იდუმალი რადიოსიგნალები კოსმოსის სიღრმიდან გახშირდა — რასთან გვაქვს საქმე
2 თვის განმავლობაში დედამიწის მიმართულებით 1800 რადიოიმპულსი წამოვიდა.
მეცნიერების მიხედვით, განმეორებადი სწრაფი რადიოიმპულსების (FRB) წყაროდან, რომელიც გასულ წელს აღმოაჩინეს, 2 თვის განმავლობაში ჩვენი მიმართულებით 1800 იმპულსი წამოვიდა. იმპულსების ჰიპერაქტიულმა ბუნებამ მკვლევრებს საშუალება მისცა, ზუსტად დაედგინათ მისი მასპინძელი გალაქტიკა და წყარო.
ობიექტი სახელწოდებით FRB 20201124A დაფიქსირდა ჩინეთში 500-მეტრიანი სფერული რადიოტელესკოპის (FAST) გამოყენებით. ეს აღწერილია ნაშრომში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ასტრონომი ხენგ სიუ, ჩინეთის პეკინის უნივერსიტეტიდან.
ასევე იხილეთ: დაფიქსირდა შორეული კოსმოსიდან მომავალი უცნაური რადიოსიგნალი, რომელიც გულისცემას წააგავს
სწრაფი რადიოიმპულსები, იგივე FRB, იდუმალი კოსმოსური ფენომენია. მაღალი ინტენსივობის ემისიები, როგორც წესი, გრძელდება მხოლოდ წამის გარკვეულ მონაკვეთში და მათი წარმოშობა ბოლო დრომდე უცნობი იყო. მეცნიერებმა რამდენიმე ათასი FRB დაიჭირეს მას შემდეგ, რაც პირველი აღმოაჩინეს 2007 წელს.
ყველა FRB უჩვეულოა, მაგრამ ახლად აღმოჩენილი განსაკუთრებით უცნაური იყო. ორი თვის განმავლობაში 82 საათზე დიდხანს დაკვირვების შემდეგ, Nature-ში გამოქვეყნებული ნაშრომის თანახმად, FAST-მა აღმოაჩინა 1863 რადიოიმპულსი.
"მისი პოლარიზაცია და სიგნალის სიძლიერე მკვეთრად იცვლებოდა, რაც მას აქცევს პირველ FRB-იდ, რომელმაც აჩვენა ამ სახის ვარიაციები მის ტალღებში", — განუცხადა Inverse-ს კვლევის ავტორმა ფაინ ვანგმა ნანკინის უნივერსიტეტიდან.
აქამდე აღმოჩენილი თითქმის ყველა FRB მოვიდა ძალიან შორიდან, რაც ართულებს მათი წარმოშობის გარკვევას. ამასთანავე, მათგან მხოლოდ რამდენიმემ გამოავლინა პროგნოზირებადი ხასიათი, ამიტომ მათი შესწავლა რთულია.
ითვლება, რომ სიგნალები მოდის კოსმოსის სიღრმეში უზარმაზარი აფეთქებებიდან, რომლებიც ქრება წამზე ნაკლებ დროში.
ჯერჯერობით მტკიცებულება მიუთითებს, რომ იმპულსების წყარო არის მაგნეტარი — ნეიტრონული ვარსკვლავი ძლიერი მაგნიტური ველით. თუმცა, დროთა განმავლობაში მისი პოლარიზაციის ცვლილების გამო, ვარაუდობენ, რომ სიგნალების გავრცელებას, შესაძლოა, სხვა ობიექტიც უწყობდეს ხელს.
კომენტარები