილობრივი ჩიპების საწარმოო ჯაჭვი შეექმნა.
ახალმა შეზღუდვებმა, შესაძლოა, უბიძგოს ჩინელ მწარმოებლებს, რომ ინოვაციები ეძიონ და მოძველებული ტექნიკით, რომელთაც სანქციები არ შეეხება, განვითარებული ტექნოლოგიები აწარმოონ.
აშშ-ის სანქციები ჩინეთის ნახევარგამტართა ინდუსტრიასა და ტექნოლოგიურ განვითარებას საგრძნობლად შეანელებს ისეთ სფეროებში, როგორებიც ხელოვნული ინტელექტი და სუპერკომპიუტერებია.
ჩინეთის რეაქცია შეზღუდვებზე და სავარაუდო მომავალი
ჩინეთის ნახევარგამტარების ინდუსტრიის ასოციაცია იმედოვნებს, რომ აშშ-ის მთავრობა გადახედავს თავის გადაწყვეტილებას და დაუბრუნდება საერთაშორისო სავაჭრო მოლაპარაკებების პროცესს.
ტექნოლოგიური დამოუკიდებლობა სი ძინფინგის პრიორიტეტი გასულ დეკადაშიც იყო, თუმცა ეს მიზანი დღემდე არ არის მიღწეული. ექსპერტების აზრით, პეკინს აქვს იმის შესაძლებლობა და გზები, რომ ვაშინტონი მოლაპარაკებების მაგიდასთან დააბრუნოს, შეიძლება ამის ერთ-ერთი საშუალება საწარმოოდ მნიშვნელოვანი იშვიათი ლითონები იყოს, რომელიც ჩინეთში მოიპოვება.
ორ ეკონომიკურ გიგანტს შორის მსგავსი სავაჭრო დაპირისპირება გლობალურ სურათს დადებითისკენ ნამდვილად არ ცვლის. სინგაპურის პრემიერ-მინისტრმა ავსტრალიაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ჩინეთს შორის არსებულ დაძაბულობას ნაკლებად სტაბილური მსოფლიოსკენ მივყავართ და, იმედია, ბოლო ქმედებებსა და მის შედეგებზე ბაიდენის ადმინისტრაციამ კარგად იფიქრა.
ჩინეთის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე "უცხოელ მტრებზე" ხშირად საუბრობს, რიტორიკა დაახლოებით ანალოგიურია აშშ-ის შემთხვევაშიც, თუმცა მხარეები საბოლოო შეთანხმებამდე მაინც ყოველთვის მიდიან. შესაძლოა, ეს ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა, ან არც არის...
კომენტარები