ილონ მასკს Twitter-ის შეძენა ისევ უნდა — რის დამალვას ცდილობს მილიარდერი
Bloomberg-ის მიხედვით, ილონ მასკმა ტვიტერს თავიდან გაუგზავნა წერილი და შესთავაზა, რომ თავდაპირველი შეთანხმებით შეიძინოს პლატფორმა — თითო აქციაში $54.20. ინფორმაციას The Wall Street Journal და Washington Post-იც ადასტურებენ. ის შეთანხმებიდან გასვლას თვეების განმავლობაში ცდილობდა.
Bloomberg-ის სტატის გამოქვეყნების შემდეგ ტვიტერის აქციების ფასი ძალიან სწრაფად გაიზარდა, რის გამოც აქციებით ვაჭრობა სამშაბათს, დღის მეორე ნახევარში შეჩერდა. სტატიის დაწერის მომენტისთვის აქციების ფასი $49.85-მდე იყო. ახლა აქციები $47.93-ის სტაბილურ ნიშნულზეა. ტვიტერს მაშინვე არ უპასუხია ამ შემოთავაზებაზე — არ დაუზუსტებია, დათანხმდება თუ არა.
შეგახსენებთ, რომ Tesla-ს CEO $44 მილიარდად შეფასებული პლატფორმის ყიდვის პროცესის გაწყვეტას შეთანხმების დადების პირველივე დღიდან ცდილობს. მასკი სულ იმეორებს, რომ პლატფორმაზე მყოფი უამრავი ბოტი და საკუთრივ Twitter-ის მენეჯმენტი არღვევს ყიდვის კონტრაქტს. ამის საპასუხოდ ტვიტერმა მასკს დელავერის სასამართლოში უჩივლა. სავარაუდოდ, მასკის ეს უკანასკნელი წერილი ტვიტერის ამ საქმეს შეაჩერებს.
მასკს ჩვენება სამშაბათს და პარასკევს უნდა მიეცა, მაგრამ პროცესი გადადეს. თუ ტვიტერთან შეთანხმება შედგება, მაშინ მილიარდერს დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა ჩვენებისას აღარ დასჭირდება. აღსანიშნავია, რომ პარასკევს მასკისა და მისი მდიდარი მეგობრების მიმოწერებიც გავრცელდა.
გუშინ დელავერის სასამართლომ ტვიტერს იმის უფლებაც მისცა, რომ ეკვლია, ჰქონდა თუ არა მასკს ყიდვაზე უარის თქმამდე რაიმე ტიპის კავშირი პიტერ ზატკოსთან, ტვიტერის უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელთან. ზატკო უარყოფს რაიმენაირ მიმოწერას, თუმცა მილიარდერის ადვოკატმა მაისში ProtonMail-ით მიიღო ელ. ფოსტა, რომელსაც ეწერა "ტვიტერის ყოფილი თანამშრომელი" და რომელიც სთავაზობდა მნიშვნელოვან ინფორმაციას. ზუსტად ამიტომ მომსამართლემ ტვიტერს ნება დართო მასკისა და მისი კომპანიის მეილები შეამოწმოს.
თუ სასამართლო პროცესი გაგრძელდება, უფრო მეტი რამ გამჟღავნდება. შესაძლოა, ზუსტად ამ ყველაფრის დაფარვის მიზნით სურს მასკს პროცესის შეჩერება და ისევ მზადაა, ტვიტერი იყიდოს.
კომენტარები