მეცნიერებმა ადამიანის სისხლის ჯგუფთა ახალი სისტემა აღმოაჩინეს
მეცნიერთა გუნდმა ადამიანის სისხლის ჯგუფთა ახალი სისტემა აღმოაჩინა, რომელსაც Er სისტემას უწოდებენ. ეს მიგნება ინფორმაციას გვაწვდის, რამ გამოიწვია 3 დეკადაზე მეტი ხნის წინ 2 ქალის მიერ ნაყოფის დაკარგვის ტრაგიკული შემთხვევები.
ბრისტოლის უნივერსიტეტში მომუშავე სპეციალისტებმა ერთ-ერთი ქალის სისხლის ნიმუში სხვებისას შეადარეს და შეისწავლეს ანტიგენები, მოლეკულები, რომლებიც სისხლის წითელი უჯრედების ზედაპირზე გვხვდება და იმუნური სისტემის გააქტიურება შეუძლია. ისინი აქამდე ცნობილ ჯგუფებში არ ერთიანდებოდა, შესაბამისად, მკვლევრებმა სისხლის ჯგუფების ახალი, 44-ე სისტემის არსებობა დაადასტურეს, რომელიც Piezo1-ის სახელით ცნობილ ცილას უკავშირდება.
მეცნიერებმა ზოგიერთი ანტიგენის (Era, Erb და Er3) წარმომავლობა დაადგინეს და 2 ახალ ანტიგენს, Er4-სა და Er5-ს, მიაკვლიეს. ისინი ძალიან იშვიათია და ახალშობილებსა თუ ჩანასახებში ჰემოლიზურ დაავადებებთან ასოცირდება, როცა დედის იმუნური სისტემა ნაყოფს უტევს.
გუნდმა Er სისხლის ჯგუფის მქონე ინდივიდებში Piezo1-სთან დაკავშირებული სხვადასხვა გენის მუტაციის ვარიაცია აღმოაჩინა. კერძოდ, ზოგი ადამიანის ორგანიზმში ეს ცილა სხვანაირი ამინომჟავებისგანაა შედგენილი, ამიტომ იმუნური სისტემა სისხლის ასეთ უჯრედებს უცხო სხეულებად აღიქვამს.
ეს შესაძლოა, ორსულ ქალებსა და ნაყოფზე სისხლის შეუთავსებლობის გავლენის უკეთ გააზრებაში დაგვეხმაროს და მუცლად მყოფი ბავშვების გადარჩენაში დაგვეხმაროს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Blood გამოქვეყნდა.
კომენტარები