შესაძლებელია არასასურველი აზრების თავიდან ამოყრა? — რა ვიცით
დაშორების შემდეგ, როგორც წესი, თავს კარგად გრძნობენ ხოლმე მანამ, სანამ კონკრეტული ქუჩის კუთხეს არ ჩაუვლიან ან საყვარელ რომანტიკულ სიმღერას არ მოუსმენენ. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად გინდათ ადამიანზე ფიქრების შეწყვეტა, რადგან ყველაფერი მაინც მას გახსენებთ. მაშ, შესაძლებელია თუ არა, თავიდან ამოვიგდოთ არასასურველი ფიქრები?
მოკლე პასუხია: შესაძლებელია. მაგრამ მიზანშეწონილია თუ არა ამის გაკეთება გრძელვადიან პერსპექტივაში, სხვა საკითხია.
"ადამიანების აზრები გაცილებით ნაკლებად ფოკუსირებულია და ბევრად ნაკლები კონტროლის ქვეშაა, ვიდრე ადამიანების უმეტესობას წარმოუდგენია", — თქვა ჯოშუა მეგიმ, კლინიკურმა ფსიქოლოგმა და Wellness Path Therapy-ის დამფუძნებელმა, რომელმაც ჩაატარა კვლევა ფსიქიკური აშლილობის თანმდევ არასასურველ ფიქრებზე, გამოსახულებებსა და სურვილებზე.
ერთ ცნობილ კვლევაში, რომელიც 1996 წელს ჟურნალ Cognitive interference: Theories, methods, and findings-ში გამოქვეყნდა, მონაწილეები თვალს ადევნებდნენ თავიანთ ყველა აზრს ერთი დღის განმავლობაში. საშუალოდ, ადამიანებმა დააფიქსირეს 4000-ზე მეტი ინდივიდუალური აზრი, რომლებიც წარმავალი იყო და თითო 5 წამზე მეტხანს არ გრძელდებოდა.
"აზრები გამუდმებით მიმოედინება და ბევრი ჩვენგანი ამას ვერ ამჩნევს", — თქვა მეგიმ. 1996 წლის კვლევაში აზრების ერთი მესამედი, თითქოს, სრულიად არსაიდან გაჩნდა. ნორმალურია ისეთი აზრების განცდა, რომლებიც შემაშფოთებელია, — დასძინა მეგიმ. 1987 წელს კლინგერისა და კოლეგების მიერ ჩატარებულ კვლევაში, ადამიანები აღიქვამდნენ თავიანთი აზრების 22%-ს უცნაურად, მიუღებლად ან არასწორად.
რა თქმა უნდა, არსებობს სიტუაციები, როცა უმჯობესია ამგვარი აზრების თავიდან ამოგდება. მაგალითად, სამსახურის გასაუბრებაზე, უმჯობესია, თუ არ იფიქრებთ ჩაფლავებაზე და სხვ. არსებობს მტკიცებულება, რომ ამგვარი აზრების მოშორება შესაძლებელია.
2022 წელს ჟურნალ PLOS Computational Biology-ში გამოქვეყნებულ კვლევაში, ისრაელის მკვლევართა ჯგუფმა 80 მოხალისეს აჩვენა სლაიდების სერია, რომლებიც წარმოაჩენდა სხვადასხვა არსებით სახელს. თითოეული არსებითი სახელი მეორდებოდა ხუთ სხვადასხვა სლაიდზე. როდესაც ათვალიერებდნენ სლაიდებს, მონაწილეებმა ჩაწერეს სიტყვა, რომელსაც უკავშირებდნენ თითოეულ არსებით სახელს, მაგალითად: "გზა" სიტყვა "მანქანის" საპასუხოდ. მკვლევრებმა ერთ ჯგუფს უთხრეს, რომ ისინი არ მიიღებდნენ ფულს იმ სიტყვებისთვის, რომლებსაც იმეორებდნენ. სხვა ჯგუფს კი შეეძლო გაემეორებინა იმდენი არსებითი სახელი, რამდენიც მოესურვებოდა. ამ მეთოდით, მკვლევრებმა სცადეს, გაეკეთებინათ სიმულაცია იმისა, თუ რა ხდება, როცა ვინმე რადიოში სასიყვარულო სიმღერას ისმენს და მთელი გულმოდგინეობით ცდილობს, თავის ყოფილ შეყვარებულზე არ იფიქროს.
შედეგებმა აჩვენა, რომ როდესაც მონაწილეებმა მეორედ დაინახეს თითოეული არსებითი სახელი, მათ საკონტროლო ჯგუფზე მეტი დრო დასჭირდათ, რათა შეექმნათ ახალი ასოციაცია — მაგალითად, "საბურავი" და არა "გზა" — რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათი პირველი პასუხი გონებაში გაჩნდა მანამ, სანამ შეცვლას მოასწრებდნენ. მათი პასუხები განსაკუთრებით დაგვიანებული იყო იმ სიტყვებზე, რომლებიც პირველად შეაფასეს, როგორც "ძლიერ ასოცირებული" საკვანძო სიტყვასთან. თუმცა მონაწილეები უფრო ჩქარობდნენ ყოველ ჯერზე ერთი და იმავე სლაიდის ნახვისას, რაც მიუთითებდა, რომ მათი ასოციაცია საკვანძო სიტყვასა და მათ პირველ პასუხს შორის — აზრი, რომლის თავიდან აცილებასაც ცდილობდნენ — სუსტდებოდა.
"ჩვენ ვერ ვიპოვეთ მტკიცებულება იმისა, რომ ადამიანებს შეუძლიათ სრულიად აირიდონ არასასურველი აზრები", — განუცხადა Live Science-ს კვლევის წამყვანმა ავტორმა ისააკ ფრადკინმა, რომელმაც კვლევა ჩაატარა როგორც ფსიქოლოგმა იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში. "მაგრამ შედეგებით ვვარაუდობთ, რომ პრაქტიკას შეუძლია დაეხმაროს ადამიანებს, უკეთ აირიდონ კონკრეტული აზრები", — დასძინა ფრადკინმა, რომელიც ახლა არის მაქს პლანკის უნივერსიტეტის ლონდონის კოლეჯის ცენტრის კომპიუტერული ფსიქიატრიისა და დაბერების მკვლევარი.
თუმცა, Medical News Today-ის მიხედვით, ყველა არ ეთანხმება იმ შეხედულებას, რომ შემთხვევითი სიტყვების ჩვენება კარგი საშუალებაა იმის გასარკვევად, თუ როგორ თრგუნავენ ადამიანები ემოციებით დატვირთულ აზრებს. სხვა კვლევები კი ვარაუდობენ, რომ აზრების თავიდან არიდებამ, შესაძლოა, პირიქით, უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს.
"როდესაც აზრს ვთრგუნავთ, ტვინს ვუგზავნით შეტყობინებას", — თქვა მეგიმ. ეს ძალისხმევა ამ აზრს აქცევს რაღაცად, რაც საშიშია. "არსებითად, ჩვენ ვაძლიერებთ ამგვარ აზრებს მათი კონტროლის მცდელობით."
2020 წელს, 31 სხვადასხვა კვლევაზე ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ აზრების ჩახშობა მოკლევადიან პერიოდში მუშაობს, თუმცა გრძელვადიან პერიოდში პირიქით — უფრო ახშირებს არასასურველი აზრების რაოდენობას. კვლევა ჟურნალ Perspectives on Psychological Science-ში გამოქვეყნდა.
ფრედკინის აზრით, სჯობს, უბრალოდ დაველოდოთ არასასურველი აზრების გაქრობას და არ ვეცადოთ მათი თავიდან მოშორება. "ჩვენ შეგვიძლია, რომ ეს აზრები მხოლოდ ჩვენს გონებაში დავტოვოთ, არ ჩავებღაუჭოთ მათ და არ ვეცადოთ მათთან ბრძოლას."
აქედან გამომდინარე, თუკი არასასურველი აზრები ხშირად გაწუხებთ, შეგიძლიათ ორ სტრატეგიას მიმართოთ: პირველი — მაქსიმალურად ეცადოთ, აზრები დაუყოვნებლივ ამოიგდოთ თავიდან, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მათ რაოდენობას, სავარაუდოდ, გაზრდის; ან მეორე — მისცეთ აზრებს თავისუფლად მოძრაობის საშუალება, რაც, სავარაუდოდ, ბუნებრივად გამოდევნის მათ თქვენი გონებიდან.
კომენტარები