Instagram Reels-ებზე ცვლილებებია — პლატფორმა TikTok-ს სულ უფრო ემსგავსება
16 აგვისტოს კომპანია Meta-მ სოციალურ ქსელ Facebook-ზე ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ამ პლატფორმასა და Instagram-ზე Reels-ების ახალ ფუნქციებს ეხება.
პირველი სიახლე "Add Yours" სტიკერია, რომელსაც მომხმარებლები Facebook-ზეც გამოიყენებენ და Instagram-ზეც, სადაც ის სთორებში გასულ წელს ჩაეშვა. მისი მეშვეობით Reels-ებზე ერთგვარი "ტრენდი" შეიქმნება, რომელიც მრავალ კრეატორს გააერთიანებს.
მომხმარებლებს ამიერიდან Facebook Reels-ების დახმარებით თანხის გამომუშავების მეტი შანსიც ექნებათ. საქმე იმაშია, რომ მას "Stars" ფუნქცია ემატება, ანუ ვირტუალური საჩუქრები, რომლებსაც გამომწერებისგან ვიდეოებისთვის მიიღებენ.
ასევე, Reels-ებს უკვე პლატფორმათა შორის, კერძოდ, Instagram-დან Facebook-ზეც დაპოსტავთ, როგორც აქამდე სთორების შემთხვევაში იყო შესაძლებელი. სოციალურ ქსელში ძველად გაზიარებული სთორებისგან ავტომატურად შეიქმნება Reels ჩამონათვალი, ხოლო Creator Studio-ში იხილავთ, რამდენად ნახვადია ვიდეო.
აღსანიშნავია, რომ Instagram ამგვარი ცვლილებებით სულ უფრო მეტად ემსგავსება TikTok-ს, რომელიც მისი მთავარი კონკურენტია. ამის მიუხედავად, მომხმარებლები ზოგიერთი ცვლილებით უკმაყოფილონი არიან, რამაც კომპანიას საცდელი სიახლეების ნაწილის გაუქმებაც კი აიძულა.
კომენტარები